"რა ხდება და თქვენ უნდა შეხვიდეთ, ჟურნალისტები და ნახოთ. მე, როგორც მიკერძოებულმა პირმა რომ არ ვისაუბრო, რა ხდება მათ საკნებში, მიბრძანდით და ნახეთ. მსგავსი რამ თუ გინახავთ ნებისმიერ, მსოფლიოში ყველაზე განვითარებული სახელმწიფოს ციხეებში. ძალიან კარგია, ეს საკნები ასეთი რომაა - მილიონერების დონის ვილები ამ ადამიანებს, მაგრამ ვის? იმათ, ვინც დანარჩენი პატიმრები ამ დღეში ჩააგდო. დანარჩენ პატიმრებს კედლები რომ ენგრევათ თავზე, ეს არის აღვირახსნილობა უკვე. ეს აღარ ჯდება აღარაფერში", - აცხადებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნანა კაკაბაძე: "მერაბიშვილი და ახალაია ციხეში ფუფუნებაში ჰყავთ" / ნაციონალები მეოცნებეებს სკანდალური კარდებით აშანტაჟებენ.
"მოითხოვეთ ჟურნალისტებმა და ნახეთ რა პირობებშიც არიან, მერე წადით და მოინახულეთ დანარჩენ ციხეებში რა ხდება - გინდაც ქსანში, გინდაც ქუთაისში ან რუსთავში" მერე ესენი ნახეთ მატროსოვზე - მთელი კოლონია გააუქმეს იმ ერთი ვილის გარდა, რომელიც მათთვის ააშენეს. დანარჩენი ყველაფერი გაუქმებულია, რომ არ შეწუხდნენ სხვა პატიმრების შეძახილებისგან. უსაფრთხოდ რომ იყვნენ, ამოსთვის ყველაფერი მოსპეს იქ, დატოვეს ეს ერთი ვილა და ფიჭვნარში ნებივრობენ. დანარჩენებიც იყვნენ მსგავს პირობებში - ესენი ვილაში და დანარჩენები რა პირობებში, ეს არის სამართლიანობა? რა თქმა უნდა, ეს ამ ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა. ერთი მაინტერესებს, სააკაშვილის რეჟიმი რომ იჭერდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს - დათო მირცხულავას, სულხან მოლაშვილს და დანარჩენებს, არ გახსოვთ, რა პირობებში ჰყავდათ ისინი? მეშვიდე დაწესებულებაში, სარდაფში. ჩამოიყვანეთ ის მათიას იორში და აჩვენეთ სად იჯდა მოლაშვილი და სად სხედან ახლა ესენი. თურმე დღეს იმაზე უნდა ვინერვიულოთ, წონაში ხომ არ დაიკლო რომელიმემ - აი ეს არის ცინიზმი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.
"სამწუხარო რეალობაა და ამაზე უკვე დროა საზოგადოებამ დღევანდელ ხელისუფლებას მოსთხოვოს პასუხი. უკვე ერთი წელი გავიდა მმართველობიდან, სულ 4 წლით არიან მოსულები. ერთი წელი გავიდა და რა შედეგი დაიდო? გარდა იმისა რომ სააკაშვილი და ნაციონალები არ არიან ზედაპირზე ხელისუფლებაში, მაგრამ სად არ მართავენ სიტუაციას. ერთი მითხარით - ენჯეოები მაგათ აიღეს - დღეს სოროსის მიერ შექმნილი 10-11 ორგანიზაციის ნუსხაში გვხვდება ტუღუშის ორგანიზაცია. ეს ის ტუღუში არ იყო, ციხეებში ხალხს რომ აწამებდნენ და ხმას რომ არ იღებდა. ერთი მოხსენება მაინც თუ აქვს გაკეთებული, რომ ციხეებში წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა იყოო. ეს ის ტუღუში არ არის, ციხის უფროსად რომ გადაიყვანეს და ხელისუფლება რომ იცვლებოდა, მაშინ გახსნა ციხეები? მანამდე არ იცოდა, რომ მონიტორინგი უნდა ყოფილიყო ციხეებში? და ასეთი ადამიანი კიდევ ექსპერტად და უფლებადამცველად გვევლინება. აი, ვის აზრებს გვახვევენ თავზე. ეს თავსმოხვეული პოლიტიკა აღარ შეჩერდა. თურმე კიდევ ესენი უნდა იყვნენ ჭკუის მასწავლებლები", - განაგრძობს რესპონდენტი
"დღეს საზოგადოება ხედავს, "ნაციონალური მოძრაობა" იყო ბოროტების სათავე, უამრავ სისასტიკეს სჩადიოდა, მაგრამ ერთიანი გუნდი იყო და ყველაფერში ბოროტს, მაგრამ მიზანს აღწევდა. "ქართული ოცნების" შემთხვევაში კი ხალსი ხედავს, როგორი კეთილი მიზნებიც არ უნდა ჰქონდეს ამ პოლიტიკურ გუნდს, ის თავის ქმედუუნარობის გამო ამას ვერ ახერხებს. კი, ის შავი ჭირი, რაც ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობის სახით იყო, ის შესუსტდა, მაგრამ პრობლემები, რომლის წინაშეც მათი მმართველობის დროს იდგა საზოგადოება დრეს დარჩა. სამართლიანობის აღდგენა ეს არ იყო ჩვენი გამოგონილი, ეს იყო საზოგადოებრივი დაკვეთა და ეს ვერ მოახერხა ახალმა ხელისუფლებამ", - დასძენს ნანა კაკაბაძე და შეკითხვას - "რატომ ვერ მოხერხდა ეს?" - პასუხობს:
"იმიტომ, რომ ვერ გათავისუფლდა იმ მონოლითური ბოროტი მმართველობისგან, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა. თუნდაც საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით იგივე ხალხი დატოვა აბსოლუტურად ყველგან - დაწყებული სასამართლოებიდან, პროკურატურიდან და პოლიციიდან, დამთავრებული რიგით ობიექტებზე. ყველგან დატოვეს ნაციონალური მოძრაობა - დღეს იძახიან, რომ ესენი არიან პროფესიონალები და ერთი ხელის მოსმით ვერ გავათავისუფლებთო. რა კრიტერიუმებით აფასებენ, არ ვიცი. რა მიაჩნიათ პროფესიონალიზმად? ის კრიმინალი, რაზედაც მაშინ პოლიცია იდგა რატომ არის მისაღები დრევანდელი ხელისუფლებისთვის? დღეს უკვე არაერთი ფაქტია, რომ პოლიცია არ იქცევა კანონიერად, ადამიანებს სცემს, ხდება იარაღის ჩადება და ა.შ. ესე იგი, ამისგან ვერ გავთავისუფლდით. თუ დღევანდელი ხელისუფლება უარს ამბობს ამ კრიმინალზე რაც აერთიანებდა ვანო მერაბიშვილსა და პოლიციას და ამ დანაშაულებრივ მმართველობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა მერაბიშვილს დროს, ბუნებრივია, ამ კადრებზეც უარი უნდა თქვას. ამ კრიმინალების გულის მოგებას კი არ უნდა ცდილობდეს, რომ მათი დანაშაულები და უღირსი ქცევა დაფაროს, პირიქით, პოლიცია უნდა გათავისუფლდეს ასეთი კრიმინალებისგან. სამწუხაროდ, ამაზე უარის თქმა არ ხდება. იგივე სიტუაციაა სასამართლოებშიც.