საარსებო მინიმუმი - „დამატებითი თავის ტკივილი ხელისუფლებისთვის“

საარსებო მინიმუმი - „დამატებითი თავის ტკივილი ხელისუფლებისთვის“

საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 146 ლარი და 10 თეთრია, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 245 ლარი და 20 თეთრი. აგვისტოს თვის საარსებო მინიმუმის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სატატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საარსებო მინიმუმი წელს, ყველაზე მეტი, 150,7 ლარი იანვარში იყო, ყველაზე ნაკლები - 144,8 ლარი - ივლისში.

ივანიშვილის ხელისუფლებამ საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით საპარლამენტო არჩევნების წინანდელი დაპირება ნაწილობრივ შეასრულა. 1-ელი სექტემბრიდან საარსებო მინიმუმს, პრაქტიკულად, გაუთანაბრდა პენსია. საქართველოში მინიმალური პენსია უკვე 150 ლარითაა განსაზღვრული. ჯერჯერობით შეუსრულებელია დაპირება საარსებო მინიმუმის ახლებურად დათვლასთან დაკავშირებით.

„პენსია უნდა იყოს იმდენი, რაც არის საარსებო მინიმუმი. თანაც, ასეთი საარსებო მინიმუმი არა - ეს ძალიან ცოტა და ძალიან ცუდად გათვლილია. სწორად უნდა მოხდეს საარსებო მინიმუმის გათვლა და უნდა იყოს ისეთი პენსია, რომ ადამიანმა საკუთარ პენსიაზე ნორმალურად შეძლოს ცხოვრება“, - აცხადებდა გასული წლის ზაფხულში ბიძინა ივანიშვილი.

რატომ დაკარგა აქტუალობა საარსებო მინიმუმის ახლებურად დათვლის საკითხმა და როგორ უნდა განისაზღვროს სამომხმარებლო კალათა? - For.ge ეკონომიკის საკითხთა ექსპერტს სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

სოსო არჩვაძე: საარსებო მინიმუმი გამჭრელი კოზირია ოპოზიციის ხელში, ხელისუფლებისთვის კი ეს თემა დამატებითი თავის ტკივილია. ეს არის ის ცხელი წაბლი ან კარტოფილი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გამოიღოს ცეცხლიდან.

არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ ჰყავს საარსებო მინიმუმს ზღვარს ქვემოთ მოსახლეობა. ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ისრაელი, საქართველო, თუ პოსტსაბჭოთა სივრცის ნებისმიერი ქვეყანა.

თუ საარსებო მინიმუმის თასმა იქნება მაღალი, რა თქმა უნდა, მის მიღმა მყოფი ოჯახების, შინამეურნეობების და მთლიანად მოსახლეობის რაოდენობა იქნება მეტი. თუ ეს თასმა ქვემოთ დაიწევს, ასეთი ოჯახების და ადამიანების რაოდენობა იქნება მცირე. ხელისუფლების კარგ საქმიანობას მოკლევადიან პერიოდში უზრუნველყოფს ამ თასმის რაც შეიძლება დაბალ დონეზე შენარჩუნება. ნებისმიერ ხელისუფლებას ეშინია საარსებო მინიმუმის გაზრდის.

გამოდის, პოლიტიკური კონტექსტის გამო, სტატისტიკური მონაცემები რეალობას კიდევ კარგა ხნის განმავლობაში ვერ ასახავს...

- გამოსავალი არსებობს. თუ წინა პერიოდის საარსებო მინიმუმიც ახალი მეთოდოლოგიით განისაზღვრება, უკვე გვეცოდინება, დინამიკაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობა გაიზარდა თუ შემცირდა. თუ ასე მივუდგებით საკითხს, ამ მეთოდოლოგიის გამოყენება აღარ იქნება საშიში არცერთი ხელისუფლებისთვის. ობიექტური სურათის არსებობის შემთხვევაში კი პოლიტიკაც და ღონისძიებებიც ადეკვატური იქნება, ამით კი საზოგადოება დარჩება მოგებული.

სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოში სამომხმარებლო კალათა სტანდარტებთან შეუსაბამოა. რას ითვალისწინებს სტანდარტი, რა პრინციპი უნდა იყოს დაცული ჯანსაღი კვების რაციონის განსაზღვრისთვის?

- ჩვენს სამომხმარებლო კალათაში კალორიულობის პრინციპი, ანუ საჭირო კალორიების რაოდენობა, თითქმის, დაცულია, მაგრამ დარღვეულია ცხოველური და მცენარეული წარმომავლობის პროდუქტს შორის პროპორცია. ცხიმების არანაკლებ 60% ცხოველური წარმომავლობის უნდა იყოს, ჩვენთან კი ეს ციფრი გაცილებით დაბალი - დაახლოებით 30%-ია. თუ კალორიებს ენერგეტიკული ღირებულების მიხედვით დავითვლით, რა კალორიებსაც ადამიანი იღებს, ვთქვათ, საქონლის ხორცისგან, იმავე ოდენობის კალორიების მიღება შესაძლებელია შაქრიდანაც. საქონლის ხორცი შაქარზე ბევრად ძვირია, შესაბამისად, სამომხმარებლო კალათაში საქონლის ხორცის შეტანა საარსებო მინიმუმს გაზრდის.

არის კიდევ ერთი პრობლემა - საარსებო მინიმუმის გაანგარიშების დროს პროპორცია დარღვეულია სასურსათო და არასასურსათო ნაწილებს შორის და ნორმად მიჩნეულია 90-იან წლებში, ექსტრემალურ პირობებზე მორგებული თანაფარდობა - 70/30-ზე, სადაც 70% სურსათისთვისაა განკუთვნილი, 30% ყველაფერ დანარჩენზე. ასეთი პროპორცია დღეს არარელაურია, ამიტომ ეს პარამეტრიც უნდა გადაისინჯოს და სურსათის წილი 50%-მდე უნდა დავიდეს.

დაახლოებით რამდენი იქნება სააარსებო მინიმუმი ამგვარი ცვლილებების შემთხვევაში?

- ნათქვამია, ორმოს ორი ნახტომით ვერ გადაახტები. ერთი ნახტომი უნდა მოზომო, რომ არ ჩავარდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რას ვაკეთებთ ჩვენ - ორივე „ნახტომს“ თუ ერთდროულად დავგეგმავთ, ეს სერიოზული გამოწვევა იქნება. თუ პირველ ეტაპზე 70/30-ზე პროპორციას შევამცირებთ და ამ პარამეტრს დავიყვანთ 50/50-ზე, საარსებო მინიმუმი დაახლოებით 220 ლარი იქნება.

საქართველოში მინიმალური პენსია უკვე 150 ლარია და საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდა, 220 ლარის განსაზღვრის შემთხვევაში, ეს პროპორცია კვლავ დაირღვევა...

- თუ კვების რაციონს დავაბალანსებთ - პურისა და შაქრის წილს თუ შევამცირებთ და ცხოველური წარმოშობის პროდუქტის რაოდენობას გავზრდით, მაშინ, საკამოდ სოლიდურ ციფრზე გავალთ, რომელთანაც ახლანდელი პენსია მართლაც მცირე იქნება. ეს არის ჩვენი რეალობა. ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე პირობებში, მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა. საქართველოს ეკონომიკას ის დონეც კი არ დაუბრუნებია, რაც 80-იანი წლების ბოლოს ჰქონდა. ამიტომ ბევრი პარამეტრის მიხედვით, ჩამორჩენის რეჟიმში გვიწევს მუშაობა. მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს დაახლოებით 1020 $-ის დახარჯვა შეუძლია. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში კი ეს ციფრი 20-25 ათასითაა განსაზღვრული. საქართველოს ეკონომიკას შესაბამისი პოტენციალი არ გააჩნია. საუკეთესო ეკონომისტები რომ მოვიყვანოთ ხელისუფლების სათავეში და მინისტრებად მსოფლიოში აღიარებული ნობელის პრემიის ლაურეატები დავნიშნოთ, არაფერი შეიცვლება. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა გავზარდოთ პოტენციალი და მერე უნდა ვიზრუნოთ სხვა საკითხებზე.

სოციალური ვალდებულებები, რაც სახელმწიფომ ბოლო პერიოდში აიღო, იმაზე მეტია, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკას შეუძლია. ჩვენი სოციალური პროგრამა გაცილებით სამომხმარებლო დატვირთვის არის. ეს წლების განმავლობაში დაჩაგრული მოსახლეობის მიმართ ერთგვარი ჟესტიც არის, ხელისუფლებისგან შეთავაზებული „მორალური კომპენსაციის“ მონეტიზებული ფორმაა.

ვდგავართ არჩევანის წინაშე - მეტი თანხები მივცეთ მოსახლეობას და მეტი საქონელი იყიდოს, თუ საქონელი უსასყიდლოდ დავურიგოთ და შევეგუოთ იმას, რომ სოციალური შეღავათების, დაბალი ტარიფების, უფასო სახელმძღვანელოების პირობებში ეკონომიკის ზრდა იქნება დაბალი. მოსახლეობამ უნდა დაძლიოს ინფანტილური დამოკიდებულება - ხელისუფლებას არ აქვს შავი ყუთი, საიდანაც ხელის ერთი მოსმით ბაჭიას ამოიყვანს ყურებით.