შსს-მ `საქართველოს ბანკთან` დაკავშირებით ცრუ შეტყობინების ავტორი დააკავა

შსს-მ `საქართველოს ბანკთან` დაკავშირებით ცრუ შეტყობინების ავტორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ის 1951 წელს დაბადებული, ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონში მცხოვრები ლეონიდე ჭ. აღმოჩნდა.

ანონიმური ზარის ავტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ცრუ შეტყობინება 18 სექტემბერს 15:31 საათზე განახორციელა. მან ოპერატორს თბილისში, გაგარინის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკი“-ს ცენტრალურ ოფისში ნაღმის არსებობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეტყობინებისთანავე ადგილზე შსს-ს შესაბამისი სამსახურები გამოცხადდნენ, რომლებმაც შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია ოპერატიულად მოახდინეს. რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო - შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).