„ბოლოს სადღაც მართლაც აღმოჩნდება ბომბი, ამაშია სწორედ მთელი ფილოსოფია“

„ბოლოს სადღაც მართლაც აღმოჩნდება ბომბი, ამაშია სწორედ მთელი ფილოსოფია“

53ე, 24ე და 21ე საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა. თუმცა სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა, რადგან გამნაღმველებმა 24 საათის განმავლობაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცეს. შსსს ინფორმაციით სკოლებში ნაღმის შესახებ შეტყობინების ავტორი ერთი და იგივე პირივნებაა. ამა თუ იმ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებებმა მასშტაბური სახე მიიღო.

ზარის ავტორები ძირითადად არასრულწლოვნები არიან და შესაბამისად კეთდება განცხადება, რომ ბავშვები ამ ფორმით ერთობიან. სისხლის სამართლის ექსპერტი კახი კახიშვილი კი თვლის, რომ ეს სულაც არაა ბავშური გართობა და ამის უკან გარკვეული ძალები დგანან. შსსმ ყველა ცრუ ზარის ავტორი დააკავა. სულ დაკავებულია 15 ადანიანი, მათ შორის ერთი 15 წლის გოგონა, რომელსაც წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა და მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულთაგან 10 არასრულწლოვანია, ხოლო 5 სრულწლოვანი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 112ში ბომბის არსებობს შესახებ ძირითადად რეგიონებიდან რეკავენ.

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისათვის კანონი მკაცრდება. აღნიშნული ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. ახალი კანონი პირველი მოსმენით მიღებულია. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივას 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „კანონპროექტის მომზადება განაპირობა უკანასკნელ პერიოდში ანონიმური შეტყობინებების ზრდამ სხვადასხვა ობიექტებში ნაღმის არსებობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების შესახებ.

ამ ცვლილებების მიხედვით, ცრუ შეტყობინებებისთვის მძიმდება პასუხისმგებლობის ზომა, კერძოდ, ამგვარი ქმედებისთვის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სანქცია იზრდება 2დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო იმ შემთხევაში, როდესაც იგივე ქმედება ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში (წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 3დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, სანქცია იზრდება 5დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ამასთან, დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა „112“ის არამიზნობრივი გამოყენებისთვისაც. ამ მიმართულებით კი სპეციალური მუხლი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება.

ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გახშირდა. უშიშროების ყოფილი მინისტრი ანზორ მაისურაძე დარწმუნებულია, რომ ტერორისტული აქტის შესახებ ზედიზედ რამდენიმე ცრუ შეტყობინება შემთხვევით არ ხდება. ის ამბობს, რომ საკმაოდ სერიოზული ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები იკვეთება. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების შესახებ ინფორმაციის გავრცელების უკან „ნაციონალური მოძრობა“ დგას, რათა მოსახლეობაში დესტაბილიზაციის განცდა შეიქმნას, მეორე ვერსიით კი ამის უკან თავად შსს დგას, რათა მოსახლეობა მუდმივად დაძაბული იყოს.

„როგორ შსს თავის თავს თვითონ სჯის?  ეს გამორიცხულია. მე ვერც ერთს ვერ დავადებ ხელს, მაგრამ შსსმ დროულად უნდა აღკვეთოს ეს ფაქტი. გაარკვიონ ვინ არის ამის ხელმძღვანელი. სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ გამოავლინონ ამის ორგანიზატორი. ფაქტია, რომ ამას აქვს ორგანიზებული ხასიათი და ეს პირდაპირ უკავშირდება საპრეზიდენტო არჩევნებს. მიზანი ნათელია,  მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდის დამკვიდრება. ერთ დღეს შეიძლება მართლაც რაღაცა აფეთქდეს და სავალალო შედეგი მივიღოთ.

ეს არაა შემთხვევითი. ეს ხდება შეგნებულად და მიზანმიმართულად. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ვიღაცა ხელმძღვანელობს, რომელიც გამოსავლენია. ხედავთ, რომ თითქმის, ყველა ზარის ავტორი არასრულწლოვანია, ეს შემთხვევით არ ხდება. ორგანიზატორებმა მშვენივრად იციან, რომ არასრულწლოვანი მოქმედი კანონით არ ისჯება. მარტო ზარის ავტორების გამოვლენა არაა საკმარისი, ამას ჰყავს ორგანიზატორი და სწორედ ის უნდა გამოავლინოს სამინისტრომ. ქართული ზღაპარისა არ იყოს, მგელი, მგელიო და მერე მართლა რომ მოვიდა მგელი, ზუსტად ასეა საქმე. ბოლოს სადღაც მართლაც აღმოჩნდება ბომბი, ამაშია სწორედ მთელი ფილოსოფია“, - აცხადებს for.geსთან საუბრისას ანზორ მაისურაძე.

„როგორც სისხლის სამართლის სპეციალისტს, ადამიანს, რომელსაც გამოძიებასთანაც მქონდა შეხება, მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ როდესაც მოკლე დროში ერთი სახის დანაშაული მეორდება, ასეთ შემთხვევაში, ფაქტობრივად, იკვეთება სისტემური ნიშნები“, - ამბობს კახი კახიშვილი რომლის განცხადებით, ჩნდება კითხვები, ასეთი ტიპის დანაშაულის მომზადება ან წაქეზება ორგანიზებულად ხომ არ ხდება, ვინაიდან ეს მუხლი არ მიეკუთვნება არც მძიმე და არც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ტიპს, ითვალისწინებს 3 წლამდე პატიმრობას, ისიც, უკიდურეს შემთხვევაში.

„რატომღაც, ძირითადად არასრულწლოვანები სჩადიან ამ დანაშაულს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამაზე პასუხს ვერ აგებენ. ხომ არ ხდება ეს გარკვეული ანაზღაურების საფუძველზე? ღრმად ვარ დარწმუნებული, ძალიან ძნელი იქნება ამის დადგენა, რადგან ადამიანებს, რომლებიც დგანან დანაშაულის უკან, გამოცდილება ექნებათ და ასე პირდაპირ პოლიტიკური ინტერესებით დანაშაულის ჩამდენებთან არ მივიდოდნენ. მნიშვნელოვანია, ყველაფერი დაადგინოს გამოძიებამ და ჩვენმა სპეცსამსახურებმა და ზუსტადაც გამოკვეთონ ის ჯაჭვი, რომელიც, შესაძლოა, არსებობდეს.

„თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, ასეთი ტიპის დანაშაული ხელს უნდა აძლევდეს მათ, ვინც გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებს იღებს ამ კუთხით. ამ შემთხვევაში დივიდენდებს იღებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ლიდერებიც აცხადებენ, რომ თურმე ქვეყანა ქაოსშია, ვერ იმართება და ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში მათთვის ხელსაყრელია“, -  აღნიშნა for.geსთან საუბრისას კახი კახიშვილმა.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, თვითონ შსს-მ გამოკვეთოს თითოეული ადამიანის ბრალეულობის საკითხი, რადგან ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასების საგანი. იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან ამ დანაშაულის უკან, აღარ უნდა გაუჩნდეთ ასეთი ტიპის დანაშაულის მომზადებისა და წაქეზების სურვილი.

„ფაქტია, რომ ამ დანაშაულის უკან დგანან ზრდასრული პოლიტიკური ძალები, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ და შსს-ს შესაძლებლობებიც ძალიან კარგად იციან, ვინაიდან წლების განმავლობაში თვითონ მართავდნენ ამ სისტემას. ამიტომაც, შესაძლებელია, რომ შსს-ს გაუჭირდეს ამ ჯაჭვის შეკვრა. არ მგონია, რაიონული პარტიული ორგანიზაციებიდან იძლეოდნენ ასეთ მითითებებს. აქ იმუშავებენ გავლენის აგენტები. ფაქტია, რომ სერიოზული ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობს ასეთი ტიპის დანაშაულის ორგანიზატორთა მხრიდანაც“, - ამბობს კახი კახიშვილი.

მისივე თქმით, შსს-ს უნდა ეყოს პროფესიონალიზმი, გამოკვეთოს ყველაფერი, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები და იმ შემთხვევაში თუ განცხადებები არ დადასტურდება, მისივე თქმით, ეს ისევ და ისევ იმ პოლიტიკური გუნდის წისქვილზე დაასხამს წყალს, რომლის მიმართაც საფუძვლიანი კითხვები ჩნდება.