კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი მედიის წარმომადგენლებს აკრიტიკებს. უფრო სწორად, იმ ჟურნალისტების მიმართ გამოთქვამს პრეტენზიებს, რომლებიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. დასაქმების პროგრამაზე წარმოებულ წინასასამართლო პროცესებს აშუქებენ.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტების მიმართ პრეტენზიები დღეს მას შემდეგ გამოთქვა, რაც მედიის წარმომადგენლებმა ყოფილი ჩინოვნიკის ჩაწერა არ ისურვეს.
კერძოდ, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წინასასამართლო სხდომაზე, დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ ფოტო-ვიდეო გადაღება განახორციელა და პროცესის ამსახველი მასალები სოციალურ ქსელ - Facebook-ში ატვირთა, რაც პროკურორებმა გააპროტესტეს და მოსამართლის წინაშე შუამდგომლობა დააყენეს, რომ დამსწრე საზოგადოების მხრიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის ნორმები დაცულიყო და გადაღება მხოლოდ იმ პირებს ეწარმოებინათ, რომელთაც ფოტო-ვიდეო გადაღების თხოვნით, სასამართლოს მიმართეს.
პროკურორ რევაზ თოფურიას განმარტებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მიხედვით, სასამართლო პროცესის ექსკლუზიურად გაშუქების უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, პროცესზე დამსწრე პირები კი, ფოტო-ვიდეო გადაღებას კანონის დარღვევით აწარმოებენ, რის გამოც, გადაღება უნდა აიკრძალოს.
თუ რას გულისხმობდა რევაზ თოფურია ფოტო გადაღების აკრძალვაში, for.ge-მ ამ საკითხზე განმარტება მეორე პროკურორს, ნათია სონღულაშვილს სთხოვა.
მისი განცხადებით, თოფურიას შუამდგომლობა იმას გულისხმობდა, რომ თუ პირს ფოტო-აუდიო გადაღების ნებართვა აქვს, მან გადაღება სასამართლო დარბაზში განკუთვნილი სპეციალური ადგილიდან უნდა აწარმოოს.
„თუ ფოტო-აუდიო გადაღება ნებადართულია, ამისთვის სასამართლო დარბაზში სპეციალური ადგილია განკუთვნილი. თუ ვინმე ამ უფლებით ისარგებლებს, ის იმ ადგილზე უნდა მივიდეს, სადაც ჟურნალისტები არიან, ან ფოტო გადაღების განხორციელებაზე უარი თქვან. ბრალდების მხარემ სასამართლოს კანონის დაცვა მოსთხოვა და არა ის, რომ ვინმესთვის ამა თუ იმ მედია საშუალებას ფოტო-ვიდეო გადაღება აეკრძალოს“, - განმარტავს სონღულაშვილი, რომლის განცხადებაშიც სიმართლე ფიგურირებს, რადგან ფოტო-ვიდეო გადაღების ნებართვის მიზნით, პირმა სასამართლოს ან წინა დღეს უნდა მიმართოს, ან გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში, სასამართლო დღეს. ამ გზას კი, მხოლოდ მედიის წარმომადგენლები ირჩევენ და უკვე მესამე სხდომაა, რაც ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ტარდება და ჟურნალისტებს გადაღების კუთხით, პრობლემები არ შექმნიათ. რაც შეეხება გოგა ხაჩიძეს, დეპუტატი დარბაზის შუა ნაწილში თავსდება და გადაღებას კომფორტული ადგილიდან აწარმოებს, მედიის წარმომადგენლები კი, ლოჟის ბოლო, მარჯვენა მხარეს გამოყოფილ ადგილას თავსდებიან.
აღსანიშნავია, რომ გოგა ხაჩიძე მოსამართლის გადაწყვეტილებას დაემორჩილა და გადაღებაზე უარი თქვა, მისგან განსხვავებით კი, ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა „აკრძალვებზე“ გაამახვილეს ყურადღება. ყოფილმა პრემიერმა საზოგადოებრივი არხი როგორც თავად უწოდა, „სამარცხვინო პროცესის“ არასათანადო გაშუქებაში დაადანაშაულა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა კი, განგაშის ზარი შემოკრა და ხელისუფლება ცენზურის დაწესებაში დადანაშაულა, თუმცა, მას „კოვზი ნაცარში“ ჩაუვარდა. დღის პირველ ნახევარში, ჟურნალისტებმა წინასასამართლო პროცესზე მიმდინარე მოვლენების გაშუქება განიზრახეს და მის ჩაწერაზე უარი თქვეს, რაზეც ჭიაბერაშვილის რეაქციამ არ დააყოვნა.
„ჟურნალისტები ვერ ხვდებიან რა უნდა გააშუქონ! ამისთვის მჭირდება აქ - გიორგი“, - განაცხადა თანაგუნდელებთან საუბრისას ჭიარებაშვილმა, რომელიც ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი პატარაიას არსებობას ნატრობდა.
მართალია, ყოფილ მინისტრს ნატვრა არ აუხდა, მაგრამ მას მონდომება დაუფასდა. მედიის წარმომადგენლებმა გუბერნატორი წინასასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჩაწერეს, სადაც მან აღნიშნა, რომ საზოგადოებას პროკურატურამ ორი რამით დაგვამახსოვრა თავი:
„პირველ რიგში, პროკურატურამ მოითხოვა, რომ სასამართლო პროცესი რაც შეიძლებოდა დახურული ყოფილიყო. ასეთი შეკერილი საქმით თვალში ნაცრის შეყრა ასე ადვილი არ არის“, - დასძინა მინისტრმა, რომელსაც პროკურატურა ბრალს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში სდებს, ანუ - საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრისთვის.
რაც შეეხება წინასასამართლო სხდომაზე მიმდინარე სხვა პროცესებს, ბრალდებისა და დაცვის მხარემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. პროკურორებმა მოითხოვეს, რომ დაკითხული არ იყვნენ ყოფილი მინისტრები, დაცვის მხარემ კი, 3969 მოწმეთა სიის შემცირება მოითხოვა. ასევე, მათ შუამდგომლობა დააყენეს, რომ დაუშვებლად ყოფილიყო ცნობილი მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავების ოქმები. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. მათ შორის, არც ვანო მერაბიშვილის შუამდგომლობა, რომელიც მოწმეთა სიის შემცირებას ითხოვდა. აღნიშნული მოთხოვნის გარდა, მერაბიშვილს სხვა საკითხებზე არ უსაუბრია, განსხვავებით წინა სხდომისგან, სადაც მან მეუღლეს, თაკო სალაყაიას ჰაეროვანი კოცნები უგზავნა. საგულისხმოა, რომ მერაბიშვილის უხასიათობაზე for.ge-სთან კულუარულ საუბარში უმცირესობის ლიდერებიც საუბრობენ. მათი ცნობით, ყოფილი „ხერხემალი“ მიმდინარე პროცესებს განიცდის და „ის ვანო, აღარ არის რაც იყო“.