"თითქმის დღე არ გავა, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში ზარი არ შევიდეს შეტყობინებით - "შენობაში ბომბია!" სამართალდამცველები საქმეს რამდენიმე საათში ხსნიან და დგინდება, რომ ფსევდოტერორისტები უმეტესად არასრულწლოვანები არიან. 12 სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე, რამდენჯერმე მოხდა თანამშრომლების ევაკუაცია ტელეკომპანია "რუსთავი-2"-დან, "იმედიდან", აეროპორტიდან, ბანკებიდან, პარლამენტის შენობიდან... გუშინ მათ რიცხვს "მაესტრო" შეემატა. აღძრულია რამდენიმე საქმე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გავრცელების თა-ვიდან ასაცილებლად, საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც კანონის ლიბერალიზაცია დაისახა მიზნად, კანონის გამკაცრებაზე ალაპარაკდა. ამიერიდან კანონი მსგავსი დანაშაულისთვის 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გაითვალისწინებს", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "ცრუ შეტყობინებების უკან პოლიტიკური ძალები დგანან" / "ცრუ ტერორისტებს მითითებებს აგენტები აძლევენ".
"როგორც სისხლის სამართლის სპეციალისტს, ადამიანს, რომელსაც გამოძიებასთანაც მქონდა შეხება, მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ როდესაც მოკლე დროში ერთი სახის დანაშაული მეორდება, ასეთ შემთხვევაში, ფაქტობრივად, იკვეთება სისტემური ნიშნები. ამავდროულად, იბადება კითხვები: ასეთი ტიპის დანაშაულის მომზადება ან წაქეზება ორგანიზებულად ხომ არ ხდება? ეს მუხლი არ მიეკუთვნება არც მძიმე და არც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ტიპს (ითვალისწინებს 3 წლამდე პატიმრობას, ისიც, უკიდურეს შემთხვევაში). გარდა ამისა, ასეთი ტიპის დანაშაულს რატომღაც, ძირითადად არასრულწლოვანების სჩადიან მაშინ, როცა ისინი, ფაქტობრივად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამაზე პასუხს ვერ აგებენ. ხომ არ ხდება ეს გარკვეული ანაზღაურების საფუძველზე? ღრმად ვარ დარწმუნებული, ძალიან ძნელი იქნება ამის დადგენა, რადგან ადამიანებს, რომლებიც დგანან დანაშაულის უკან, გამოცდილება ექნებათ და ასე პირდაპირ პოლიტიკური ინტერესებით დანაშაულის ჩამდენებთან არ მივიდოდნენ. მნიშვნელოვანია, ყველაფერი დაადგინოს გამოძიებამ და ჩვენმა სპეცსამსახურებმა და ზუსტადაც გამოკვეთონ ის ჯაჭვი, რომელიც შესაძლოა არსებობდეს", აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი, იურისტი კახა კახიშვილი.
"თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, ასეთი ტიპის დანაშაული ხელს უნდა აძლევდეს მათ, ვინც გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებს იღებს ამ კუთხით. ამ შემთხვევაში დივიდენდებს იღებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომლის ლიდერებიც აცხადებენ, რომ თურმე ქვეყანა ქაოსშია, ვერ იმართება და ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში მათთვის ხელსაყრელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თვითონ შსს-მ გამოკვეთოს თითოეული ადამიანის ბრალეულობის საკითხი, რადგან ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასების საგანი. იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან ამ დანაშაულის უკან, აღარ უნდა გაუჩნდეთ ასეთი ტიპის დანაშაულის მომზადებისა და წაქეზების სურვილი. გარდა ამისა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მათი ვინაობა", - განაგძობს რესპონდენტი.
"ამ დანაშაულის უკან დგანან პოლიტიკური ძალები, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ და შსს-ს შესაძლებლობებიც ძალიან კარგად იციან, ვინაიდან წლების განმავლობაში თვითონ მართავდნენ ამ სისტემას. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, შსს-ს გაუჭირდეს კიდეც ამ ჯაჭვის შეკვრა, რადგან არ მგონია, რაიონული პარტიული ორგანიზაციებიდან იძლეოდნენ ასეთ მითითებებს. აქ იმუშავებენ აგენტები, გავლენის აგენტები... სერიოზული ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობს ასეთი ტიპის დანაშაულის ორგანიზატორთა მხრიდანაც. წესით, შსსს უნდა ეყოს პროფესიონალიზმი, გამოკვეთოს ყველაფერი, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები და თუ განცხადებები არ დადასტურდება, ეს ისევ და ისევ იმ პოლიტიკური გუნდის წისქვილზე დაასხამს წყალს, რომლის მიმართაც საფუძვლიანი კითხვები ჩნდება", - განმარტავს კახა კახიშვილი და შეკითხვას - "პარლამენტი უკვე მსჯე-ლობს ცრუ შეტყობინების გავრცელების შესახებ მუხლის გამკაცრებაზე..." - პასუხობს:
"კანონმდებელი უნდა დაფიქრდეს ისეთ სანქციაზე, რომელიც ასეთი დანაშაულის ჩადენის სურვილს გააქრობს. ამავდროულად, ასაკობრივი ზღვარიც უნდა იყოს გათვალისწინებული. გარდა ამისა, საუბარი იყო იმაზე, რომ მატერიალურ ზიანს არასრულწლოვანთა მშობლები აანაზღაურებენ. როგორც კადრებს დავაკვირდი, დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანები, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, ამიტომ აქაც კარგად უნდა დაფიქრდეს პარლამენტი და ისე უნდა ჩამოყალიბდეს მუხლის რედაქცია, რომ მას ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია მივიღოთ ისეთი ვითარება, როდესაც, ერთი მხრივ, სანქცია გამკაცრდება, მაგრამ, მეორე მხრივ, უბრალოდ, ის გახდება არაქმედითი იმ კატეგორიისთვის, რომლებიც ჩაიდენენ ამ დანაშაულს და ვერ დაისჯებიან".