სპორტული ქეიფი ჩერნობილში

სპორტული ქეიფი ჩერნობილში

გასული კვირა ქართული სპორტის თაყვანისმცემლებისთვის დაფიქრებისა და განსჯის დღეებად იქცა. სლოვენიაში მიმდინარე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა და დღეს საღამოს გამარჯვებულის ვინაობას შევიტყობთ. ამ ასპარეზობას ქართველი კალათბურთელები პირველივე ეტაპიდან გამოეთიშნენ. სლოვენიური ბატალიების შესახებ სპორტის ამ სახეობის სპეციალისტები ალბათ უახლოეს მომავალში იმსჯელებენ. დღეს ნება მომეცით რამდენიმე პირადი მოსაზრება გაგიზიაროთ.

ქართველმა კალათბურთელებმა ბევრი კი იბრძოლეს, მაგრამ ამბობენ „ძალა აღმართს ხნავსო“ და პირველობის მეორე სტადიაზე გადასვლა ვერ მოახერხეს. ჩვენი გუნდი სამშობლოში უკვე დაბრუნდა. მოთამაშეებმა რამდენიმე დღე დაისვენეს და თავ-თავიანთ კლუბებს მიაშურეს.

უპირველეს რიგში ბატონ იგორ კოკოშკოვს მსურს რომ შევეხო. გასულ წელს არაერთხელ მითქვამს რომ ამ პიროვნებას გაწეული სამუშაოსთვის დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ და დავემშვიდობოთ. კოკოშკოვმა ამ თაობის ნაკრებში თავისი თავი უკვე ამოწურა და ბიჭებს ახალს ვეღარაფერს ასწავლის. სლოვენიაში ჩატარებული შეხვედრების მიმდინარეობისას თვალშისაცემი გახლდათ რომ გუნდი ფონს გასვლას ძირითადად კალათბურთელების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ცდილობდა. თუ ფეხბურთის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ეროვნული გუნდის მოთამაშეებს შეტევაზე რიგიანად გადასვლა ვერ ასწავლა, სერბმა იგორმა თავისი კალათბურთელების გუნდურად ათამაშება ვერ მოახერხა.

მიმაჩნია რომ ფაჩულიასა და შენგელიას არყოფნის მიუხედავად ნაკრებს უკეთესად გამოსვლა შეეძლო. კოკოშკოვმა მოსამზადებელ ეტაპზე ათი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და გამოცდილი მოთამაშეების გვერდით ახალგაზრდები უფრო აქტიურად უნდა დაეტვირთა. ყოველივე ამან თავი სლოვენიაში იჩინა, სადაც ბრძოლის ძირითადი სიმძიმე 5-6 კალათბურთელზე მოდიოდა.

მანუჩარ მარკოიშვილის შედარებით სუსტმა ასპარეზობამ საქართველოში გარკვეული კრიტიკა დაიმსახურა. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ მანუჩარს მუხლი აწუხებდა და თავისი შესაძლებლობები სრულყოფილად ვერ გამოავლინა. ეს ფაქტი ნაკრების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გახდა ცნობილი.

ცალკეული მოთამაშეების შეფასებისაგან თავს შევიკავებდი. დარწმუნებული ვარ, იგივე ხორვატებთან, გიორგი ცინცაძეს გადამწყვეტი სროლა ბედის უკუღმართობამ ააცილებინა. არადა, იმ შეხვედრაში გიორგი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

მთლიანობაში ნაკრების ევროპული გამოსვლა დადებითად უნდა შეფასდეს. იგორ კოკოშკოვს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ორწლიანი ხელშეკრულების მოქმედების ვადა უკვე ამოეწურა. მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მომავალ წელს ეროვნულ გუნდს სათავეში ახალი სპეციალისტი ჩაუდგება.

კოკოშკოვზე საუბრისას უკრაინის ეროვნული გუნდის 66 წლის მთავარი მწვრთნელი მაიკლ ფრატელო გამახსენდა. ბატონი მაიკლი ამ გუნდს 2011 წლიდან უდგას სათავეში და თავის შეგირდებს მომავალ წელს, ესპანეთში დაგეგმილი მსოფლიო პირველობის საგზური მოაპოვებინა. ვერავინ დამარწმუნებს რომ უკრაინის ნაკრების წევრები ოსტატობით ჩვენი ეროვნული გუნდის მოთამაშეებს აღემატებიან. რასაკვირველია, განსხვავება არის და სამწუხაროდ „ატლანტა ჰოუქსის“ ყოფილი დამრიგებელი კვალიფიკაციით იგორ კოკოშკოვს მნიშვნელოვნად აღემატება.

შინ დაბრუნებულმა ქართულმა საკალათბურთო ოჯახმა მოდუნებისა და მოწყენის საშუალება არ მოგვცა. უახლოეს რამდენიმე თვეში ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და მოქიშპე მხარეების ურთიერთობამ დუღილის მაღალ ტემპერატურას მიაღწია. ბატონი მიხეილ ახვლედიანი კალათბურთის ფედერაციის მიმართ არაერთ ბრალდებას აყენებს, სპორტის ამ სახეობის მმართველები კი ხელს ბატონი ლევან ყიფიანისკენ იშვერენ, რომელიც, თითქოსდა, ახვლედიანს აქტიურად ლობირებს.

ძნელია იმისი თქმა, სიმართლე ვის მხარესაა. ორივე დაპირისპირებული ბანაკის წარმომადგენლებისთვის მომისმენია და ყველა მათგანს საკუთარი მყარი არგუმენტები გააჩნია. ბესიკ ლიპარტელიანს ერთ საკითხში ნამდვილად ვეთანხმები - სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ნაკრებისთვის ყურადღება უნდა მიექცია. სამწუხაროდ, ქართული სპორტის ამჟამინდელი ხელმძღვანელები გუნდის ბედით ერთხელაც არ დაინტერესებულან. კი ამბობს ყიფიანი, მეორე ეტაპზე რომ გავსულიყავით სლოვენიაში აუცილებლად ჩავიდოდითო, მაგრამ ეს დაგვიანებული ნათქვამია. ორი წამყვანი მოთამაშის გარეშე მოასპარეზე კალათბურთელებს ყურადღება და გამხნევება თავიდანვე სჭირდებოდათ.

ქართულ კალათბურთში არსებული დაპირისპირების ერთ-ერთი მსხვერპლი, ახლო წარსულში ცნობილი მოთამაშე ნიკოლოზ დერიუგინიც გახდა. ნება მომეცით სიტყვა ბესიკ ლიპარტელიანს გადავცე.

„ნიკოლოზ დერიუგინი ძალიან უმადურად მოგვექცა. ამ კაცისთვის არაერთი სიკეთე გვაქვს გაკეთებული, მან კი უნამუსოდ გვიღალატა და არაკაცური საქციელი ჩაიდინა. ცოტა ხნის წინ თბილისში არვიდას საბონისი გახლდათ ჩამოსული. პროტოკოლის მიხედვით, საბონისი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უნდა შეხვედროდა. რასაკვირველია, დერიუგინი ძველ მეგობარს აეროპორტშივე დახვდა და თბილისში ყოფნისას გვერდიდან არ მოსცილებია. სამწუხაროდ, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ნიკოლოზი ვერ წავიყვანეთ და ეს უკანასკნელი ძალიან გაგვინაწყენდა. რასაკვირველია საკმაოდ უსუსური არგუმენტია და ამის მომიზეზებით მოწინააღმდეგე ბანაკში გადასვლა ნორმალურ საქციელად არ მიმაჩნია“.

ქართულ კალათბურთში მეტოქე მხარეების ურთიერთდაპირისპირებამ დაძაბული ხასიათი მიიღო და ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არაერთი საინტერესო მოვლენის მოწმენი გავხდებით.

რა გითხრათ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე. ერთი კვირის წინ კიდევ ერთი იმედგაცრუება და მორიგი სირცხვილი ვიწვნიეთ. გუნდს ელემენტარულად შეტევა არ შეუძლია და მეტოქის შეცდომების იმედზე იმყოფება. ესპანეთისა და საფრანგეთის დონის გუნდებთან ათი კაცით საკუთარ კარს ვიცავთ და ზოგჯერ მიზანსაც ვაღწევთ. საკმარისია სუსტ გუნდს დავუპირისპირდეთ და წინა ხაზზე არაფერი გამოგვდის. შესარჩევ ციკლში შვიდი მატჩი გავმართეთ და მოწინააღმდეგის კარის ბადე მხოლოდ სამჯერ დავლაშრეთ. ამ „საპატიო მაჩვენებლით“ ევროპაში მხოლოდ სან მარინოსა და ლიხტენშტეინს ვჯობივართ. ფაქტი სახეზეა. სანამ ქართველმა გულშემატკივარმა ეროვნულ გუნდს სრული ბოიკოტი არ გამოუცხადა, დროა ბატონი თემურის ნაცვლად ახალი სპეციალისტი მოვიყვანოთ. არ არის აუცილებელი, ეს პიროვნება მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდეს, მთავარია ფეხბურთელებს გამართული და სწორი თამაში ასწავლოს.

რამდენიმე დღის წინ ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციამ - ფიფა-მ სპორტის ამ სახეობის სპეციალისტების ერთგვარი რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ სიაში თემურ ქეცბაიამ „საპატიო“ 85-ე ადგილი დაიკავა. ალბათ კომენტარი ზედმეტია და სანამ დროა ქეცბაიამ ქუდი უნდა დაიხუროს და გამოგვემშვიდობოს.

სპორტული „ფიქრების“ შემდეგ წერილის მეორე, ე.წ. „სახალისო ნაწილზე“ გადავალ. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. თავისუფალი სტილის ფალავნებმა მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედლით გაგვახარეს. ამჟამად ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები ასპარეზობენ. რასაკვირველია ჩვენ ფალავნებს წარმატებებს ვუსურვებ და ერთგვარი „დოპინგის“ სახით ვეტერანი მოჭიდავის, შემდეგ კი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის, ბატონ ჯუმბერ დავლიანიძის სამ „საინტერესო“ მოგონებას შემოგთავაზებთ.

„მახსოვს, ერთხელ მოსკოვში, კურსკის ვაგზლიდან თბილისში ვბრუნდებოდით. კურსკის ვაგზლის ახლოს გასტრონომში შევიარეთ პროდუქტების შესაძენად. მოლარეს სალაროში ქვითრები გამოვარტყმევინე, თან თანმხლებ კოლეგას ვუთხარი: "მე სანამ სხვა რამეებს ვიყიდი, მიდი აი იმ ქერათმიან გოგოსთან (სხვა გამყიდველზე ვანიშნე) და სამი "ბატონი" გამოართვი მეთქი. ისიც ადგა და მივიდა: "დევუშკა, დავაი ტრი გასპადინ". გაოცებულმა გამყიდველმა ჩეკი გამოართვა.

- ჩტო? ჩტო ვი ტრებუიტე?

ამან იფიქრა სწორად ვერ ვუთარგმნეო და ცეცხლზე ნავთი დაასხა:

- ტაგდა... ტრი კნიაზა დავაი...

გამყიდველი ჩაბჟირდა. და რომ ავუხსენი სიამოვნებით შეგვიფუთა "ტრი ბატონჩიკი"... "ნუ შუტნიკი!"

საბჭოთა სპორტსმენები უცხოეთში ყოფნისას არაერთ კურიოზში გახვეულან. ერთ-ერთ მათგანს ბატონი ჯუმბერი მოგვიყვება.

 „სტამბულში ვართ. ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის პირველობა ტარდება. მსაჯებს ასეთი რამ შეგვემთხვა:

პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრების შემდეგ ავტობუსით ვბრუნდებით სასტუმროში. როცა ავტობუსიდან გადმოვედით კარებში ჩანთებით დატვირთული თურქები დაგვხვდნენ. ისინი კოხტად შეფუთულ პარკებს სულ... სამ დოლარად გვთავაზობდნენ. თითოეულ მათგანში მსაჯის თეთრი მაისური და ხუთი თეთრი წინდა უნდა ყოფილიყო. მათი გახსნის და ნახვის ნება რა დაგვრთეს იმ მიზეზით, რომ პოლიცია უთვალთვალებდათ. მოკლედ, სულ დავუცარიელეთ ჩანთები და სასტუმროს ვესტიბიულში შესვლისას გავხსენით ეს პაკეტები. ყველა მათგანში უხარისხო, დახეული და თვალწასული "დეფექტიანი" საქონელი იდო. სასწრაფოდ გამოვცვივდით გარეთ, მაგრამ რა დაგიკარგავს, რას ეძებ?

მოკლედ, საღამოს, გულის ჯავრზე მსაჯებმა ჭიქის მიჭახუნებით ერთმანეთს ვუსურვეთ, რომ მეტი დანაკლისით ღმერთს აღარ დავესაჯეთ“.

მართლაც რომ უცნაური ქვეყანა გახლდათ ყოფილი საბჭოთა კავშირი. ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ საკავშირო სპორტის სამინისტრომ ჩერნობილთან ახლოს მდებარე ქალაქ გომელში მოჭიდავეთა ტურნირი დანიშნა. სსრკ-ის იმდროინდელ ლიდერებს სურდათ მსოფლიოსთვის დაენახებიათ, რომ ქვეყანაში ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა.

„ჩერნობილის ტრაგედია ახალი მომხდარია. მაშინდელმა სპორტკომიტეტის ხელმძღვანელობამ - "ნუ გეშინიათო" და, მსოფლიოს ყურადღების მისაქცევად ჩერნობილთან ახლოს დანიშნეს სსრკ თასის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში, თან გაგვაფრთხილეს, რომ ყველა უმაღლესი კატეგორიის მსაჯს უნდა მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსაჯებსაც და ფალავნებსაც გამოიყვანდნენ ნაკრების შემადგენლობიდან.

მოსკოვშივე გაგვაფრთხილეს, რომ გომელში ონკანის წყლით არ გვესარგებლა, ქალაქში ნაკლებად გვემოძრავა და შხაპიც კი არ მიგვეღო. საშინელ დღეში ვართ. სერიოზულად გაგვაფრთხილეს, რომ შავი ღვინო დაგველია.

ჩვენც იოდიზირებული წყლით და შავი ღვინით (არ გვექნებოდა?) "შეიარაღებულები" ჩავედით გომელში.

მიუხედავად გამაფრთხილებელი კონსულტაციებისა, დარბაზში სულ მალე თავბრუსხვევა და გულისრევა დაგვეწყო, ყველას. რამოდენიმე მონაწილე ასპარეზობასაც კი გამოეთიშა.

როგორც გაირკვა, დარბაზის შემინული მხრიდან რადიაცია გვასხივებდა. შემინულ მხარეს სქელი ფარდები ჩამოაფარეს და გვირჩიეს ტანზე იოდის უჯრედები გაგვეკეთებინა და "ცოტაოდენი ალკოჰოლიც" მიგვეღო. ჰოდა, ჩვენც შეჯიბრება კარგად გვარიანად (ქართველების "ცოტა" იცით) შეჭუკჭუკებულებმა ჩავატარეთ. ქვემძიმე წონაში პირველი ადგილი "შეზარხოშებულმა" ლერი ხაბელოვმა აიღო.

ჩვენ კი, ალბათ პირველები ვიყავით, რომ ასპარეზობის დრო "ქეიფის" უფლება მოგვცეს და დისკვალიფიკაცაზე არც არავის გავხსენებივართ. არა, რაა ცუდი კაცმა რომ თქვას-რადიაციაში?“