[გიორგი ბექაური]
საქართველოში იაფი დენი კი იწარმოება, მაგრამ მოსახლეობისთვის სამომხმარებლო ტარიფი არა მარტო სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ დსთ-ს სივრცეშიც ყველაზე მაღალია. ასევე მაღალია ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფიც, რომელიც საქართველოში ერთ კუბურ მეტრზე 51 თეთრს შეადგენს, სომხეთში კი მისი ფასი 18 ცენტს, დაახლოებით, 33 თეთრს არ აღმატება. საქართველოში, რომელსაც ასევე „წყლის ქვეყანას“ უწოდებენ და, სადაც 24 ათასი მდინარეა, წყლის ტარიფიც საკმაოდ მაღალია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან დამატებით უფასო გაზს იღებს, ქვეყანაში ბუნებრივი აირის ტარიფი სომხეთთან შედარებით, რომელსაც გაზი საქართველოს გავლით მიეწოდება, ბევრად მაღალია. თუ სომხეთში ამ დროისათვის ერთი კუბური მეტრი გაზის სამომხმარებლო ტარიფი, დაახლოებით, 18 ცენტია, საქართველოში მის ფასი 51 თეთრს (28 ცენტს) შეადგენს. რაც შეეხება აზეირბაიჯანს, იქ ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე მოსახლეობა, საშუალოდ, 25 თეთრს იხდის.
„რაც შეეხება რუსეთს, იქ ბუნებრივი აირის ტარიფი, ფაქტობრივად, სუბსიდირებულია. ცენტრალურია გათბობაზეც კი სოციალური ტარიფი მოქმედებს“, - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი.
რაც შეეხება ელექტოენერგიას, საქართველოში დღეისთვის ელექტროენერგიის დიფერენცირებული ტარიფი მოქმედებს. თბილისში ტარიფი 13,4-დან 17,7 თეთრამდე, ხოლო რეგიონებში 12,9-დან 17,5 თეთრამდე მერყეობს. ამ მხრივ საინტერესოა, მეზობელი ქვეყნების მაგალითი. რუსეთში დენის მინიმალური ტარიფი, 2.1 ცენტს (3,7 თეთრი) უტოლდება, ხოლო ყველაზე ძვირი ტარიფი მოსკოვშია – 6-7 ცენტი (12 თეთრი).
აზერბაიჯანში ერთი კვტ/სთ ელექტროენერგიაში მომხმარებელი ამ დროისათვის, დაახლოებით, 8-9 ცენტს იხდის. აქამდე კი მისისაფასური 4-5 ცენტს შეადგენდა.
რუსეთში დენის ტარიფი კი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რომელ გამათბობელ საშუალებას მოიხმარს მოსახლე - გაზის თუ დენის. თუ მოქალაქეს სახლში გაზის ღუმელი უდგას, მისთვის ელექტროენერგიის ტარიფი, დაახლოებით, 10-11 ცენტის ფარგლებშია, მაგრამ თუ დენის რეფლექტორს იყენებს, ერთ კვტ/სთ-ში ის მაქსიმუმ 9 ცენტს იხდის.
ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ელექტროენერგია ძალიან ძვირია, იმავდროულად, ტარიფი რეპრესიულიცაა და დარღვეულია საბაზრო ეკონომიკის პრინციპები. ამ პრინციპის მიხედვით, რაც უფრო მეტ პროდუქტს ყიდულობ, უფრო ნაკლებს იხდი, საქართველოში კი პირიქითაა, რაც უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარ, უფრო მეტს იხდი.
თუ თბილისში ცხელი წყალი მოსახლეობას ინდივიდუალურად აქვს (ზოგს დენის, ზოგს კი გაზის გამათბობელის საშუალებით) რუსეთში ის საერთოა. იქ იმისათვის, რომ ცხელი წყალი მთელი თვის განმავლობაში განუსაზღვრელი რაოდენობით მოგეწოდებოდეს, ერთ სულ მოსახლეზე ერთ თვეში, დაახლოებით, 27 დოლარია გადასახდელი.
რაც შეეხება ცივ წყალს, ანუ სასმელ წყალს, მოსკოვში ეს სიამოვნება მოსახლეს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე საქართველოში. მაგალითად, რუსეთის დედაქალაქში ერთი ადამიანი თვეში წყლის მოხმარებისთვის, დაახლოებით, 4-5 დოლარს იხდის, საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, მისი ფასი 3 ლარსა და 15 თეთრს შეადგენს.
მართალია, ტარიფი განსხვავებულია, თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ, მოსკოვსა და თბილისში შორის განსხვავებულია მინიმალური ხელფასის ოდენობაც.
თუ ჩვენთან მინიმალური ხელფასის ცნება, პრაქტიკულად, დღემდე განსაზღვრული არ არის, მოსკოვში ის, დაახლოებით, 1000 დოლარს შეადგენს. შესაბამისად, ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ ჩვენთან არა მარტო გაზისა და შუქის, არამედ წყლის ტარიფიც საკმაოდ მაღალია. ასევე საკმაოდ მაღალია დასუფთავების გადასახდიც.
არა მარტო ტარიფებით, საქართველო სამხრეთ კავკასიაში ლიდერის პოზიციას ინფლაციის მაჩვენებელშიც ინარჩუნებს. მაგალითად, თუ საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი გასულ წელს 11,2% იყო, სომხეთში ის 9,5%-ზე დაფიქსირდა, აზერბაიჯანში კი სულ რაღაც 5,7% იყო.