2 დღის წინ, ბერლინის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა საკონკურსო ფილმები დაასახელეს. ფესტივალზე, რომელიც 10-იდან 20 თებერვლამდე გაიმართება, სულ 22 ფილმი იქნება ნაჩვენები. დამატებით, სპეციალურ ჩვენებაში, წარმოდგენილი იქნება 2 ფილმი: ირანელი რეჟისორის, ჯაფარ პანახის მხარდასაჭერად - “ოფსაიდი“; ასევე გაიმართება დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რომელიც გერმანელმა კლასიკოსმა ვერნერ ჰერცოგმა გადაიღო – “მივიწყებული სიზმრების გამოქვაბულები“.
საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება რალფ ფაინსის სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარი “კაროლაიანი“, მირანდა ჯულის “მომავალი“, ვიქტორია მაჰონის სადებიუტო დამუშევარი “ცაში ფრენა“, ანდრეს ვაიელის “ვინ თუ არა ჩვენ“ , თურქი რეჟისორის სეიფ ტეომანის “ჩვენი უდიდესი სასოწარკვეთილება“, ებრაელი რეჟისორის, ჯონათან საგალის “ლიფსტიკა“.
ასევე საკონკურსო ჩვენებაში იქნება უნგრელი რეჟისორის ბელ ტარის “ტურინის ცხენი“, პაულ მარკოვიჩის “პრიზი“, ასგარ ფარხადის “ნადერი და სიმინი“, ფრანგი რეჟისორის მიშელ ოსელოს ანიმაციური სამგანზომილებიანი ფილმი “ღამის ზრაპრები“, ჯი სი ჩენდორის “მარგინალური ვაჭრობა“, ლი იონ კის “ხან წვიმა, ხან მზე“, ულრიხ კოლერის “ძილის ავადმყოფობა“, ჯოშუა მარსტონის “სისხლის პატიება“, როდრიგო მორენოს “ამოუცნობი სამყარო“.
არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნება ძმები კოენების ფილმი. რომლითაც ბერლინალე გაიხსნება. მაყურებელი იხილავს მოცეკვავე პინა ბაუშზე გადაღებულ ფილმს “პინა“, რომელიც გერმანელმა რეჟისორმა ვიმ ვენდერსმა გადაიღო. წარმოდგენილი იქნება გერმანულ-ბრიტანულ-ფრანგული ფილმი “უცნობი“, რეჟისორი ჟომ კოლე სერა. რეჟისორი იასმინ სანდერელი წარმოადგენს ფილმს “ალემანია - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიაში“. ფრანგი რეჟისორი ფილიპ ლი გეი მაყურებელს შესთავაზებს “ქალები მეექსვე სართულიდან“, ვოლფგანგ მურნბერგერი კი ფილმს “ჩემი საუკეთესო მტერი“.
წელს ბერლინალეს ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი მსახიობი და რეჟისორი იზაბელა როსელინი იქნება. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ჟიურის სრული შემადგენლობა. სავარაუდოდ, ფესტივალის დირექტორი დიტერ კოსლიკი ჟიურის შემადგენლობაში მიიწვევს ირანელ რეჟისორ ჯაფარ პანახს. თუმცა სავარაუდუდ, ისევე როგორც გასულ წელს, პანახი ვერ მიიღებს მონაწილეობას ბერლინის კინოფესტივალზე. მან ვერც მან კანის კინოფესტივალზე დასწრება შეძლო. ჟიურის შემადგენლობაში ასევე იქნებიან ნინა ჰოსი, ამირ ხანი, გიუ მადინი, სანდი პოველი.