[ლელა კობერიძე]
სურსათის ფასები ყოველდღიურად იზრდება. მოსახლეობა უკვე პანიკაშია. მაღაზიებში შაქარი გაქრა, ზოგიერთ უბანში 10 თეთრით გაძვირდა პური, 10-20 თეთრით – მარილი. ნავთობიმპორტიორებმა უკვე გააკეთეს განცხადება, რომ საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდება. მთავრობის წევრები კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში პროდუქტის დეფიციტი არ არსებობს.
პროდუქტის არა, მაგრამ ფულის დეფიციტი უკვე გაჩნდა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა. ბევრისთვის ჩაი და პურიც ფუფუნება გახდა. შესაბამისად, დღეს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა პროდუქტი ბაზარზე უხვად არის თუ არა, იგი მოსახლეობისთვის თანდათან მიუწვდომელი ხდება.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი, უფრო სწორად, მთავრობის ტელევიზიები ხშირად აჩვენებენ სიუჟეტებს ევროპის ქვეყნებში ფასებმა როგორ მოიმატა, ხალხი კი სასოწარკვეთას მიეცა. რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებით, ტელევიზიები არ ინტერესდებიან. თურმე ბელგიაში გაძვირების შემდეგ, 1 კილოგრამი შაქრის ფასმა 1 ევროს მიაღწია, ანუ 2,4 ლარს. ბელგიაში, გერმანიაში, ბრიტანეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში საშუალო ხელფასი 1500 ევროა, შესაბამისად, მარტივია დასკვნის გაკეთება, სად უფრო სასოწარკვეთილია ხალხი, საქართველოში საშუალო ხელფასი 400-500 ლარია და ფასები უფრო მაღალი ვიდრე ევროპაში.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, საქართველოში ყველა პროდუქტის საკმარისი მარაგია, მათ შორის შაქრის. მინისტრმა უკრაინიდან ხორბლის ექსპორტზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრას ხვალ გამართავს და უფრო ზუსტი ინფორმაცია მომავალ კვირას ექნება.
რეალობა კი ასეთია, ბევრ სუპერმარკეტში შაქარზე რიგი დგას,ზოგან სუპერმარკეტში კი ამბობენ, რომ შაქრის მარაგი ამოეწურათ და ამ პროდუქტის მოტანაზე დისტრიბუტორებმაც უარი განუცხადეს. დანარჩენ მაღაზიაში კი შაქრის ღირებულება ისე გაზარდეს (3ლარამდე), რომ მოსახლეობას მისი ყიდვის სურვილი დაეკარგა.
ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ შაქარზე აღნიშნული მდგომარეობა ხელოვნურად არის შექმნილი. მართალია, საერთაშორისო ბაზრებზე ეს პროდუქტი გაძვირდა, მაგრამ არა ისე, როგორც საქართველოში. შაქრის იმპორტს „აზერსან-ჰოლდინგი“ ახორციელებს. შესაბამისად, არსებობს პრაქტიკა, როდესაც მონოპოლისტი კომპანიები, ბაზარზე პანიკას ხელოვნურად ქმნიან, რათა მათი პროდუქტი მაღალ ფასად გაიყიდოს.
კვეზერელმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოში პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში პური 5-10 თეთრით გაძვირდა. მინისტრის თქმით, ქვეყანაში არსებობს სათანადო მარაგები იმისა, რომ ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი არ შეიქმნას და მოთხოვნა სრულად იქნას დაკმაყოფილებული. კვეზერელის თქმით, ამ დროისათვის ქვეყანაში ხორბლის სამი თვის მარაგი არსებობს.
ექსპერტის სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ფასების ზრდის ძირითადი გამომწვევი ფაქტორი ხელისუფლების მუდმივად მზარდი მადაა. ცისკარიშვილი განცხადებით, ბენზინსა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების მატება ობიექტური მიზეზების გამო არ ხდება.
„ჩვენ გვახსოვს, რომ 2008 წელს, მსოფლიოში, ერთი ბარელი ნავთობის ფასი 140 დოლარი იყო, თუმცა მაშინ, საქართველოში „სუპერის“ ხარისხის ბენზინის საფასური მაქსიმუმ 2 ლარი იყო და ისიც ცოტა ხნით. ახლა კი, 2 ლარს დიდი ხანია გადასცდა „სუპერის“ და „პრემიუმის“ მარკის საწვავის ღირებულება და მიუახლოვდა რეგულარის ფასიც“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ექსპერტის აზრით, მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობის მოყვანით ხელისუფლებამ მხოლოდ თავს იმართლებს.
„ნუ იმართლებენ თავს მსოფლიო ბაზარზე საერთო პროცესებით. მსოფლიო ბაზარზე ამა თუ იმ საქონლის ზრდა ხდება 3-5%-ით, ჩვენთან კი, ლამის ორჯერ ძვირდება ყველაფერი, იქნება ეს ტრანსპორტით მგზავრობა, წყალმომარაგება, დასუფთავება თუ ა.შ. ასე რომ, მხოლოდ ფასების გაზრდაში ძალიან მცირე წვლილი უკავია საბაზრო ეკონომიკის კანონებს და ამის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ხელისუფლების მადა გახლავთ, რომელიც მუდმივად მზარდია, განურჩევლად იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიო ბაზარზე“, - განმარტავს პოლიტოლოგი.
გაძვირების პრობლემას ცისკარიშვილი არაკონკურენტულ ბაზარში ხედავს. მისი თქმით, ქვეყანის ეკონომიკას მონოპოლიტები განაგებენ, შესაბამისად ფასები საბაზრო პრინციპების მიხედვით არ იქმნება.
„მონოპოლისტები ხელისუფლებამ გააჩინა, დაამკვიდრა და დაამშვენა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა დარგში. ეს გახლავთ ძირითადი მიზეზი იმ მოუთოკავი ფასებისა და ახლა უკვე რეგულაციიდან ამოვარდნილი ინფლაციისა, რისი მოწმეც ვართ. თუკი სადმე ვინმემ რამე უნდა მოუჭიროს, ეს გახლავთ სწორედ ხელისუფლების მადა და დაუოკებელი ლტოლვა ფულების ჯერ, დაგროვების და შემდეგ მისი ჰაერში გასროლის“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.