რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Tuttomercatoweb” გაავრცელა ცნობა რომ უახლოეს მომავალში ესპანეთის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ 31 წლის ნახევარმცველი ხაბი ალონსო კარიერას ახალ გუნდში გააგრძელებს.
ფეხბურთელს „სამეფო გუნდთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა მომავალი წლის ივნისში ეწურება.
ცოტა ხნის წინ ხაბი ალონსოს აგენტს „რეალის“ ხელმძღვანელობა დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მოთამაშესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს.
ცნობილი გახდა რომ მადრიდული გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ხაბი ალონსო არ სჭირდება. იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი ნახევარდაცვის ხაზზე ძირითად აქცენტს ასიერ ილიარამენდიზე, ლუკა მოდრიჩზე და კარლოს კასემირუზე აკეთებს. სამწუხაროდ ხაბი გუნდში ზედმეტი აღმოჩნდა და უახლოეს მომავალში „რეალის“ დატოვება მოუწევს.
ხაბი ალონსო უმუშევარი ნამდვილად არ დარჩება. ესპანელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით 2014 წლის იანვრის საფეხბურთო სატრანსფერო ფანჯრის დღეებში მოთამაშე კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს.
ფეხბურთელის ხილვა საკუთარ რიგებში „მილანს“, „ინტერს“, „იუვენტუსსა“ და „ლივერპულს“ სურთ.