[ეკა ბაქრაძე]
სადაზღვევო სისტემიდან მხოლოდ უსიამოვნო ინფორმაციები მოჟონავს. ამას სააკაშვილიც გრძნობს და კონტროლის პალატაც. პალატას სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით პირველადი დასკვნა მზად რამდენიმე დღეში ექნება.
ერთი მხრივ პრობლემაა ის, რომ პედაგოგების გარკვეულ ნაწილთან სადაზღვევო კომპანიებს კონტრაქტები ჯერ არ გაუფორმებიათ. ამის გამო პედაგოგები ეჭვობენ, რომ იანვარში, თუ მათ რაიმე სახის სამედიცინო მომსახურება დასჭირდათ, სახელმწიფო არ აუნაზღაურებს.
რაიონებში კონკურსის საფუძველზე გამოვლენილ სადაზღვევო კომპანიას უნდა მიმართონ. საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ ბენეფიციარებს 10 კომპანია მოემსახურება.
რაიონების მიხედვით სადაზღვევო კომპანიები შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: „ალფა“: თბილისი, გორი, კასპი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური (დაზღვეულთა 21,8%).
„იმედი ელი“: თელავი, ახმეტა, ყვარელი, შუახევი, ქედა, ხულო, ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, ჩაქვი, ახალქალაქი, ნინოწმინდა (16,3%).
„აისი ჯგუფი“: მესტია, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხაშური, ქარელი, ბოლნისი, დმანისი, ცაგერი, ლენტეხი, ამბროლაური, ონი (15,5%).
„ჯიპიაი ჰოლდინგი“: ყაზბეგი, მცხეთა, ახალგორი, დუშეთი, თიანეთი, საგარეჯო, გურჯაანი, სამტრედია, ხონი, ბაღდათი, ვანი (13,5%).
„ირაო“: ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა, თეთრიწყარო, წალკა, მარნეული, გარდაბანი, რუსთავი (11,5%).
„ალდაგი ბისიაი“: ქუთაისი, წყალტუბო, ტყიბული, თერჯოლა, ფოთი, ხობი (9,6%). „ვესტი“: სენაკი, აბაშა, მარტვილი (4,7%).
„არქიმედეს გლობალ ჯორჯია“: ლაგოდეხი, წნორი, დედოფლისწყარო (3,5%).
„სამცხე 2010“: ახალციხე, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი (2,3%).
„ქართუ“: საჩხერე (1,3%).
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შარშან ცნობილი იყო რომელ რაიონში მცხოვრებ პედაგოგს რომელი სადაზღვევო კომპანია დააზღვევდა, პედაგოგებისთვის ხელშეკრულებების გაფორმება მაინც დაგვიანდა. ყოველ შემხვევაში, ისინი აცხადებენ, რომ მათთან კონტრაქტი კომპანიებს ჯერჯერობით არ გაუფორმებიათ.
მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ თავაძე კონტრაქტების გაფორმების დაგვიანებას ბაზებს უკავშირებს, თუმცა აცხადებს, რომ ყველა პედაგოგი, ვინც ამჟამად პედაგოგიურ საქმიანობას აგრძელებს, სადაზღევო სარგებელს აუცილებლად მიიღეს.
„სადაზღვევო კომპანიებსა და პედაგოგებს შორის კონტრაქტის გაფორმების დროში გაწელვა, სავარაუდოდ, ბაზების დაზუსტებას უკავშირდება. წესით, ამ დროისათვის ეს კონტრაქტები ყველას უკვე გაფორმებული უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება სარგებელს, ნებისმიერი პედაგოგი, რომელიც ბაზაშია რეგისტრირებული და მას სჭირდება სამედიცინო მომსახურება, ოპერაცია იქნება ის თუ ამბულატორული მომსახურება, მან ეს უნდა მიიღოს. მათთვის უარის თქმის უფლება არავის არ აქვს. თუ ვინმეს პრობლემები შეექმნება, მოგვამრთოს და ჩვენი სამსახური მათ დაეხმარება“, - განაცხადა ცერცვაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 1-ლი იანვრიდან ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით დამატებით 72 338 მოქალაქე ისარგებლებს. ესენი არიან საჯარო სკოლების მასწავლებლები და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალი; პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი იმ საჯარო სკოლის აღმზრდელები, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება; აფხაზეთში, გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები.
სადაზღვევო კომპანიებს თავის სამსაათიან გამოსვლაში კბილი საქართველოს პრეზიდენტმაც გაკრა. მისი აზრით, საქართველოში სადაზღვევო კომპანიების მოგების მარჟა დაუშვებლად მაღალია და ამ მიმართულებით რეგულაციებია აუცილებელი.
„მთავრობამ მილიონი ადამიანის დაზღვევა უზრუნველყო და მომდევნო 2-3 წელიწადში სადაზღვევო მომსახურების გაიაფებას ელოდება“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
სადაზღვევო სექტორის მაღალ მოგებებზე განცხადებები დაახლოებით ერთი თვის წინათ კონტროლის პალატამ გააკეთა. პალატის ხელძღვანელთა აზრით, სახელმწიფო პროგრამებიდან მოგებულები მხოლოდ სადაზღვევო კომპანიები რჩებიან. მიმდინარე წელს ეს სფერო მთავარი მაკონტროლებლის შემოწმებებს დაექვემდებარება.
კონტროლის პალატას სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით პირველადი დასკვნა თვის ბოლოს ექნება მზად, პალატის წარმომადგენელი ლევან ალაფიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მაკონტროლებელი არა მხოლოდ მოგების მაღალ მარჟას, არამედ დაზღვევის ხარისხსა და ხელმისაწვდომობასაც იკვლევს.
მისივე თქმით, კონტროლის პალატა პირდაპირ ვერ ჩაერევა კომპანიების ზოგად მოგების მარჟაში, რადგანაც სადაზღვევო ფინანსური ინსტიტუტია და მას მოგების მიღება სურს, თუმცა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში თითოეული დეტალი გაკონტროლდება და განისაზღვრება რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ კომპანიები საკუთარ მოვალეობას და ოპტიმალურია თუ არა დაწესებული ტარიფები.