პაატა მანჯგალაძე: ორი წიგნი თუ არ გაქვთ წაკითხული, სახარება მაინც წაიკითხეთ, რომ უფლის სიტყვები პაატა მანჯგალაძეს არ მიაწეროთ

პაატა მანჯგალაძე: ორი წიგნი თუ არ გაქვთ წაკითხული, სახარება მაინც წაიკითხეთ, რომ უფლის სიტყვები პაატა მანჯგალაძეს არ მიაწეროთ

ორი დღეა ხელისუფლების პროპაგანდისტები დაათრევენ გამონათქვამს, თითქოს მე ვთქვი, რომ „არავის ხელეწიფება ორთა ბატონთა მონობა“ - სახარებიდან უფლის სიტყვების პერიფრაზირება მოვახდინე და მე მომაწერეს, თითქოს ამერიკას ბატონს ვეძახი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას საკუთარი განცხადების თაობაზე, რომ „ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა შეუძლებელია და ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს“.

მისი განმარტებით, სიტყვა „მონობა“ არ უხსენებია.

„ორი დღეა ხელისუფლების პროპაგანდა დაათრევს გამონათქვამს, თითქოს მე ვთქვი, რომ „არავის ხელეწიფება ორთა ბატონთა მონობა“. ასეთია ორიგინალში სახარების გამოთქმა. სახარების ციტატა მოვიყვანე და შეგნებულად არ ვთქვი სიტყვა მონობა, რადგან ვიცი „ქართული ოცნების“ და მისი პროპაგანდის ბუნება. „ბატონი ამერიკა“ - ეს მოეწონათ. არადა მე მოვახდინე სახარებიდან უფლის სიტყვების პერიფრაზირება, მე მომაწერეს, თითქოს მე ვეძახი ამერიკას ბატონს. როდესაც პრეტენზია გაქვთ, რომ ქრისტიანები და პატრიოტები ხართ, ორი წიგნი თუ არ გაქვთ წაკითხული, სახარება მაინც წაიკითხეთ, რომ უფლის სიტყვები პაატა მანჯგალაძეს არ მიაწეროთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ კრიტიკა პაატა მანჯგალაძის იმ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ის გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტს და განაცხადა, რომ „ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა შეუძლებელია და ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს“.

„როდესაც პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას უნდა აღრმავებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აზიაში დარბის. გასაგებია, რუსეთს ყველაფერი ჯობს, მაგრამ ვფიქრობ, შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა. ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, ჩემთვის გაუგებარია", - განაცხადა მანჯგალაძემ.