ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს წარმომადგენლებსა და ISAF-ის სარდლობის მაღალჩინოსან სამხედროებთან განაგრძობს შეხვედრებს. დღეს, ISAF-ის შტაბბინაში ირაკლი ალასანიამ, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, საქმიანი შეხვედრა გამართა „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების“ (ISAF-ის) მეთაურთან გენერალ ჯოზეფ დანფორდთან.
მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეებმა პოსტ-ISAF-ის პერიოდში საქართველოს როლზე ისაუბრეს და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „შეხვედრები გავმართეთ ნატოს სარდლობის ყველა უმაღლეს წარმომადგენელთან. ვისაუბრეთ საერთო გეგმებზე. გენერალმა დანფორდმა თავისი ხედვა გამაცნო, რომელსაც ნატოს მინისტერიალს ოქტომბერში წარუდგენს. საუბარი შეეხო საქართველოს როლს პოსტ ISAF-ის პერიოდში. ვისაუბრეთ ჩვენი ჯარის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იმ ტრაგედიის შემდეგ, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხდა“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სახელით, ISAF-ის მეთაურს მიუსამძიმრა.
დღესვე, ქაბულში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრები გამართა ნატო-ს უმაღლესი სამოქალაქო წარმომადგენლის მოადგილესთან ერლ ლი ლიტსენბერგერთან და ISAF-ის გაერთიანებული მართვის ცენტრის უფროსთან გენერალ-ლეიტენანტ მარკ მილეისთან.