ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის სისხლის სამართლებრივი სანქციები მკაცრდება

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის სისხლის სამართლებრივი სანქციები მკაცრდება

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის სისხლის სამართლებრივი სანქციები მკაცრდება და „112“-ის არამიზნობრივი გამოყენებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომაც დგინდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები მომზადდა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ძალოვანი უწყების მიერ მომზადებული ცვლილებებით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

კანონპროექტით, თუ აღნიშნული ქმედება ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში (წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ, არაერთგზის ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სანქცია თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე იზრდება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებებით, „112“-ს არამიზნობრივი გამოყენებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომაც დგინდება.

კერძოდ, „112“-ის გამოყენება შეტყობინების მიმღები პირისთვის შეურაცხყოფის მიყენების მიზნით, ან სხვა შეურაცხმყოფელი განცხადებების გასაკეთებლად, ასევე აღნიშნული ნომრის არამიზნობრივი სისტემატური გამოყენება გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის ერთსა და იმავე მოვლენასთან დაკავშირებით, გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

ამას გარდა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით, „112“-ის გამოყენება გადაუდებელი დახმარების მოთხოვნის მიზნით, ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად, რომელსაც შედეგად მოჰყვა შესაბამისი ექსტრემალური სამსახურის მიერ შემთხვევის ადგილზე გასვლა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით.

კანონმდებლობით სანქციების გამკაცრების პარალელურად, ზუსტდება, რომ „112“-ის არამიზნობრივი სისტემატური გამოყენება გულისხმობს ერთი და იმავე პირის მიერ აღნიშნულ ნომერზე უწყვეტი ერთი საათის განმავლობაში ათი ან მეტი შეტყობინების განხორციელებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინების ინიციატორი აზუსტებს, ავსებს ან აკონკრეტებს გადაუდებელი დახმარების საჭიროებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

კანონპროექტით, აღნიშნულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები, განმეორების შემთხვევაში კი - სასამართლო.

სხვადასხვა ობიექტებში ნაღმის არსებობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების შესახებ ანონიმური შეტყობინებების თემას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში, პარლამენტის შენობის დაცლა სამჯერ მოხდა და ჯამში, პარლამენტის ნორმალური ფუნქციობა 15 საათის განმავლობაში შეწყდა, რამაც მორალურ-პოლიტიკურთან ერთად პარლამენტს, წინასწარი მონაცემებით, 50 000 ლარამდე ოდენობის ქონებრივი ზიანი მიაყენა.

„შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართავ, პარლამენტს მიაწოდოს ცრუ შეტყობინების ავტორთა (არასრულწლოვნების შემთხვევაში, მათი მშობლების) მონაცემები, რათა, საქმის სასამართლოში განხილვის პარალელურად, მომზადდეს სამოქალაქო სარჩელი პარლამენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით“, - აცხადებს უსუფაშვილი.

ცრუ შეტყობინებების საკითხს ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ბეჟაშვილიც.

დეპუტატის შეფასებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცრუ შეტყობინებები გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული, რაც უსუსური და სასაცილოა.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი თავის უნიათობას ამჟღავნებს და ამას „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს. სამართლებრივ ორგანოებს მეტი მობილიზება მართებთ და გამოვლენა იმ დანაშაულებრივი მოტივებისა, რომელიც ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, უარყოფითი დამოკიდებულება არ გვექნება, რადგან პრაქტიკიდან ჩანს, რომ კანონმდებლობის მხრივ, გარკვეული პრობლემები არსებობს“, - განუცხადა for.ge-ს ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება პირველად პარლამენტის მისამართით განხორციელდა. ზაფხულზე, საკანონმდებლო ორგანოს ევაკუაცია განხორციელდა. მას შემდეგ კი, შენობის სამჯერ დაცლა მოხდა და ევაკუაცია რამდენჯერმე გამოცხადდა ტელეკომპანიებში - „რუსთავი 2“-სა და „იმედში“. ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.