„ხუდონჰესის“ პროექტის განხილვა დაპირისპირების ფონზე წარიმართა

„ხუდონჰესის“ პროექტის განხილვა დაპირისპირების ფონზე წარიმართა

„ხუდონჰესის“ პროექტის განხილვა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ერთმანეთს „ხუდონჰესის“ მშენებლეობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრის დასასრულს, როდესაც მშენებლობის მოწინააღმდეგეები სიტყვით გამოდიოდნენ, მათ მიმართ გაისმა რეპლიკები, რასაც დაპირისპირება და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ სვანეთში გიგანტური ჰესის მშენებლობა არ შეიძლება, რადგან ის გამოიწვევს სოფლების დატბორვას და ისტორიული ადგილების განადგურებას. ამას ეწინააღმდეგებოდნენ პროექტის მომხრეები, რამაც ხმაური გამოიწვია. ვითარება ისე დაიძაბა, რომ შეხვედრის ორგანიზატორებმა კონფერენცია დასრულებულად გამოაცხადეს. როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მსგავსი ღონისძიება და პროექტის განხილვა კვლავ გაიმართება.

„ხუდონჰესის“ მშენებლობის გამო სვანეთში დაახლოებით 200 ოჯახს, დაახლოებით 800 ადამიანს მოუწევს განსახლება. კომპანია „ტრანსელექტრიკამ“ 2012 წელს წინასწარი აღწერა და კვლევა ჩაატარა. კომპანიის ინფორმაციით, განსახლება მოხდება შემდეგი დასახლებული პუნქტებიდან: ხაიში, გაღმა ხაიში, ლუხი, ქვედა წვირმინდი, ლარჯა, ტობარი და ლავხორალი.

გარდა ამისა, ზემოქმედების ქვეშ ექცევა ხაიშის ტერიტორიაზე არსებული წმინდა გიორგის ეკლესია და საფლავები, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სწორედ ამ ეკლესიას და საფლავებს, როგორც კომპანიაში ამბობენ, ადგილმონაცვლეობა განხორციელდება თემებისა და ეკლესიის წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე და საქართველოში მოქმედი დებულებების თანახმად. 

უშუალოდ საფლავებს რაც შეეხება, მათ გადაადგილებამდე დაგეგმილია იდენტიფიცირება და გარდაცვლილების უახლოესი ნათესავების ავტორიზაცია. ამოუცნობი საფლავებისთვის კი შემუშავდება სპეციალური პროცედურა თემთან და ეკლესიასთან კონსულტაციის საფუძველზე. განხორციელდება საეკლესიო წესებით გათვალისწინებული ნებისმიერი პროცედურა. კომპანიის წარმომადგენლები აპირებენ, რომ ახალი საფლავების იდენტიფიცირება თემის წევრებთან კონსულტაციის საფუძველზე მოხდეს.

ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს რაც შეეხება და მათ შორის არარეგისტრირებულ მიწებს, კომპანია აპირებს, რომ სრული კომპენსაცია გასცეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე და მათზე განლაგებულ ადგილებზე. მათ შორის არარეგისტრირებულ ქონებაზეც. კომპანია უფასოდ გაუწევს ადგილობრივ მოსახლეობას დახმარებას, რომ დაირეგისტრირონ კერძო საკუთრებაში არსებული და ზემოქმედების ქვეშ მოყოლილი მიწის ნაკვეთები. 

რაც შეეხება უშუალოდ კომპენსაციას, როგორც კომპანიაში ამბობენ, ჩატარებული წინასწარი კონსულტაციის შედეგად მოსახლეობის უმეტესობა დაინტერესებულია, რომ მიიღოს კომპენსაცია ნაღდი ფულით და საცხოვრებლად გადავიდეს მათ მიერ შერჩეულ ადგილზე. კომპენსაცია მიწაზე, შენობა-ნაგებობებზე და ხეებზე გაიცემა მათი აღდგენითი ღირებულებით, ხოლო აღნიშნულს ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტები. 

ამასთან, როგორც კომპანიაში განმარტავენ, მთავრობამ კომპანიას სიმბოლურ ფასად, 1 აშშ დოლარად გადასცა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახელმწიფო მიწა და საბჭოთა კავშირის დროინდელი ნაგებობები, თუმცა მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპანია აპირებს, რომ სახელმწიფოს უფასოდ დაუბრუნოს ის მიწის ნაკვეთები, რომელთა გამოყენებაც აღარ იქნება საჭირო ჰესის ექსპლუატაციისთვის.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი „ხუდონჰესის“ მშენებლობის საჯარო განხილვის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ არეალში მოქცეული მოსახლეობის განსახლება მათი ინტერესების სრული დაცვით მოხდება.

„ხუდონჰესის მშენებლობის არეალში მოქცეული მოსახლეობის განსახლების გეგმის მეორე ფაზის შესამუსავებლად ხელშეკრულება კანადურ კომპანია „რეპლანთან“ გაფორმდა. მოსახლეობის კომპენსირება და განსახლება მსოფლიო ბანკის 4/12 სტანდარტებით განხორციელდება, რაც მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას გულისხმობს, მაგრამ არარეალური მოლოდინები არავის უნდა ჰქონდეს“,- განაცხადა ელოშვილმა. 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კონტრაქტორმა კომპანიამ მშენებლობის ნებართავა 2014 წლის მარტში უნდა მიიღოს. თავის მხრივ, კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარემოს ზემოქმედების დოკუმენტში, ძალიან ბევრი რეალობასმოკლებული შენიშვნაა მოცემული.

„შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების მხრიდან არაერთი შენიშვნა გამოითქვა. ჩვენი კომპანია გამოთქმულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს გაითვალისწინებს და წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. სოფელ ხაიშის თითოეული მცხოვრების ინტერესების დაცვის გარანტიას სახელმწიფო და ინვესტორი იძლევა“, - აცხადებს კომპანიის ტექნიკური დირექტორი პაატა წერეთელი.

„ხუდონჰესის“ მშენებლობის მეორე საჯარო განხილვა ხმაურიანი დებატებით დასრულდა, თუმცა რაიმე სახის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა. საჯარო განხილვის პარალელურად „ხუდონჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს, რომლებიც დიდი ჰესების მშენებლობის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას მოითხოვდნენ. აქციის ორგანიზატორის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ელექტროსადგურის მშენებლობა ამ ხელისუფლების საარჩევნო დაპირებების დარღვევაა. 

„როგორც საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთმა ავტორმა, შევძელი კოალიცია ჰესების მშენებლობის აკრძალვაში დამერწმუნებია, საყოველთაოდ ცნობილია, რომ დიდი ჰესების მშენებლობა კლიმატის მასშტაბურ ცვლილებებს გამოიწვევს, საუბარია არამარტო ეკლესიების, სოფლების და კულტურული ძეგლების დაზიანებაზე, არამედ მთლიანად სვანეთის კლიმატის ცვლილებაზე, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. სვანეთი სეისმურად აქტიური ტერიტორიაა და დიდი ჰესები ამის მთავარი მაპროვოცირებელია. „ხუდონჰესის“ მშენებლობა თურქეთში მიზერული ელექტოენერგიის გაყიდვისთვის ეროვნული ინტერესების ფეხქვეშ გათელვაა. თუმცა, არ გამოვრიცხავ კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებასაც“, - აცხადებს ჩხარტიშვილი.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ხალხის დაკვეთა უნდა შეასრულოს და ჰესის მშენებლობა შეჩერდეს. ამასთან, ჩხარტიშვილის თქმით, 25 სექტემბერს კანცელარიასთან „ხუდონჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მორიგი აქცია გაიმართება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდება.