გოგა ხაინდრავა: „გახელაძე არის თაღლითი“

გოგა ხაინდრავა: „გახელაძე არის თაღლითი“

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2013 წლისთვის განსასზღვრული ბიუჯეტი დახარჯა და დარჩენილ კვარტალში ფინანსური პრობლემები აქვს. ის ამბობს, რომ სამეურვეო საბჭომ არაკვალიფიციური სამაუწყებლო ბადე მიიღო. საკითხი კი ასე დგას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის მენეჯმენტი, დამატებით, ფულის სესხებას ითხოვს. მათ ის ბიუჯეტი დახარჯეს, რაც 2013 წლისთვის იყო განსაზღვრული და დარჩენილ კვარტალში, ეტყობა, სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ.

როგორც ზვიად ქორიძე აცხადებს, ამის მონიტორინგს ისინი უახლოეს მომავალში განახორციელებენ და შესაბამისად ცნობილი გახდება, დაახლოებით, რა რაოდენობის თანხა აკლდება საზოგადოებრივ მაუწყებელს.

„როგორც ვიცი, საუბარია დაახლოებით, 4 მილიონ ლარზე, რომელიც ტელევიზიამ უნდა ისესხოს და ვფიქრობ, რომ სამეურვეო საბჭომ ეს პასუხისმგებლობა ახლა არ უნდა აიღოს, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც მას 2014 წლის დასაწყისში უფლებამოსილების ვადა გასდის“, - განაცხადა ზივიად ქორიძემ. 

ორგანიზაცია „სამოქალაქო სოლიდარობის“ წევრები, რომლებიც პარასკევს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, საბჭოს სხდომას არ დაასწრეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგუაძის განცხადებით გამონაკლისი ვერავისთვის დაიშვება და, შესაბამისად, სხდომას მხოლოდ საბჭოს წევრები და მენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამ განცხადებას დაპირისპირება მოჰყვა აქციის მონაწილეებსა და სამეურნეო საბჭოს წევრებს შორის.

ადგილზე მობლიზებილი იყო საპატრულო პოლიცია, გარდა ამისა საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა ტელევიზიის შიგნით, სწორედ იმ სართულზე სადაც სხდომა უნდა ჩატარებულიყო. როგორც ირაკლი კაკაბაძემ მაუწყებლის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართველი ხალხისგან იმსახურებს ფუნას. მას აქციის მონაწილეებმა მიუტანეს რამდენიმე ცელოფანში გახვეული ფუნა. თავდაპირველად კაკაბაძეს სამართალდამცავები ტელევიზიის შენობასთან ახლოს არ უშვებდნენ, რის გამოც მან ფუნა ტელევიზიას შორიდან ესროლა.

საბოლოოდ ირაკლი კაკაბაძემ მაინც მოახერხა და ფუნა ტელევიზიის შენობის წინ დააგდო. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ ის ბრძოლას გააგრძელებს. ირაკლი კაკაბაძემ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.

„ცხადდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. ყველაფერი მოხდება კანონის ფარგლებში. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი „ქართველი ხალხისგან იმსახურებს ფუნას“, - აცხადებს ირაკლი კაკაბაძე.

საქართველოს პარლამენტს0 ბორდის სასწრაფოდ დათხოვნისკენ მოუწოდებს რადიო „უცნობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბასა ჯანიკაშვილი, რომლის შეფასებით, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩიხშია შეყვანილი და ტელევიზია ტელევიზიას არ ჰგავს.

„საზოგადოებრივი მაუწყებელის ბორდი პოლიტიკურად მოტივირებულია. იქ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასაქმებული ადამიანები. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბორდის მიერ არხის გენერალური დირექტორის გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მაშინ, როცა ბორდში 15 ადამიანია და დირექტორის გადაყენების საკითხს ცხრა წყვეტს, ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა“, - აცხადებს ბასა ჯანიკაშვილი.

ექსპერტი კახი კახიშვილი თვლის, რომ ბორდი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებით და კარნახით მოქმედებს.

„თუ ბორდის დაკომპლექტების ანატომიას დავაკვირდებით, გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოებრივ არხზე მაინც და მაინც სხვა ვინმე ვერ მოხვდებოდა, თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ რეკომენდაციით. აქედან გამომდინარე, პირდაპირ იკვეთება, რომ ეს ადამიანები თავის დროზე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან იყვნენ დანიშნულები.

დღეს, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელში ასეთი ცვლილება ხორციელდება, თან დაუსაბუთებლად, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის ინტერესებში შედის. სხვა მიზეზებს, გარდა პოლიტიკურისა, ვერ ვხედავ. მიზეზი ერთია, რომ იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც ბორდის უკან დგას, გავლენის მოპოვება და პრობლემების შექმნა სურს, რადგან ყველა შემთხვევაში, ეს პრობლემები არჩევნების შეფასების დასკვნაში აისახება“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე სამეურვეო საბჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მართვასთან დაკავშირებით ყველა ინფორმაციას აბსურდს უწოდებს. როგორც ემზარ გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არავის მისცემს საშუალებას, რომ ვინმემ მართოს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შოთა უტიაშვილს შეხვდა, გოგუაძის განმარტებით, ის შოთა უტიაშვილს საერთოდ არ იცნობს.

„თუ ვინმე მართავს საბჭოს, ეს ვარ მე და არავითარი „ნაციონალური მოძრაობა“ თუ სხვა პირები. თუმცა, რეალურად მეც ერთი ხმა მაქვს“, - აღნიშნა გოგუაძემ.

რეჟისორი გოგა ხაინდრავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე მოვლენები, უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მიერ კონტროლდება. ის მიმართავს პარლამენტს, იქნებ, დაამთავრონ და წერტილი დაუსვან ამ უმსგავსობას, ამ ცრუბორდომანიას.

გოგა ხაინდრავა: დროა, საზოგადოება მიხვდეს, რომ ამ ქვეყნის მმართველი არის ეს საზოგადოება. სწორედ ეს საზოგადოება უხდის ხელფასს იმ სამარცხვინო ბორდს, რომელიც ბატონყმურ ტრადიციებს აგრძელებს საქართველოში. ამას ბოლო უნდა მოეღოს, ამის მოთმენა აღარ შეიძლება. ის ვითომ ჟურნალისტები, რომლებიც მოკალათებული იყვნენ ტელევიზიაში, იგივე დათო პაიჭაძე, ეს არის პოლიტიკური კორუფციის სიმბოლო. დათო პაიჭაძემ ის გადაცემა და პირველ არხზე პორთფელი მიიღო იმიტომ, რომ მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბებაში. ეს იყო საზღაური, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მას მიუძღვნა ქართველი ხალხის მოტყუილების გამო, რაც ჩემი აზრით დასჯადია.

რაც შეეხება ეკა კვესიტაძეს, მისი ქმარი იყო ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი იმ უბედურებისა რაც 2008 წელს თავს დაატყდა საქართველოს. ის არის საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამაინი. ეს ორი პერსონა პაიჭაძე და კვესიტაძე „ნაცინოლური მოძრაობის“ კრიმიანლური პოლიტიკის, იდეოლოგი და გამხორციელებლები იყვნენ. მათ ჟურნალისტობასთან რა კავშირი აქვთ, არ მესმის. იმასა, რასაც ისენი აკეთებდნენ ჟურნალისტობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, ისინი უფრო პროკურორებად გვევლინებოდნენ.

რაც შეეხება ბორდის ყოფილ თავმჯდომარეს ლევან გახელაძეს, არაოფიციალურად ის ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას, დადის ტელევიზიაში, მართავს შეხვედრებს, ატარებს თათბირს და გასცემს განკარგულებას. როგორ ფიქრობთ, გახელაძე რატომ სარგებლობს ამ უფლებამოსილებით, ეს არაა იმ პოლიტიკურ ძალასთან შეთანხმებული, რომელმაც, თავის დროზე, ამ შემადგენლობით დააკომპლექტა ბორდი?

- თავის დროზე, ეს ბორდი პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა, რაც არასწორი იყო. მაშინ პოლიტიკური კონიუნქტურა ასეთი იყო. გახელაძე არის თაღლითი. გახელაძე არის ადამიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ტერორისტული იდეოლოგიის გამტარებელი და სულის ჩამდგმელი იყო. ის იყო გუშაგი პირველ არხზე. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ახლა მიდის გავლენის შენარჩუნების მცდელობა. რა ესაქმება გახელაძეს საერთოდ ამ ტელევიზიაში?!

ის არის სამეურვეო საბჭოს წევრის, ნინო დანელიას წარმომადგენელი - ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე...

- ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფი, რომელიც თავიდანვე დაეპატრონა ამ არხს. გახელაძე და დანელია რისი ექსპერტები არიან არ ვიცი, წლების განმავლობაში რა მდგომარეობაში იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი იმის მიხედვით შეიძლება შედეგზე ვისაუბროთ. ხე ნაყოფით შეიცნებაო, სწორედ ასე არის მათი საქმე. არ მაინტერესებს ვინ, ვის რა მინდობილობა მისცა, ეს ბორდი უნდა დაიშალოს. არანაირი ლეგიტიმურობა ამ ბორდის გადაწყვეტლებას არ აქვს და არც ექნება.

მივმართავ პარლამეტს, რომ ბოლო უნდა მოუღონ ამ უმსგავსობას. ამ პოლიტიკური თამაშებს და კოაბიტაციებს წერტილი უნდა დაესვას! საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან ძვირად ღირებული დაწესებულებაა, რომელიც გადამხდელებს ძალიან ძვირი უჯდებათ - 35 მილიონზეა ლაპარაკი. ეს უნდა კონტროლდებოდეს საზოგადოების მიერ და არა გახელაძეებისა და დანელიების მიერ. ბორდს უნდა ხელმღვანელობდნენ საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომელთა პროფესიონალიზმში ეჭვი საქართველოს მოსახლეობას არ შეეპარება. ვინ არის საერთორ ბორდის თავმჯდომარე, მისი სახელიც კი არ ვიცი.

ეს არის ემზარ გოგუაძე...

- რა კაცია? საიდან მოდის? რა აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული? რითი იცნობს ქართული საზოგადოება ამ ადამიანს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი ჩააბარონ, რითია გამორჩეულია, საერთოდ ვინმე იცნობს? რა დამსახურებისთვის გახდა ამხელა პასუხიმგებლობის მატარებელი, რომელიც ზის და განაგებს საქართველოსა მოსახლეობის მიერ გადახდილ ფულს? გამაგებინეთ - რატომ? ვინ იცნობს საერთოდ მას ბოკერიას გარდა?

მოვლენები, რომელიც ახლა ვითარდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, - არხის დირექტორის ორჯერ განთავისუფლება, - ეს ადასტურებს იმას, რომ ბორდინაციონალური მოძრაობისკარნახით მოქმედებს?

- რა თქმა უნდა, ეს პროცესები ბოკერიასა და სააკაშვილის მიერ კონტროლდება. მათი დანიშნულები არიან ამ ბორდის წევრები, მათი ყმები არიან. ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი. იმის გამო, რომ 9 წლის განმავლობაში სიცრუეში ამყოფებდა მთელს საქართველოს ბერძენიშვილი, ადგნენ და გამგებლად დანიშნეს. სააკაშვილს და ბოკერიას ეს ქვეყანა თავისად მიაჩნდათ. დამსახურებების გამო ნიშნავდნენ ადამიანებს თანამდებობაზე. კიდევ ერთხელ მივმართავ პარლამენტს, იქნება-და დაამთავრონ და წერტილი დაუსვან ამ უმსგავსობას, ამ ცრუბორდომანიას!