ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ დატოვებას აპირებს

ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ დატოვებას აპირებს

დღეს დილით გამოცემამ „Calcio Mercato” გაავრცელა ცნობა, რომ იტალიის ეროვნული გუნდისა და ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანდრეა პირლო ამჟამინდელი კლუბის დატოვებას აპირებს.

34 წლის მოთამაშეს „იუვენტუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა მომავალი წლის ზაფხულში უსრულდება.

რამდენიმე კვირის წინ გუნდმა ანდრეას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ მოულოდნელად ცივი უარი მიიღო. აღმოჩნდა რომ ფეხბურთელს წლიური ანაზღაურების მნიშვნელოვნად მომატება სურს. კლუბი ასაკოვანი ნახევარმცველისთვის ხელფასის გაზრდას არ აპირებს.

იტალიური მას-მედიის მტკიცებით, 2013 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დღეებში პირლო მადრიდის „რეალში“ გადაბარგდება. ამ გუნდის ამჟამინდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი ნახევარმცველს ჩინებულად იცნობს, რადგან რამდენიმე წლის განმავლობაში  „მილანში“ ერთად თანამშრომლობდნენ.

ცნობილი გახდა რომ უახლოეს მომავალში მადრიდული გუნდის ხელმძღვანელობა ტურინელ კოლეგებს პირლოს სატრანსფერო ღირებულების დასახელებას ოფიციალურად მოსთხოვს.