საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ ტრეიონი საქართველოს თავდაცვის უწყებაში იმყოფებოდა. ამერიკელი გენერალი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ მიიღო. გაფართოებულ შეხვედრას დაესწრნენ ასევე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები ბრიგადის-გენერალი ვახტანგ კაპანაძე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შეიარაღებული ძალებში მიმდინარე რეფორმები და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. გენერალმა ტრაიონმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების წვლილი, რომელიც მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებაში შეაქვთ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ და გენერალ-ლეიტენანტმა ტრაიონმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.