ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი მეუღლის კომპანიასთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (ERR) ინტერვიუში კალასმა რუსეთში იმ საქონელთან მუშაობას, რომელიც სანქციების ქვეშ არ არის, მორალური კომპასის საკითხი უწოდა.
"მე არ ვაპირებ გადადგომას. როგორც პრემიერ-მინისტრი, ვიყავი და ვიქნები უკრაინისა და ესტონეთის თავისუფლების მხარდამჭერი", - აღნიშნა კაია კალასმა.
მან ასევე განაცხადა, რომ თუ ზოგიერთი კომპანია არღვევს სანქციებს, უნდა დადგეს სასჯელი, ხოლო რუსეთში კლიენტებთან თანამშრომლობა, რომელიც არ არის აკრძალული, მორალური კომპასის საკითხია.
"სანქცირებული საქონლისთვის სასჯელი უნდა იყოს, დანარჩენი - მორალური კომპასის საკითხია", - აღნიშნა მან.
ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (ERR) მიმდინარე კვირაში ინფორმაცია გაავრცელა, რომ კომპანია Stark Logistics-ი, რომელშიც კალასის მეუღლე ირიბად ფლობს 25%-იან წილს, რუსეთში აეროზოლური კონტეინერების ქარხანას ამარაგებს, რომელიც ეკუთვნის სხვა ესტონურ კომპანიას.
გავრცელებული ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ქარხნის მომსახურებით კომპანიამ 1.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა პრემიერ მინისტრს მოუწოდა, დეტალური განმარტება გააკეთოს.