შალვა პაპუაშვილი: სტიქიის ადგილიდან 4 კილომეტრით ქვემოთ მდ. ჭანჭახზე განთავსებულია წყლის ხარჯის მზომი სადგური, რომლის მაჩვენებლებიც ადასტურებდნენ, რომ სტიქიამდე პერიოდში მდინარე ბუბისწყალში წყლის დონის კლება არ დაფიქსირებულა

შალვა პაპუაშვილი: სტიქიის ადგილიდან 4 კილომეტრით ქვემოთ მდ. ჭანჭახზე განთავსებულია წყლის ხარჯის მზომი სადგური, რომლის მაჩვენებლებიც ადასტურებდნენ, რომ სტიქიამდე პერიოდში მდინარე ბუბისწყალში წყლის დონის კლება არ დაფიქსირებულა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმ ყალბ ნარატივებზე, რომლებსაც, სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენის მიზნით, ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად ახვევდნენ თავს საზოგადოებას.

„არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მდინარე ბუბისწყალში ორი დღის განმავლობაში წყალი საერთოდ არ მოდიოდა, ან იყო წყლის დაკლებული დონე, რაც იმის ნიშანი იყო, რომ სათავეში წყალი გუბდებოდა, ამაზე კი არავინ რეაგირებდა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ იმავე დღეს განაცხადა, რომ სტიქიის ადგილიდან 4 კილომეტრით ქვემოთ მდ. ჭანჭახზე (რომლის შენაკადიც არის ბუბისწყალი) განთავსებულია წყლის ხარჯის მზომი სადგური, რომლის მაჩვენებლებიც ადასტურებდნენ, რომ სტიქიამდე პერიოდში არ დაფიქსირებულა წყლის დონის კლება, შესაბამისად შეგუბებაც გამორიცხული იყო. მიუხედავად ამ მხილებისა და „მთის ამბების“ მიმართ საჯარო მოწოდებისა, რომ უარეყო ეს ინფორმაცია, რაიმე რეაგირება ამას არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ამ ინფორმაციით გამყარდა სტიქიის გამომწვევი მიზეზის შესახებ მთავარი მცდარი ნარატივი, რომ თითქოს ორი დღის განმავლობაში ხდებოდა ე.წ. გლაციალური ტბის შეგუბება, რომელიც შესამჩნევი უნდა ყოფილი, და არსებობდა საკმარისი დრო რეაგირებისთვის. ამ ვერსიას, მაშინაც კი, როდესაც ის უარყოფილ იქნა სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, აქტიურად ავრცელებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი“, - აცხადებს პაპუაშვილი.

​შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 20 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 13 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.