"ხალხმა აირჩია ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად, - როცა 41 ნომერს ხაზავდა, ხმას ბიძინა ივანიშვილს აძლევდა და იგი ვალდებულია, რომ 4 წლის მანძილზე ემსახუროს სახელმწიფოს, და იმ ხალხს, ვინც ის აირჩია. ხალხი თავს მოტყუებულად გრძნობს და მე ვუერთდები ხალხის ამ განწყობას. თუმცა რადგან გადაწყვეტილი აქვს და მიდის, ის ვალდებულია ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს და ხალხმა ხელახლა აირჩიოს ახალი ხელისუფლება, ახალი მთავრობა და ახალი პრემიერ-მინისტრი. გამოდის, რომ ხალხმა ხმა მისცა ივანიშვილს და შემოგვაპარეს უსუფაშვილი - ეს არ არის მაინდამაინც სამართლიანი საქციელი", - აცხადებს "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჯონდი ბაღათურია: "ხალხმა ხმა მისცა ივანიშვილს და შემოგვაპარეს უსუფაშვილი / ივანიშვილი იმპერატორი არ არის, რომ უფლისწული დატოვოს.
"იმის გარდა, რომ ვადამდელი არჩევნების გაგონებაც კი არ უნდა არც ოცნებას და არც ნაცმოძრაობას, ოცნება და ნაციონალები ბევრ საკითხში არიან ერთიანები და ეს ერთიანობა დაღუპავს ერთსაც და მეორესაც. არსებითი მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, ოცნებას და ნაცებს რა უნდათ, არსებითი მნიშვნელობა აქვს, რა სჭირდება სახელმწიფოს და ხალხს. ასევე იმას, თუ რას ითხოვს სამართლიანობა და კანონი. კანონით ახალ პრემიერ-მინისტრს ირჩევს ხალხი. არანაირი უფლება გადამდგარ პრემიერ-მინისტრს არა აქვს, დაგვიტოვოს შემდგომი პრემიერ მინისტრი როგორც უფლისწული. ეს არის უბრალოდ უპატივცემულობა ქართული საზოგადოების და ზოგადად სახელმწიფოსი. ანუ მართლდება მისი პირველი განცხადება, რომ ის გვერდიდან აპირებს მთავრობის მართვას. სწორედ ეს არის იმის დამადასტურებელი პირველი ნიშანი, რომ ის სწორედ გვერდიდან დანიშნავს პრემიერ-მინისტრს. ჩვენ არ გვინდა ეს გვერდიდან დანიშნული პრემიერ-მინისტრები - ჩვენ გვინდა ხალხის მიერ დანიშნული პრემიერი და ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. ეს ჩემი აკვიატება არ არის, ეს სჭირდება სახელმწიფოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯონდი ბაღათურია.
"დღეს რეალურად ხელისუფლებაში არის რესპუბლიკური პარტია, ეს ერთი პარტია მართავს ქვეყანას და იღებს გადაწყვეტილებებს. იმიტომაც გვაქვს ასეთი მდგომარეობა ქვეყანაში. მინდა გითხრათ, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ ქართული ოცნება ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. შეიქმნება ძალაუფლების დეფიციტი. ერთადერთი დიდი და მსხვილი გაერთიანება პარლამენტში არის ნაციონალური მოძრაობა, რაოდენობრივად მეორე - რესპუბლიკური პარტია. თუ ნაციონალური მოძრაობდა რესპუბლიკური პარტია ფარულად გარიგდებიან და როგორც მე ვიცი, ეს გარიგება არსებობს, ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, შეცვლიან მთავრობას, აირჩევენ ახალ პრემიერ-მინისტრს, ახალ შს მინისტრს და როგორც უნდათ, ისე წაიყვანენ ქვეყანას... მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა , რომ მე ძალიან უხერხულად და შეურაცხმყოფელად მიმაჩნია მემკვიდრეზე ლაპარაკი. ეს არის საზოგადოებისა და ქვეყნის უპატივცემულობა - ივანიშვილი არ არის იმპერატორი, რომ მემკვიდრეები დატოვოს. თუ ვინ შეცვლის მას, ამას გადაწყვეტს ხალხი არჩევნების გზით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა შედგეს კონსენსუსი ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის და კონსულტაციებს სათავეში თვითონ პრემიერ-მინისტრი ჩაუდგეს", - დასძენს "ქართული დასის" ლიდერი.
"ერთობლივად მიღებული უნდა იქნას რამდენიმე გადაწყვეტილება. პირველი იმის თაობაზე, თუ როდის ჩავატარებთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და მანამდე პრემიერ-მინისტრი უნდა დარჩეს პოსტზე - მან უნდა გადააბაროს თავისი პოსტი ახლად არჩეული პარლამენტის მიერ დანიშნულ პრემიერ-მინისტრს. ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში და ასე უნდა მოხდეს ჩვენთანაც. წყვეტა არ უნდა იყოს. მე იმედი მაქვს, რომ ასეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. ასევე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ საარჩევნო სისტემაზე და კიდევ ისეთ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი უმტკივნეულოდ გავძლოთ", - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვას - "რომ არ გაიზიარონ? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ხელისუფლება არ აპირებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას?" - პასუხობს:
"მაშინ მეორე გზა, ეს არის საპროტესტო აქციები - ასევე კონსტიტუციური გზა, მაგრამ არ არის მაინცდამაინც სასურველი. მაშინ ამ გზით მოხდება ხელისუფლების იძულება რათა ანგარიში გაუწიოს საზოგადოების აზრს, სამართალს და ახალი პრემიერ-მინისტრი არჩეული იქნეს არა ერთი კაცის მემკვიდრეობით, არამედ არჩევნების გზით.... ეს ძალიან სამართლიანი და კანონიერი მოთხოვნაა - მე მგონი, ყველა დამეთანხმება. არ არსებობს საზოგადოებაში მხარე, რომ არ შეიძლება გადამდგარმა პრემიერმა დანიშნოს ახალი პრემიერ-მინისტრი. თავად როგორ გახდა ივანიშვილი პრემიერი - ის ხომ ხალხმა აირჩია? თუ ის მიდის, უარს აცხადებს ამ პასუხისმგებლობაზე, რაც მას ხალხმა დააკისრა, მაშინ ამ ხალხმა უნდა აირჩიოს ახალი პრემიერ-მინისტრი, რა არის აქ საკამათო?"