ცნობილმა რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა ერთხელ ითავა, კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტებს დახვედროდა თავისი მანქანით.
მძღოლი მიხეილ ზარგარიანი, მეტსახელად “პროფესორა”, საინტერესო პიროვნება იყო, უყვარდა მუსიკა, შულიგინას კლასიც კი დაამთავრა. შემდეგ გაზეთ “ლელოში” მუშაობდა ფოტო-ჟურნალისტად, ომის წლებში მხატვრულ ბრიგადაში მოეწყო ფილარმონიის ხაზით და ჰოსპიტლებში მღეროდა.
მოკლედ, სადგურზე ორივე მიშა სტუმრებს დახვდა, ჩასხდნენ მანქანაში და სასტუმრო “ორიენტისკენ” გაემგზავრნენ.
ჭიაურელმა, რომელიც მძღოლის გვერდზე იჯდა, “თავო ჩემო” დაიწყო. უეცრად მძღოლი ჩაერთო და კიაზოსა და მალხაზის დუეტი წამოიწყეს, შემდეგ “აბესალომ და ეთერს” გადასწვდნენ. “პროფესორამ” ჟერმანის არიის ნაწყვეტი ჩაახვია, მიხეილ ჭიაურელმა – ჰერცოგის. სიჩუმე ჩამოვარდა.
- თქვენ ვინ ხართ? – მოესმათ სტუმრების ხმა.
- ვინ? ჩვენ? ჩვენ მძღოლები ვართ, - უპასუხა ჭიაურელმა.
სტუმრების გამოსვლას დიდი კმაყოფილებით შეხვდა ქართველი მაყურებელი. ყვავილებით აივსო სცენა, დიდხანს იწვევდნენ სცენაზე.
გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კულისებში მათთან შევიდა ლაურეატის ნიშნით მკერდდამშვენებული ჭიაურელი, რომელიც თეატრის დირექტორმა სტუმრებს წარუდგინა, რაღა თქმა უნდა, ბევრი იცინეს.