ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს იმ ახალგაზრა ბიჭის მამა, რომლის ფოტოც კილაძემ გაავრცელა. როგორც დავით რუსაძე ამბობს, მისი შვილს ხელზე ტრავმა კი აქვს, მაგრამ ეს ციხეში კი არა, სახლში მიიღო ე.წ. სახელოსნო დაზგაზე. კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს სასჯელაღსრულების სამინისტროც. როგორც ირკვევა, ელისო კილაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან არც ერთი არ არის გადაღებული ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ორი ფოტოსურათი, სადაც ნაჩვენებია პატიმრის მოკვეთილი ხელი, გადაღებულია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 2012 წლის ივლისში. ხელი ეკუთვნის პაციენტ ნოდარ რუსაძეს, რომელიც არასოდეს ყოფილა პატიმარი. რაც შეეხება დანარჩენ ფოტოებს, სადაც ასახულია პატიმართა რენტგენის სურათები, საიდანაც ირკვევა, რა გზით შეაქვთ პირებს აკრძალული საგნები ციხეში, ეს ფოტოები სასჯელაღსრულების სამინისტრომ საზოგადოებას უკვე წარუდგინა.
როგორც სოზარ სუბარი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს ამ ფაქტიდან დასტურდება სამინისტროს ინფორმაცია, რომ ნამდვილად არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ სისტემის დისკრედიტაციას და როგორც ჩანს, სწორედ მათ მიაწოდეს ელისო კილაძეს მცდარი ინფორმაცია. ინფორმაციისთვის დამაჯერებლობის ელფერის მისაცემად კი თან დაურთეს ის ფოტოები, რომლებიც გუშინ თავად სამინისტრომ გაავრცელა.
არის თუ არა დადგენილი თუ არის იმ ფოტოების ავთენტურობა რომელიც ელისო კილაძემ გამოაქვეყნა?
სოზარ სუბარი: როგორც ჩანს მას მიაწოდეს სურათები, სადაც რამდენიმე არის ციხის კადრი, რამდენიმე - საერთოდ არ ვიცი საიდან მოიტანეს. რაც შეეხება იმ ფოტოებს, სადაც ასახულია, როგორ ცდილობენ ადამიანები ტელეფონის შეტანას, ეს ფოტოები ჩვენს მიერაა გადაღებული და გავრცელებული. ხოლო ის ფოტოები, რომელიც თითქოსდა ციხის საავადმყოფოშია გადაღებული, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს გადაღებულია ღუდუშაურის საავადმყოფოში. ის ამტკიცებს, რომ მოხდა ციხეში და დაიმალა. ეს არის ტყუილი. შეუძლებელია ასეთი ფაქტის დამალვა. ძალიან მარტივად დავადგინეთ ვის ეკუთვნის ეს სურათები.
შეგიძლიათ თქვათ ვის ეკუთვნის?
- ეს არის ახალგაზრდა კაცი, მის სახელს შეგნებულად არ დავასახელებ, პაციენტის უფლებების დარღვევა იქნება. მას მოუვიდა ინციდენტი არა საპატიმროში, არამედ საკუთარ სახლში.
ეს ახალგაზრდა კაცი, პატიმარია?
- არა, და არც არასოდეს არ ყოფილა. არანაირი კავშირი ციხესთან არასოდეს არ ჰქონია. ეს ფოტო გადაღებულია შარშან ივლისში, როდესაც ჩვენ საერთოდ არ ვიყავით ხელისუფლებაში. რატომ აკავშირებენ ჩვენთან ამ ფაქტს, გაუგებარი იქნებოდა, რომ არა ის ინფორმაცია რომელიც ჩვენ მივიღეთ - რომ ცდილობენ ასეთი ფალსიფიცირებული მასალებით გაავრცელეონ დეზინფორმაცია. რაც შეეხება თამაშებს, სანამ იტყვიან, არის თუ არა აზარტული თამაშები, კარგი იქნება დაელაპარაკონ პოლიტპატიმარ ბესარიონ ხარძიანს, რომელსაც კუს ტბა წაართვეს. პატიმრებმა ოლეგ რამიშვილმა და შოთა არჩვაძემ აიძულეს, რომ ეთამაშა. ბოლოს უთხრეს, რომ შენ ამ თამაშებით 7 მილიონი და კუს ტბა წააგეოო. ცემა-წამებით აიძულეს, რომ ხელი მოეწერა კუს ტბის დათმობაზე. შეხვდეს ხარძიანს და ჰკითხოს.
თქვენ ამბობთ, რომ გაუგებარი იქნებოდა, რატომ აკავშირებენ ამ ფაქტს თქვენთან, რომ არა ის ინფორმაცია რომელიც მიიღეთ. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ რა ინფორმაციას ფლობთ? ახალი ხელისუფლების ოპონენტები ციხეებში კომპრომატების მოპოვებისთვის მუშაობენ?
- ოპონენტების მიზანია, ხელოვნურად შექმნან ვიდეოჩანაწერები, რომელსაც სისტემის დისკრედიტაციისთვის გამოიყენებენ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობენ ჩვენი ოპონენტები მსჯავრდებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ასევე ჩვენს მიერ სისტემიდან დათხოვნილ, თუ ჯერ კიდევ მოქმედ ზოგიერთ თანამშრომელთან კომპრომატების მოპოვებისა თუ მათი ხელოვნურად შექმნის მიზნით. მათი მიზანია, მოიპოვონ ან ხელოვნურად შექმნან ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახული იქნება მსჯავრდებულებს შორის კონფლიქტები და არეულობის სცენები, რათა შემდეგ ეს ჩანაწერები გამოიყენონ სისტემის დიკრედიტაციისთვის. ეს არ არის ჩემს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ეს არის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.
ეს ოპერატიული ინფორმაციაა?
- ხშირ შემთხვევაში ამას პატიმრები და მათი მშობლები გვეუბნებიან. პატიმრის მშობელთან ვიღაც მუშაობს, მერე ჩვენთან მოდიან და გვეუბნებიან ამას. რომ გითხრათ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ - არა, მაგრამ პრევენციას ვახდენთ. არიან პატიმრები, რომლებიც პრივილეგირებულები იყვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის პერიოდში, ესენი არიან ე.წ. მომსახურებაში ჩართული პატიმრები, რომლებსაც ჰქონდათ სერიოზული შემოსავლები, დღეს მოაკლდათ ეს შემოსავლები. ახლა ესენი განაწყენებული არიან და, შესაბამისად, ცდილობენ აჟიოტაჟის შექმნას.
რამდენადაც ცნობილია, ჩხრეკის შედეგად სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები. რა სახის ჩანაწერებია ამოღებული?
- ჩანაწერებში მსჯავრდებულთა და თანამშრომელთა მხრიდან სარეჟიმო წესების დარღვევები იკვეთება. ყველა ფაქტზე სამართლებრივი რეაგირებაა მომხდარი და დამნაშავეები დაისჯებიან. ხდება კომპრომატების ხელოვნურად შექმნა, სადაც ასახული იქნება მსჯავდებულთა შორის კონფლიქტები, რათა შემდეგ ეს ჩანაწერები სისტემის დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ თუ კი ისინი კანონს დაარღვევენ, შესაბამისად დაისჯებიან.
რაც შეეხება ჩანაწერებს... 15-მდე ვიდეოჩანაწერია ამოღებული. არ მინდა დეტალებზე ვისაუბროთ. გამოძიებას უკვე გადავეცით ეს ჩანაწერები და გაარკვევს, არის თუ არა დანაშაულის ნიშნები. გადაღებულია სარეჟიმო მოთხოვნის დარღვევა, სუფრასთან სხედან პატიმრები და სავარაუდოდ, უდევთ ე.წ. ბრაგა. სერიოზული დარღვევა არაა, თუმცა სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევები შეიძლება გამოჩნდეს.
ყველას კარგად გვახსოვს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ატეხა ხმაური, რომ ვანო მერაბიშვილთან ზედამხედველმა თურმე რუქა არ შეატანინა, მეც რომ გავიგე - გამიკვირდა, სისტემის წინააღმდეგ ხომ არ ხდება შეგნებულად ეს ფაქტი-თქო. გადავამოწმეთ და გავარკვიეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აუკრძალია რუქის შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამი წლით პატიმრობა ემუქრება იმასაც, ვინც ამ რუქას შეატანინებს და იმისაც, ვისაც შემდეგ ეს რუქა აღმოაჩნდება. ვანო მერაბიშვილი ჩვენმა ერთ-ერთმა რიგითმა თანამშრომელმა გადაარჩინა სამი წლით პატიმრობას. მის მის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე ემუქრებოდა სამწლიანი პატიმრობა.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამოღებული ნივთებს, თუ არის ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებული?
- 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აკრძალული საგნების, თანამშრომლებზე თავდასხმის, მსჯავრდებულთა მიერ ერთმანეთის ჯანმრთელობის დაზიანების და სხვისი ნივთების დაზიანების ფაქტზე სულ აღძრულია სისხლის სამართლის 202 საქმე. პერმანენტული ოპერატიულ სარეჟიმო ღონისძიებების შედეგად, აკრძალული საგნების აღმოჩენისა და შენახვის ფაქტზე აღძრულია 103 საქმე, 20 შემთხვევაში გამოძიება უკვე დასრულებულია და სასამართლო გადაწყვეტილებით დამდგარია შესაბამისი განაჩენი. ადმინისტრაციაზე თავდასხმა-დაუმორჩილებლობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის 26 საქმე.
ყველა ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება და ზოგიერთ საქმეზე განაჩენიც არის დამდგარი. აკრძალულ ნივთებში არ შედის მარტო ე.წ. შტირი, აქ არის ალკოჰოლის შემცვლელი სასმელიც, ძირითადად ეს არის ბრაგა. როგორ ხდება ამ ბრაგის დამზადება - პური, ხილი და ჩაი საკმარისია იმისათვის, რომ დამაზადდეს ეს ბრაგა. ეს ყვეაფერი კანონით ნებადართული ნივთია. იმის გამო, რომ ბრაგა არ დაამზადოს, ჩვენ ხილის შეტანას ვერ ავკრძალავთ, რადგან ხილის ნაკლებობამ შესაძლოა გაცილებით მძიმე ავადმყოფობა გამოიწვის. მაგრამ ამას ვებრძვით. ხდებოდა თუ არა ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის დროს? რა თქმა უნდა, ხდებოდა და მე შემიძლია გითხრათ, რომ მერაბ რატიშვილმა ციხეში არყის სახდელი ქვაბი გააკეთა და არაყი გამოხადა. დღეს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ მათ დროს ეს არ ხდებოდა, ესაა სასაცილო.
უმცირესობა ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან აკრძალული საგნების ამოღება ადასტურებს, რომ საპატიმრო დაწესებულებაში სიტუაცია არის უმართავი...
-გაიხსენონ, როდის მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და როდის გახდა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი. 2003 წლის 23 ნოემბერს სააკაშვილმა ხელისუფლება აიღო ხელში, ზუსტად წელიწადნახევრის შემდეგ 2006 წლის 27 მარტს მოხდა ამბოხი ორთაჭალის პირველ საპყრობილეში. ამბოხის ჩახშობის შემდეგ ციხიდან ამოიღეს არა მხოლოდ თვითნაკეთი იარაღები, არამედ ცეცხლსასროლი იარაღი. ორ რამესთან შეიძლება გვქონდეს საქმე - ან ეს იარაღი ჩაუდეს სააკაშვილის ბრძანებით პატიმრებს, ან ეს იარაღი შეტანილი იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. აღიარონ, რასთან გვქონდა საქმე. თვით მე-7 საპყრობილეშიც კი, რომელიც ყველაზე მკაცრ დაწესებულებად ითვლებოდა და ითვლება დღესაც, ასეთი იარაღები ამოღებული აქვთ მათ.
კონკრეტული მაგალითი შეგიძლიათ დაასახელოთ?
- პატიმარი ქართველიშვილი, რომელიც დღესაც იხდის სასჯელს მე-7 საპყრობილეში, მისი საკნის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ე.წ. შტირი. ეს პატიმარი დღეს სტარსბურგის სასამართლოში ჩივის საქართველოს წინააღმდეგ, რომ ეს შტირი იქნა ჩადებულიო. აქაც უნდა აღიაროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პირადად მიხეილ სააკაშვილმა, რასთან გვქონდა საქმე შედიოდა მე-7 საპყრობილეში ასეთი იარაღები, პატიმრები ამაზადებდნენ ამას თუ ჩაუდეს მათ. სამი დღის წინ მაშტაბური ჩხრეკა ჩატარდა, გუშინ გვიან ღამითაც მე-7-ე დაწესებულებაში ჩატარდა ჩხრეკა.
გეგმის მიხედვით ხდება დაწესებულებების ჩხრეკა?
- რა თქმა უნდა, შედგენილია გეგმა, თუმცა გეგმის გარეშეც შეიძლება მოხდეს ჩხრეკა, როდესაც გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია კონკრეტულ საკანზე. მაგრამ მასშტაბური ჩხრეკა წინსაწარ არის დაგეგმილი და ამის შესახებ ინფორმაცია აქვს მხოლოდ სამ კაცს. ჩვენ ამით სხვა რამ დავამტკიცეთ...
რა დაამტკიცეთ?
- დავამტკიცეთ ის, რომ მასშტაბური ჩხრეკა პატიმართა ცემისა და წამების გარეშეც არის შესაძლებელი. კარგად მახსოვს 2006 წლის 19 იანვარი, როდესაც ბათუმში ჩატარდა მასშტაბური ჩხრეკა. აბსოლუტურად ყველა პატიმარი გამოიყვანეს ეზოში, რამდენიმე საათის განავლობაში თოვლში ფეხშიშველი ჰყავდათ, აბსოლუტურად ყველა ცემეს. პატიმრებს ხატები წაართვეს, წაართვეს ის ნივთებიც კი, რაც მათ კანონით ეკუთვნოდათ. მათგან განსხვავებით, ჩვენ ამას ვაკეთებთ ცივილიზებულად, არანაირ ძალადობას ადგილი არ აქვს. თუ ვინმე კანონს არღვევს ის შესაბამისად პასუხსაც აგებს.
იყო წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა?
- იყო რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ ადგილზე იქნა ეს აღკვეთილი და ამაზე დაიწყო გამოძიება.