აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ევგენი პრიგოჟინი ტვერის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
"მე არ ვაპირებ დეტალებში შესვლას იმის თაობაზე, თუ როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ, ჩვენი თავდაპირველი შეფასება, სხვადასხვა ფაქტორზე დაყრდნობით, არის ის, რომ ის სავარაუდოდ დაიღუპა", - აღნიშნა პენტაგონის სპიკერმა.
რაიდერმა ასევე განაცხადა, რომ პენტაგონს ამჟამად არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი მიწა-ჰაერი კლასის რაკეტით ჩამოაგდეს.
მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ერთ-ერთ ვერსიად განიხილავენ, რომ თვითმფრინავი, რომელშიც ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა, რუსეთის ტერიტორიიდან რაკეტით ჩამოაგდეს. ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ინფორმაცია ჯერ კიდევ წინასწარია და განხილვის პროცესშია და არ გამორიცხავენ შეფასების შეცვლას.
23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, რეისზე დარეგისტრირებული მგზავრების სიაში იყვნენ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, მისი მარჯვენა ხელი დმიტრი უტკინი და დაჯგუფების სხვა მეთაურები.