თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, რეისით კიევი-თბილისი, ბორისპოლის აეროპორტიდან ოლეგ მელნიკოვის საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა.
საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და მთავარი პროკურატურის მიერ ძებნილი ოლეგ მელნიკოვის უკრაინაში დაკავებიდან 10 თვის განმავლობაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებთან მისი საქართველოში ექსტრადიციის მიზნით. რამდენიმესაფეხურიანი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მელნიკოვის საქართველოში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.
2012 წლის 7 დეკემბერს უკრაინაში, ქალაქ კიევში, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, 1966 წელს დაბადებული ოლეგ მელნიკოვი დააკავეს. ოლეგ მელნიკოვი დაპატიმრების და საქართველოში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით ინტერპოლის თბილისის ბიუროს მიერ საერთაშორისო ძებნაში 2012 წლის 5 დეკემბრიდან იმყოფებოდა.
ოლეგ მელნიკოვს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში ოლეგ მელნიკოვს ბრალი წაეყენა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სსსკ-ს 24-143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით).
ძვირფასო კოლეგებო, გთხოვთ ჩასწორებული ვარიანტი გამოაქვეყნოთ თქვენს საიტებზე ან თავადვე ჩაასწოროთ ბოლო აბზაცი. მადლობა თანამშრომლობისთვის!