მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გასაჭირი

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გასაჭირი

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში მოსწავლეებისთვის რეგისტრაცია ფასიანი გახდა. დირექტორის, ქეთევან ფეიქრიშვილის ინფორმაციით, სასახლეში არსებულ წრეებში ჩასარიცხად და სარეგისტრაციოდ მშობელს 50 ლარის გადახდა მოუწევს. თუმცა აღნიშნული თანხიდან 20 ლარის გადახდა სასურველი წრის არჩევისთანავე უნდა მოხდეს, ხოლო დანარჩენი 30 ლარის გადახდა სასწავლო წლის განმავლობაში ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი, ანუ თვეში მშობელს 5 ლარის გადახდა მოუწევს.

ქეთევან ფეიქრიშვილის ინფორმაციით, საფასურის დაწესება მწირმა სახელმწიფო ბიუჯეტმა გამოიწვია, რომლის რაოდენობა ყოველწიურად 1 მილიონ 500 ათასი ლარია, რასაც სასახლე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან იღებს. ამდენად, რეგისტრაციიდან შემოსული ფინანსები პედაგოგთა ხელფასებს სრულად მოხმარდება.

ცნობილია, რომ სწავლის ყოველთვიური გადასახადი დადგინდა ქორეოგრაფიის, ვოკალის, სახვითი ხელოვნების, ჭადრაკისა და კალათბურთის წრეებზე და ყოველთვიური გადასახადი 50 ლარი იქნება. ქორეოგრაფიული წრიდან სტუდიაში გადასულ მოსწავლეს კი საფასურის გადახდა აღარ მოუწევს.

For.ge ქეთევან ფეიქრიშვილს ესაუბრა.

რატომ გადაწყვიტეთ მოსაკრებლის დაწესება, რის გამოც მშობლები და პედაგოგები უკმაყოფილებას არ მალავენ?

- ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ ხარისხიანი სწავლება მივიღოთ. ამიტომ ჩვენ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, გვაქვს ვალდებულება, სხვადასხვა გზით მოვიზიდოთ დამატებითი თანხები და ჩვენი შემოსავლები გავზარდოთ, რათა მოვახერხოთ ამხელა შენობის მოვლა, პედაგოგებისთვის ნორმალური ხელფასების გაცემა, ასევე - ინვენტარიზაცია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგება. თუ გვსურს, ჩვენს ბავშვებს ნორმალური პირობები მივცეთ, ამისთვის უპრიანია, ჩვენი საზოგადოების წევრები, ანუ ჩვენი ბავშვების მშობლებიც გვეხმარებოდნენ. საუბარია 50-ლარიან ერთჯერად წლიურ გადასახადზე, რაც თვეში 5 ლარის ოდენობით გამოდის. სამაგიეროდ, ამ ერთჯერადი გადასახადის შემდეგ ბავშვს შეუძლია, ჩვენთან არსებული 107 წრიდან ნებისმიერზე იაროს. თუმცა არის მეორე ნაწილიც - სახელოვნებო და სპორტული წრეები, რომლებიც წლების განმავლობაში ყოველთვის ფასიანი იყო და მშობელთა თანადაფინანსების მეთოდით ფინანსდებოდა. ამის შემდეგ რამდენიმეთვიანი წყვეტა მოხდა. მართალია, ბოლოს გაუქმდა ეს გადასახადი, მაგრამ პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ჩვენ ამ სფეროს სათანადოდ ვერანაირად ვერ უზრუნველვყოფთ. ამიტომ ფულის გადახდა მშობლისთვის უცხო არასდროს ყოფილა.

მართალია, თქვენ აცხადებთ, რომ ეს ერთწლიანი საწევრო გადასახადია, მაგრამ რა გარანტიაა, რომ მომავალი წლიდან თანხა არ გაიზრდება?

- ამ თანხის გაზრდას არანაირად არ ვგეგმავთ. თანხა გაიზრდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ხალხი ფეხზე დადგება. 50-ლარიან წლიურ გადასახადს არ გადაიხდის სოციალურად დაუცველი არცერთი ადამიანი, რომელიც სიღარიბის ქულების მიღმაა. ასევე, შეღავათები გვაქვს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ტყუპი ბავშვების შემთხვევაში, მხოლოდ ერთ გადასახადს იხდიან, ხოლო დევნილები, მარტოხელა დედები, ომში დაღუპულთა შვილები საწევროს არ იხდიან. ასევე, ისინი ქორეოგრაფიულ წრეებზეც არაფერს გადაიხიან. ძალიან კარგად მესმის საზოგადოების შეშფოთების, რადგან მთლიანობაში არასწორი ინფორმაცია გავიდა. ჩვენ 107 მიმართულების 604 წრე გვაქვს და ეს იქნება ერთი ნაბიჯი სასახლის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.

მშობლების ნაწილი აცხადებს, რომ მათი შვილები ვეღარ ივლიან მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წრეებზე. ერთ-ერთმა პედაგოგმა ისიც გვითხრა, რომ სასახლეში დადიან გაჭირვებული ბავშვები, მათ შორის, ერთს ფეხსაცმელი .. სკოჩით აქვს დამაგრებული. თქვენ აცხადებთ, რომ სოციალურად დაუცველები უფასოდ ლიან, თუმცა არის შემთხვევები, როცა ზოგიერთი გაჭირვებული ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ვერ ხვდება.

- მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი პედაგოგების მიმართ, რომლებიც მეუბნებიან, რომ მათ არ უნდათ, რომ ბავშვის ხარჯზე მოემატოთ ხელფასები და მთხოვენ, სწავლება უფასო დარჩეს. რასაკვირველია, ეს ძალიან ღირსეული ადამიანების განაცხადია, მაგრამ მერწმუნეთ, აღნიშნული პედაგოგები წლების განმავლობაში თითქმის უსასყიდლოდ მუშაობდნენ. მათი ხელფასები არ არის ადეკვატური მათ შრომასთან. ამიტომ, აბსოლუტურად მესმის, რასაც ბრძანებთ, მაგრამ რაღაც მომენტში სწორი მიმართულება თუ არ ავიღეთ, რთული იქნება.

თუკი ბავშვი ე.წ. სკრეპით დამაგრებული ფეხსაცმლით დადის, მერწმუნეთ, მას ნამდვილად ექნება სოციალურად დაუცველის საბუთი. თუმცაღა, თუ ისინი ამ კატეგორიაში ვერ მოხვდნენ, შესაძლებელი იქნება, კონკრეტულად განვიხილოთ თითოეული მათგანის მდგომარეობა და მათ უფასო განათლება მივცეთ. ამიტომ, ამ მოსაკრებელს ფასიან სწავლებას ნუ დავარქმევთ. ამ ხნის განმავლობაში შევისწავლე სასახლის მდგომარეობა და ძალიან ბევრი მძიმე სიტუაცია აღმოვაჩინე სხვადასხვა მიმართულებით. როდესაც გარკვეულ თანხას ვახარჯავთ რაიმეს და ამ დროს შეგვიძლია, ოდნავ მეტი თანხა დავახარჯოთ და გაცილებით უკეთესი ხარისხი მივიღოთ, რა თქმა უნდა, თანხები უნდა გავიღოთ და სწავლება მდორედ არ უნდა მიმდინარეობდეს. მართალია, ყველას გვიჭირს, მაგრამ საკუთარი შვილის მომავლისთვის მცირედი მაინც გაიღონ.

როცა პედკოლექტივს შევხვდი, მოსაკრებლის დაწესების შესახებ გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა ჩვენ ჩავატარეთ კენჭისყრა და ხმათა უმრავლესობით აღმოჩნდა, რომ სასახლის კოლექტივმა მოსაკრებლის დაწესებას დადებითი შეფასება მისცა.

რაც შეეხება მშობლებს, რომლებიც უსახსრობის გამო შვილებს ვეღარ ატარებენ ამ სასახლეში?..

- ნამდვილად არიან ასეთი მშობლებიც, მაგრამ, როცა ეს ადამიანები ჩემამდე მოსულან, მე დამლაპარაკებიან და მათთვის ამიხსნია მთელი სიტუაცია, მერწმუნეთ, ყველა მათგანი წასულა იმ შეგრძნებით, რატომ მეტი გადასახადი არ დააწესეთო?!

ჩვენთან საუბარში პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები აცხადებენ, რომ შეიძლებოდა ალტერნატიული გზის მონახვა სასახლის მშვენიერი ეზოსა და დარბაზების გაქირავებით, ივენთების მოწყობით. ამდეად, მოსაკრებლის დაწესება გამოსავალი არ იყო. თქვენ თუ ეთანხმებით ამ აზრს და, თუ შეიძლებოდა სასახლეში, კომუნისტების დროიდან მოყოლებული, უფასო სწავლების ტრადიცია შენარჩუნებულიყო?

- კომუნისტების დროს აბსოლუტურად სხვა პირობითობა იყო. მე თვითონაც ძველი „სასახლელი“ ვარ და არაჩვეულებრივი, ბედნიერი ბავშვობა მქონდა, როცა აქ ყველაფერი უფასო იყო. რასაკვირველია, დღეს ჩემთვისაც ყველაზე საუკეთესო ბავშვობის ადგილი ეს სასახლეა და ის უნდა იყოს უფასო, მაგრამ ნახევრად გაკეთებული საქმეების არ მწამს. ჩვენს ბავშვობაში აქ ექსკურსიებიც ტარდებოდა, ავტობუსებიც გვყავდა, ახლაც ეზოში დგას ავტობუსი, მაგრამ ვერ მოვაწესრიგეთ, რომ ბავშვები ჩაგვესხა და სადმე გაგვეყვანა. უამრავი კარგი ღონისძიების ჩატარების საშუალება არ არის. ამ ღონისძიებებისთვის ისევ მშობლები აგროვებენ ხოლმე ფულს და არ მინდა, ეს ასე მოხდეს. არ შეიძლება, მშობელი ფულს აგროვებდეს, ეს ლეგალურად უნდა ხდებოდეს. „ივენთებს“ ისედაც ვაწყობთ, დარბაზებსაც ვაქირავებთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი თანხა. მე პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, როგორც დირექტორს. გაცნობიერებული მაქვს ამ დაწესებულების მნიშვნელობა. ეს უკეთილშობილესი საქმეა.

მშობლები აცხადებენ, რომ თავდაპირველად თქვენ უფასო სწავლების შენარჩუნების პირობა დაგიდევთ...

- ეს არ არის ფასიანი სწავლება. ეს სარეგისტრაციო მოსაკრებელია, მე არავის ვახდევინებ საფასურს. მივხვდით, რომ მოსაკრებელი ოდნავ მაინც შეგვეშველებოდა და მას გამოვიყენებდით მცირეხელფასიანი პედაგოგების ხელფასების მომატებისთვის. თუმცა მათთვის ეს დიდი ცვლილება არ იქნება. ერთ დღეში არ მომწიფებულა ეს იდეა, ამის თაობაზე ბევრ ადამიანს ვესაუბრე. უბრალოდ, ჟურნალისტებმა საშუალება არ მოგვცეს, რომ ეს სწორად განგვემარტა საზოგადოებისთვის.

არ გეთანხმებით. ჟურნალისტები კი არა, აღშფოთებული პედაგოგები და მშობლები რედაქციაში მოდიოდნენ და მოსაკრებლის დაწესებას აპროტესტებდნენ. შესაბამისად, მათი პოზიციის მიჩქმალვა არ გვიფიქრია. უფრი მეტიც - მათ თქვენი ნათქვამიც გადმოგვცეს, რომ ეს მოსაკრებელი ძვირადღირებული აპარატურის თანხის დასაფარად გჭირდებოდათ, რომელიც საწევრო ბარათს გაატარებდა.

- უბრალოდ, ეს არის ტურნიკეტი, რომელიც დაცვის თვალსაზრისით სჭირდება სასახლეს. სასახლეში იყო შემთხვევა, როცა ბავშვი და მშობელი აცდენილა ერთმანეთს, ბავშვი წასულა სახლში ან დაკარგულა და ჩვენ გვიძებნია. მაპატიეთ, მაგრამ უამრავი ადამიანი შემოდის და სარგებლობს ჩვენი სველი წერტილებით. მიუღებელია, ბავშვები და უფროსები ერთ სველ წერტილში შედიოდნენ. სასახლეში უცხო პირთა შესვლა მხოლოდ და მხოლოდ ნებართვის გაცემის შემდეგ მოხდება. რაც შეეხება აპარატურას, მის შესასყიდად ტენდერი გამოვაცხადეთ და ბევრად ნაკლები ფასი გადავიხადეთ. ბავშვებს მეტი დაცვა სჭირდება. ადრე მანიაკი შემოსულა სასახლეში და პატარა გოგონა შეუყვანია ტუალეტში. ამას არ დავუშვებ, მეც დედა ვარ და შვილები მყავს. რომელიმე სკოლა დამისახელეთ, სადაც მშობელი ზედმეტად შედიოდეს შენობაში?! არც ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ ჩვეულებრივები, ჩვენ არაჩვეულებრივები უნდა ვიყოთ.

მოსაკრებლის დაწესების შემთხვევაში, პედაგოგებს რამდენით მოემატებათ ხელფასები?

- ამ თანხას მე ამ წუთას ვერანაირად ვერ დავითვლი, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ არ ვიცი, რა რაოდენობის ბავშვი გახლავთ 50-ლარიანი წლიური გადასახადის გადამხდელი, რამდენი ბავშვი გადაიხდის მხოლოდ 20 ლარს, რამდენი მოვა უფასოდ. მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შეგვიძლია, სრული თანხის შესახებ მონაცემები დავდოთ და ეს მონაცემები გამჭვირვალე იქნება. ყოველ კაპიკს დავითვლით. ამ თანადაფინანსებიდან შემოსავლები წავა პედაგოგების ხელფასებზე. ვიღებ ვალდებულებას, რომ ჩემი მოღვაწეობა აღინიშნება ბავშვებისთვის შესაფერისი პირობების შექმნით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ორ დღეში მოხდება, მაგრამ ყველა მშობელი დაინახავს, რამდენად გაუმჯობესდება ეს ყველაფერი, თუკი მათი თანადგომა მექნება.

ამ ეტაპზე მოსწავლე-ახალგაზრდობის პედაგოგთა ანაზღაურება 80-დან 180 ლარამდე მერყეობს. ერთაგან თქვენ განაცხადეთ, რომ 50-ლარიანი საწევროს გადახდის შემდეგ მასწავლებლებს ხელფასი სავარაუდოდ, 30 ლარით მოემატებათ.

- ეს მართლაც სავარაუდოდ დავთვალეთ, რადგან ბავშვების სავარაუდო რიცხვი, რომელთა რეგისტრაციაც წლების განმავლობაში ვერანაირად ვერ მოხერხდა, უცნობი იყო. მე დამხვდა ბავშვების სავარაუდო ოდენობა- 7 ათასი ბავშვი, მაგრამ არ ვიცით, ეს 7 ათასი ბავშვი 7 ათასი ერთეულია, თუ 7 ათას ბავშვში მოიაზრებიან ის ბავშვები, რომლებიც დადიან, ვთქვათ, 10 წრეზე. ამდენად, საინტერესოა, ის ერთი ბავშვი 10 ბავშვად ითვლება თუ ერთ ბავშვად?! ამის თქმა ვერავინ შეძლო, ამიტომ სარეგისტრაციო სამსახური ზუსტად გაგვაგებინებს არამცთუ ბავშვების რაოდენობას, არამედ რამდენი ბიჭი და რამდენი გოგო დადის ამ სასახლეში, რომელ წრეზე უფრო მეტი ბავშვი მოჰყავთ, რატომ დადის ნაკლები რაოდენობის ბიჭი ამა თუ იმ წრეზე?! იქნებ, ბიჭებისთვის საინტერესო საგნები არ გვაქვს? ეს უნდა გამოვასწოროთ, რომ ბიჭებს მეტი ინტერესი ჰქონდეთ. ჩემი გამოთვლა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ რეალურად 7 ათასი ბავშვი თუ არა, 4 ათასი მაინც ხომ იქნება?! იმ 4 ათასს გამოვაკელი იმ ბავშვების დაახლოებითი ციფრი, რომლებიც უფასოდ ივლიან (სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები), ასევე, ისინიც, რომლებიც ერთი ბავშვის შემთხვევაში, სრულიად გადაიხდიან თანხას, ხოლო მეორე ბავშვისთვის უკვე ნახევარს გადაიხდიან. აქედან გამომდინარე, დაახლოებითი თანხა პედაგოგთა ოდენობაზე რომ გადავიანგარიშე, 30 ლარით მეტი გამომივიდა. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ღმერთმა ქნას, იმდენი თანხა შემოვიდეს სასახლეში, რომ ეს პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანი იყოს.

პედაგოგები აცხადებენ, რომ თქვენ სამსახურში თქვენივე დაქალები მიიყვანეთ და ზუსტად ამის გამო გახდა სწავლება ფასიანი. უფრო სწორად, როგორც თქვენ უწოდებთ, საწევრო გადასახადის დაწესება ამიტომაც გახდა აუცილებელი.

- თვითონ ეს ფორმულირება ძალიან შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ამაზე კომენტარის გაკეთება არც მინდა. ჩემი მოსვლის შემდეგ მე დამხვდა ეს ხელფასები, ეს სტრუქტურა. ეს ყველაფერი დღესაც იგივეა. ერთი წლის ბიუჯეტი უკვე გაწერილია და აქამდე არ მომცემია საშუალება, ამ ბიუჯეტს გადავხედო და რაიმე შევცვალო. ანუ ხელფასები არის იმდენი, როგორიც დამხვდა. რაც შეეხება ახალ კადრებს, დამხვდა ვაკანსიები. როდესაც გადავხედე ამ ვაკანსიებს, გარკვეული სამსახურები მე თვითონვე გავაუქმე, რადგან ჩავთვალე, რომ ეს სამსახურები, მართალია, საჭირო იყო, მაგრამ ამ ეტაპზე სასახლისთვის ზედმეტი ფუფუნება იქნებოდა. თითოეული ადამიანი, რომელიც ჩემს დროს სასახლეში სამუშაოს დასაწყებად მოვიდა, ჩემი დაქალი კი არა, პროფესიონალია. მათ შორის, ერთადერთ ადამიანს შეიძლება, დაქალის წოდება მივანიჭო. მასთან ერთად ვსწავლობდი ინსტიტუტში. დანარჩენები საქმის პროფესიონალები არიან. რაც შეეხება ჩემს დაქალებს, სამწუხაროდ, ისინი უმუშევრები არიან და, თუკი მუშაობენ - სრულიად სხვა დაწესებულებებში.

ახალი კადრის აყვანისას კონკურსი თუ გამოაცხადეთ?

- კონკურსის გამოცხადებას კანონი არ გვავალდებულებდა და ამით არ მიხელმძღვანელია.

პედაგოგების ანაზღაურებასთან მიმართებით ახლადმოყვანილი კადრების ხელფასები როგორია?

- იმდენი, რამდენიც დაგვხვდა. ბიუჯეტის თაობაზე ჩვენ უკვე მითითება გვაქვს მიღებული. აქამდე ამის აუცილებლობა არ ყოფილა, მაგრამ, ახლა გვაქვს ვალდებულება, რომ მთელი ეს ბიუჯეტი საჯარო გავხადოთ, რაც აიტვირთება ჩვენს საიტზე და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ამის ნახვა.

აჯობებდა, ახლავე გეთქვათ ამის შესახებ. გარდა ამისა, ანაზღაურების საშუალო მაჩვენებელიც შეგეძლოთ, დაგესახელებინათ. როდიდან აიყვანეთ ახალი კადრები?

- საჯარო ინფორმაციას დავდებთ და ყველა იხილავს. ახალი კადრები კი სხვადასხვა დროს ავიყვანე და ეს მას შემდეგ განხორციელდა, რაც დირექტორად მივედი.

***

For.ge მშობლებსა და პედაგოგებსაც ესაუბრა.

ერთ-ერთი მშობლის თქმით, სხვა მშობლებიც უკმაყოფილონი არიან მოსაკრებლის დაწესებით, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობენ, რადგან არ უნდათ, მათი შვილები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გარეშე დარჩნენ. ამიტომ თანახმანი არიან, პირველ ეტაპზე 20 ლარი გადაიხადონ და ელიან იმ დროს, როცა რაიმე შეიცვლება და დამატებითი 30 ლარი გადასახდელი არ ექნებათ.

„მშობლებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ პედაგოგებს ამ თანხით შეიძლება მოემატოთ, ყველაზე დიდი, 10-დან 30 ლარამდე. ქეთი ფეიქრიშვილი მხოლოდ ახლა ამბობს, პედაგოგებს 30 ლარს მოვუმატებო, თორემ მანამდე თათბირზე მათ უთხრა, 5-დან 10 ლარამდე მოგემატებათო. რატომ არ აძლევს ჟურნალისტებს თავის საშტატო განრიგს, თავისი ხელფასის მაჩვენებლებით? რა თქმა უნდა, მალავს, რადგან, როგორც ამბობენ, თვითონ 5 ათასი ლარის ოდენობით ხელფასი აქვს, შვიდი მოადგილე ჰყავს და რისთვის სჭირდება შვიდი მოადგილე?! კომენტარიც დევს ფეისბუკზე-„ჩეხეთის ელჩის ცოლის დაქალები“... სწორედ მათთვის უნდა ეს თანხები, ამხელა ხელფასებს სპორტის სამინისტრო როგორ დააფინანსებს? ყველა პედაგოგი გვეუბნება, მთავარია, თქვენ დირექციასთან მოაგვაროთ საქმე, თორემ ჩვენ როგორც ვემსახურებოდით ბავშვებს, ისევ უფასოდ მოვემსახურებითო“,-ასეთია მშობლების პოზიცია.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ერთ-ერთი პედაგოგი აცხადებს, რომ პირადად მან მოსაკრებლის დაწესებას ხელი მოაწერა, მაგრამ ამას არ ეთანხმებოდა, უბრალოდ, არ სურდა, ახალი დირექტორის გაღიზიანება, რადგან მისგან ცუდს ელოდა.

„მთელი თაობები აღმიზრდია და ვწუხვარ, რომ ამ საცოდავ ბავშვებს ახდევინებს ფულს არა იმიტომ, რომ პედაგოგებს მოგვიმატოს, არამედ იქიდან მხოლოდ 40-45 ლარს მოგვიმატებს და ისევ თავის დაქალებს გაამდიდრებს. ჩვენს დირექტორს არაფრის ეშინია, შეიძლება ასე ცხოვრება?! ბიძინა ივანიშვილმა რა უნდა გააკეთოს, თუ ჩვენ არ ამოვუდექით მხარში. ბიძინამ არ იცის, რა ხდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. ამიტომ მათი საქციელი ჩვენ უნდა ვამხილოთ. ზოგიერთ მშობელს სამი შვილი ჰყავს, როგორ გადაიხადოს ასე უცებ 150 ლარი? თორემ ქეთისთვის ეს მიზერული თანხაა, ყოველდღიურად ხარჯავს ამდენს“.

ჩვენ ისევ დავუკავშირდით ქეთი ფეიქრიშვილს და ხელფასის დაკონკრეტება ვთხოვეთ, თუმცა მან აღნიშნა, რომ ზოგიერთების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და მას 5500-ლარიანი ხელფასი ნამდვილად არ აქვს. ამასთან, გვირჩია, მოგვეცადა, სანამ მათ საიტზე არ გამოქვეყნდებოდა ხელფასების შესახებ მონაცემები, ხოლო, თუ გვეჩქარებოდა ამ ინფორმაციის დადგენა, მაშინ მისთვის წერილობით მიგვემართა.