ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბატონი პაველ ჰერჩინსკი და კიდევ რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად, არამედ წევრებად.
„ცრუ, დესტრუქციული და ბინძური ილუზიისა და აღქმის დათესვა ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი და ძალიან ხმაურიანი - ზუსტად იგივე სიტყვების ფორმულირება რამდენიმე თვის წინ გვახსოვს ჩვენ მისგან და სრულიად აცდენილი იმ რეალობას, რაც არის და პირდაპირი მნიშვნელობით პოლიტიკური, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განცხადებაა. მეტს ვერაფერს დავარქმევ.
სამწუხაროდ, ბატონი ჰერჩინსკი და კიდევ რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად ქვეყანაში, არამედ წევრებად. პირდაპირ აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. ეს უკვე ჩვევაში გადაუვიდათ და ამას საზოგადოება კარგად ხედავს“, - განაცხადა კირცხალიამ.
ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით მმართველ გუნდში საქართველოს შიდა საქმეებში მორიგ ჩარევად აფასებენ. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ელჩის განცხადება, არასწორი და დესტრუქციული აღქმის ჩამოყალიბების მორიგი მცდელობაა.