შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი, 1970 წელს დაბადებული ვახტანგ კობახიძე და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე, 1953 წელს დაბადებული აკაკი დანელია ამხილეს. ამჟამად ორივე მათგანი დაკავებულია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები თანამდებობრივი უფლებამოსილების და საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ უკანონო გარიგებაში შედიოდნენ პირებთან, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისათვის სურდათ წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიით სარგებლობა. დადგინდა ისიც, რომ მათ დაინტერესებულ პირს აღუთქვეს, რომ ყოველგვარი ნებართვისა და საიჯარო ხელშეკრულების გარეშე წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს სარგებლობაში გადასცემდნენ, სადაც ის შეძლებდა ავტომანქანების მოძრავი გაზგასამართი სპეციალური ავტომანქანის დაყენებას და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას. ასევე, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით სამსახურებრივ მფარველობას დაპირდნენ, რისთვისაც ქრთამის სახით მოითხოვეს და აიღეს 11 000 ლარი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. (სსსკ-ს 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,, და ,,გ,, ქვეპუნქტებით, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.