საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაცია იმყოფება. დღეს, უცხოელი სტუმრები, შვედეთის თავდაცვის სასწავლებლის ვიცე-კანცლერის, დოქტორ რომულო ენმარკის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ მიიღო.
მინისტრის მოადგილემ შვედეთის დელეგაციას საქართველოს სამხედრო განათლებისა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ორი ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების საგანმანათლებლო პროცესსა და სასწავლო პროგრამებზეც ისაუბრეს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ვიზიტორები ჩამოდიან ჩვენთან, რათა თავდაცვის აკადემიას დაწყებული რეფორმების განხორციელებაში დაეხმარონ. ჩვენმა აკადემიამ დასავლეთის ქვეყნების თავდაცვის აკადემიებთან უფრო ინტენსიური გახადა თანამშრომლობა. ეს დაეხმარება თავდაცვის აკადემიას და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ამ სისტემას იმაში, რომ ჩვენი ოფიცრები მომავალში უკეთესად მომზადებული იყვნენ და განათლებას, რომელსაც აკადემიაში მიიღებენ დასავლეთის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს“ - განაცხადა თამარ ქაროსანიძემ.
დღესვე, შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაცია გორში ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვია. აკადემიის ხელმძღვანელობამ შვედ სტუმრებს უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის აკადემიასა და შვედეთის თავდაცვის კოლეჯს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.