[ეკა ბაქრაძე]
როდესაც რკინიგზიდან მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს მოელი, მაშინ მისი რეაბილიტაცია და ამოქმედება დროში ყოველთვის იჭიმება. სხვა საქმეა თუკი ლიანდაგებზე პოლიტიკურად „დატვირთულმა“ შემადგენლობამ უნდა იმოძრაოს. აქ, როგორც წესი, ყველაფერი სწრაფად და მიზანმიმართულად კეთდება.
ბაქო-თბილისი-ყარსის ქართული მონაკვეთის მშენებლობისთვის დამატებით, დაახლოებით, 600 მლნ აშშ დოლარია საჭირო. თბილისში ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი, ზია მამედოვი ჯერჯერობით კონკრეტულ პასუხს ვერაფერზე იძლევა. ასე რომ, სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობაში კვლავაც პრობლემებია.
„დამატებითი დაფინანსების თემასთან დაკავშირებით, მინისტრების დონეზე კონსულტაციები უკვე გავმართეთ და ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შესაბამისი დავალებაც მოგვცა. ეს არის ბუნებრივი პროცესი, რადგან ცხოვრება იცვლება, იცვლება შეღავათები და საკრედიტო ურთიერთობები. ვაპირებთ საპროცენტო განაკვეთის გადახედვას და, როცა ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად შეგატყობინებთ“, - განაცხადა მამედოვმა.
ქართული მხარე აზერბაიჯანთან დამატებითი თანხის გამოყოფაზე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა აზერბაიჯანული კრედიტის მოცულობა ჯერჯერობით არ იცვლება.
„აზერბაიჯანისა და საქართველოს სახლემწიფოთა მეთაურები დიდ ყურადღებას უთმობენ ამ პროექტს და მის ბიუჯეტს. ამჯერად, ჩვენ ჩამოვედით, რათა პროექტის 2011 წლის ბიუჯეტი განვიხილოთ. 2011 წელს აზერბაიჯანის მთავრობა, უკვე დამტკიცებული 200 მლნ-დან 100 მლნ-ს გამოყოფს“, - აღნიშნა მამედოვმა.
დღეს ქართველებს და აზერბაიჯანელებს თურქული დელეგაციაც შეუერთდება. მხარეები განიხილავენ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს, კერძოდ - ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთის რეაბილიტაცია-მშენებლობის, თურქეთისა და საქართველოს საზღვარზე მდებარე 4 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის და საზღვრის გადაკვეთისას საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების გამარტივების საკითხებს.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი „ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მშენებლობის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთს შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.
როგორც ჩანს, აქამდე უკვე დასრულებულ პროექტში კვლავ პრობლემებია. თითქოს სამივე სახელმწიფო ერთსულოვნად ცდილობს სარკინიგზო ხაზის აღდგენას, მაგრამ საქმე ბოლომდე ფინიშის სწორზე მაინც ვერ გავიდა. სხვა საქმეა, როდესაც რკინიგზის ამოქმედება წმინდად პოლიტიკური საკითხია. ასეთ დროს რუსები ძალიან პრინციპულები არიან.
უკვე გაცხადდა, რომ რუსეთი სესხის სახით სოხუმს 2 მილიარდ რუბლს (დაახლოებით 67 მილიონ აშშ დოლარს) გამოუყოფს აფხაზეთის რკინიგზის შესაკეთებლად.
სეპარატისტული აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის კრისტინა ოზგანის თქმით, სესხის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას 2010 წლის დეკემბერში მოეწერა ხელი. რუსეთის რკინიგზის სპეციალისტთა პირველი ჯგუფი სოხუმში იანვარის ბოლოს ჩავა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი თვე გაგრძელდება და რეკონსტრუქცია რუსული საზღვრიდან სოხუმამდე, ასევე ტყვარჩელსა და ოჩამჩირეს შორის არსებულ სარკინიგზო მონაკვეთებზე განხორციელდება.
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა, 2009 წლის მაისში რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სეპარატისტული რეგიონის რკინიგზა 10 წლით რუსეთს გადაეცემოდა მმართველობაში. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი 2 მილიარდ რუბლს გამოყოფდა რკინიგზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავისი სარკინიგზო ძალები აფხაზეთში 2008 წლის მაისში განათავსა აფხაზეთის რკინიგზის ზოგიერთი მონაკვეთის შესაკეთებლად. ეს ქმედება მაშინ მკაცრად დაგმო თბილისმა და განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთში ინფრასტრუქტურას ამზადებდა შესაძლო სამხედრო აგრესიისთვის.
2010 წლის ივლისში რუსეთმა აფხაზეთიდან თავისი სარკინიგზო ძალების გაყვანის შესახებ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მან სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის 54-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთი, მათ შორის რვა სარკინიგზო ხიდი, შეაკეთა.