ღვარცოფის დროს უსაფრთხოების ზომების დაცვა თითქმის შეუძლებელია. პანიკის გამო დაბნეული ადამიანები მირბიან დაღმართში და ვერ ასწრებენ სტიქიას, რომელიც მათ კვალში ჩამდგარა. შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ადამიანები იხსენებდნენ, როგორ ცდილობდნენ გადარჩენას, ზოგი ხეზე ამძვრალა, მაგრამ ის ხეც ღვარცოფს წაუღია, ზოგს გაუმართლა და ცურვის ინსტრუქტორის მიერ ნასწავლი გამოცდილება გამოადგა, წყლის სტიქიას სახე შეუშვირა, ზურგი არ შეაქცია, შემდეგ კი წყლის ტალღას ზურგზე გადაწოლილი მიჰყვა. მართალია, ღვარცოფი წყალი არ არის და მასზე ბევრად უფრო ძლიერი და სწრაფია, მთელი თავისი ნაშალი მასალით, რომელიც ქვატალახსა და წყალქვებს შეიცავს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ადამიანს გაუმართლა და ინსტრუქტაჟი წარმატებული აღმოჩნდა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ღვარცოფში მოყოლილი ადამიანის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია, რადგან მძვინვარე ნაკადიდან შეიძლება ამოიტყორცნოს დიდი წონის ქვები. გადარჩენა მხოლოდ ღვარცოფისგან თავის არიდებაა, თუკი დაუყოვნებლივ ახვალთ დაბლობიდან 50-100 მეტრით მაღლა.
მაინც თუ არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომ ადამიანი გადაურჩეს ყველაფრის წამლეკავ ღვარცოფს?
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ჯავახიშვილი for.ge-სთან საუბრისას მიწისძვრისა და ღვარცოფის დამანგრეველ ძალას ადარებს ერთმანეთთან და ამბობს, რომ მიწისძვრა ყოველთვის უფრო მოულოდნელად ხდება და გაცილებით უფრო სწრაფია. შოვში კი რაც მოხდა, 10 კილომეტრში იყო მყინვარზე ამ ღვარცოფის კერა და 8-10 წუთში უკვე მიაღწია შოვამდე. ამ მანძილზე მიწისძვრა რომ მოხდეს, 2 წამში იგრძნობს ადამიანი.
სპეციალისტის რეკომენდაციით, ყველა დამსვენებელმა, რომელიც ასეთ ადგილას მიდის, შოვი იქნება, თუ სხვა კურორტი, აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ საფრთხე მოსალოდნელია და ეს არ არის უხიფათო ადგილი.
„ადამიანმა მინიმუმ ის მაინც უნდა იცოდეს, თუ რაღაც საშინელება მოხდა, სად არის უსაფრთხო ადგილი, ეს ყველაფერი მითითებული უნდა იყოს, ქვევით გაიქცეს, თუ ზევით. ჩვეულებრივ ღვარცოფი მდინარის კალაპოტს მოჰყვება, ამიტომ უნდა მოვშორდეთ მდინარის კალაპოტს და რაც შეიძლება შემაღლებულ ტერიტორიას მივაშუროთ, სადაც ღვარცოფი ვერ მისწვდება. თორემ თუ ადამიანი ამ არეში, მდინარის კალაპოტში დარჩა და ხეს მოეჭიდა, ღვარცოფის ასობით ტონა მასა ყველაფერს წაიღებს. წარმოიდგინეთ, რამხელა ხიდები და შენობები დაანგრია. წყლის ნაკადიც კი წარმოუდგენლად ძლიერია, მაგრამ ღვარცოფი წყალთან შედარებით გაცილებით ძლიერია, რადგან მასში ნახევარზე მეტი მყარი მასალაა, ანუ გაცილებით დიდი სიმკვრივეა, გაცილებით დიდი დამანგრეველი ძალაა“, - აღნიშნა ზურაბ ჯავახიშვილმა.
მანვე განმარტა, რომ შოვში ძალიან პატარა ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა, რამაც ბევრად უფრო სახიფათო გახადა ეს ადგილი, რადგან სხვა ტერიტორიებზე ადამიანების ასეთი კონცენტრაცია არ არის. ჯავახიშვილის თქმით, გასაგებია, რომ ყველა დასახლებული პუნქტი მისახედია, მაგრამ სადაც 2-3 ადამიანია, იქ რისკი გაცილებით ნაკლებია.
„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, ჰიდროლოგი, მეცნიერებათა დოქტორი გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ღვარცოფის ასაცილებლად რეკომენდაციები რამდენიმეა. პირველ რიგში, სადაც მოსახლეობის კონცენტრაცია მაღალია, იქ უსაფრთხო გარემო უნდა შეიქმნას. ეს ეხება როგორც დასასვენებელ, ისე საცხოვრებელ ადგილებს. შესაბამისად, თუკი საცხოვრებელი სახლები, კოტეჯები საფრთხის შემცველ ზონაშია, იმ ტერიტორიიდან ნაგებობები უნდა აიღონ და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილას გადასვლა შესთავაზონ.
გარდა ამისა, ასეთი სახიფათო ადგილებში შეტყობინების სისტემები უნდა დაიდგას. ყველა ასეთ მუნიციპალიტეტში ევაკუაციის გეგმა უნდა არსებობდეს და ამაზე პასუხისმგებელი რამდენიმე კაცი უნდა იყოს.
„ვერ გეტყვით, ასეთ დროს რა უკეთესია და როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი უშუალოდ კატასტროფისას, მაგრამ, ზოგადად, მაღლა ასვლა სჯობს, ვიდრე დაბლა ჩარბენა“, -აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ ჩვენთან საუბრისას.