ჩინეთის დიდი კედელი სიგრძეში გაიზარდა

ჩინეთის დიდი კედელი სიგრძეში გაიზარდა

მსოფლიოში ცნობილი ჩინეთის სიმბოლო – ჩინეთის დიდი კედელი – აღმოჩნდა გაცილებით გრძელი, ვიდრე ადრე მიიჩნევდნენ: მისი სიგრძე, თურმე 8,85 ათასი კილომეტრი კი არა, 21,196 ათასი კილომეტრი ყოფილა.

საქმე ისაა, რომ ადრე არქეოლოგები დიდი კედლის მხოლოდ იმ მონაკვეთებს ზომავდნენ, მინის დინასტიის ეპოქაში რომ ააშენეს.

2012 წელს კი ნამდვილი სენსაცია გახდა ცნობა იმის შესახებ, რომ ნაგებობის საერთო სიგრძე თითქმის 9 ათას კილომეტრს აღწევდა. ამ მომენტამდე კედლის სიგრძეს აფასებდნენ 6 ათას კილომეტრამდე, მოცემული წარმოდგენა კი ეფუძნებოდა მხოლოდ ისტორიულ ჩანაწერებს.

ინფრაწითელი სხივებისა და GPS ტექნოლოგიის დახმარებით, შესაძლებელი გახდა ათასი წლის განმავლობაში ქვიშით მინამქრული, აგრეთვე, მთის რელიეფით დაფარული ნაგებობის გამოვლენა.

უკანასკნელი მონაცემებით, დღეისთვის კედლის საერთო სიგრძის მხოლოდ 8,2 პროცენტი, რომელიც მინის დინასტიის ეპოქაში შეიქმნა, ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, მაშინ, როდესაც 74 პროცენტზე მეტი სერიოზულადაა დაზიანებული.

ასე მაგალითად, არქეოლოგების მონაცემების თანახმად, კედლის მონაკვეთები ჰანსუში უკვე ნანგრევებად იქცა და უახლოეს 20 წელიწადში შეიძლება სრულიად გაქრეს. ამის მიზეზად მეცნიერები ქვიშის შემოტევას ასახელებენ, რაც გამოწვეულია 1950-იან წლებში კომუნისტების მიერ გატარებული დამანგრეველი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკით. ამას გარდა, აქ ასაშენებლად იყენებდნენ გამოუმწვარ აგურს, რომელიც სიმტკიცით ჩამორჩება გამომწვარ აგურს ან ქვას.

ჩინეთის დიდი კედელი – ადამიანის ხელით შექმნილი უდიდესი ნაგებობაა. ის გადის ძველი ჩინეთის ჩრდილოეთ საზღვარზე, ზღვის სანაპიროდან მონღოლეთის უდაბნოს სიღრმეებამდე. ბევრისთვის ის თავდაცვითი ნაგებობაა, რომლის შენება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში დაიწყო და მრავალი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა. კედელი ჩინეთის ცივილიზაციის სიძლიერის მტკიცებულებაა.

1987 წელს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (იუნესკო) ჩინეთის დიდი კედელი გაეროს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

უკანასკნელ წლებში ჩინეთის ხელისუფლება ზრუნავს ამ ძველი თავდაცვითი ნაგებობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის. კედლის სარეკონსტრუქციო მონაკვეთები განლაგებულია დედაქალაქის რაიონში. ყოველწლიურად ასობით ათასი ტურისტი ჩამოდის პეკინიდან, რათა ნახოს ხუროთმოძღვრების ეს საოცრება.