არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება – ევროპული არჩევანი“ იწყებს მედია–კვლევას, რომლის მიზანია, არჩევნების პერიოდში, მედია–მონიტორინგის გზით, განსაზღვროს, რამდენად იცავს პრესა ობიექტურობის პრინციპს და პროექტში მონაწილე ექსპერტების დახმარებით, შემუშავდეს დასკვნა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, შეიქმნას ზოგადი სურათი მედიასაშუალებების აქტიურობისა არჩევნების პერიოდში. ამავე დროს, პროექტის მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური პროცესისადმი მედიის ყურადღების ხარისხის განსაზღვრა, არამედ უშუალოდ იმის დადგენა, თუ რა ადგილს უთმობს ბეჭდური მედია თავად არჩევნებისთვის მზადების პროცესს, პოლიტიკური სუბიექტებისა და ამომრჩევლის ურთიერთობას, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში საკუთარ როლს და ადგილს, საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობას, მათ მიღწევებს თუ მათ ქმედებებში აღმოჩენილ დარღვევებს.
პროექტში დაკავებული ექსპერტები ამ საკითხებზე საკუთარ დასკვნებს გამოაქვეყნებენ. ყოველი კვირის დასასრულს გააანალიზებენ წინასაარჩევნო პერიოდში მედიის აქტიურობას, გამოყოფენ იმ პრიორიტეტულ თემებს, რომელიც თავად გაზეთებმა აირჩიეს გასაშუქებლად.
აქვე დავძენთ, რომ დამოუკიდებელი ბეჭდური მედია თავად წყვეტს, რომელ მოვლენას ან პოლიტიკურ სუბიექტს რა ადგილი დაუთმოს საკუთარი გაზეთის ფურცლებზე. თუმცა, ამავე დროს, არსებობს ზოგადი კრიტერიუმები, რომელთა დაცვაც მედიისთვის აუცილებელია პოლიტიკურ მოვლენათა ობიექტური გამშუქებლის ფუნქციის შესასრულებლად.
გასულ კვირას ექსპერტებმა გააანალიზეს ის პუბლიკაციები, რომელიც შემდეგ გაზეთებსა თუ ინტერნეტპორტალებში გამოქვეყნდა: „რეზონანსი“, „ვერსია“, „კვირის პალიტრა“, „ასავალ-დასავალი“, „კვირის ქრონიკა“, „პრაიმ-ტაიმი“, „ახალი თაობა“, „Netgazeti.ge“, „for.ge“, „primereinfo.ge“
არჩევნების თემას ამ გამოცემებმა, ჯამში, 49 სტატია მოუძღვნეს. აქედან არჩევნების თემა უარყოფით კონტექსტში 23-ჯერ გაშუქდა, ნეიტრალური აღმოჩნდა 19 სტატია და მხოლოდ ექვს პუბლიკაციაში ჭარბობდა დადებითი განწყობა კონკრეტული კანდიდატისა და პროცესის მიმართ.
გაზეთებმა თავად განსაზღვრეს, რა უნდა ყოფილიყო მკითხველისთვის საინტერესო
თამარ მჭედლიშვილი
ინფორმაციის თავისუფლება არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებას, არამედ მოქალაქეთა მიერ ინფორმაციის მიღების უფლებასაც გულისხმობს. ეს უდავო ჭეშმარიტებაა და საკამათო თითქოს არაფერია, მაგრამ წლიდან წლამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე ქართული მედია ამ დებულების მხოლოდ პირველ ნაწილს ითვალისწინებს. რაც შეეხება მკითხველის უფლებას, იგი, მეტწილად, უგულველყოფილია.
საარჩევნო მართონი უკვე კარგა ხანია, დაიწყო. რა შემოგვთავაზეს გასულ კვირას ბეჭდური მედიის ფლაგმანებმა? არაფერი ახალი - ინტერვიუები, რომელიც, ძირითადად, რესპოდენტების ვარაუდებსა და მათ მიერ დახატულ მოდელირებულ მომავალს ეხება და მსჯელობები თემაზე - რა იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდგომ, დასრულდება თუ არა კოაბიტაცია 27 ოქტომბრის შემდეგ, როგორი გარიგებები მიდის კულუარებში (ისიც, რა თქმა უნდა, ვერსიების დონეზე) და როგორ გარბიან „ქართული ოცნების“ რიგითი წევრები პარტიიდან და სხვა კანდიდატებს ეკედლებიან. („გასაკვირი არ იქნება, თუ კიდევ მიატოვებს ხალხი „ქართულ ოცნებას“. ამის საფრთხე კი ნამდვილად არსებობს. პრემიერის გაურკვეველი განცხადებები მეოცნებეთა შეშფოთებას იწვევს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოცნებას მედროვეთა დიდმა ლაშქარმა შეაფარა თავი, დიდი შანსია, მათ ისევ უკანმოუხედავად მოკურცხლონ სხვა პატრონთან“ . „ახალი თაობა“. 9 სექტემბერი)
არადა, დღეს საქართველოში შექმნილი წინასაარჩევნო ფონი ერთობ საინტერესოა - პრეზიდენტის გვარიანად შეზღუდული უფლებამოსილების გათვალისწინებით, ამ პოსტის დაკავების მსურველთა მართლაც რომ საარაკო რაოდენობა საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს და მედიისთვის, ალბათ, სწორედ ეს უნდა გამხდარიყო „მსუყე თემა“ სამსჯელოდ. ამის მიუხედავად, ბეჭდურმა მედიამ თავად განსაზღვრა, რა უნდა ყოფილიყო მკითხველისთვის საინტერესო და გაზეთების ფურცლებიდან ვის უნდა ესაუბრა ქვეყნის მომავალზე. თუმცა, ბოლომდე სამართლიანები რომ ვიყოთ, მხოლოდ ერთხელ გაისმა კანდიდატთა რაოდენობის შესახებ შეფასება „რეზონანსის“ ფურცლებიდან და ეს შეფასება ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ეკუთვნის: „პრეზიდენტობის 54 მსურველი ნიშნავს, რომ ქართველები არჩევნებს არასერიოზულად ვუყურებთ“. (გაზეთი „რეზონანსი“. 9 სექტემბერი).
ცესკოს მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარიც გაზეთებმა და არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში განიხილეს. ბუნებრივია, რესპოდენტებმაც არ დააყოვნეს და უამრავი ვერსია გამოთქვეს. არადა, მკითხველისთვის გაცილებით საინტერესო იქნებოდა იმის ახსნა (მარტივ, გასაგებ ენაზე), კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის რა მუხლები დაირღვეოდა (ან არ დაირღვევოდა) კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში. (პოლიტიკური თამაშები პოსტნაციონალურ ეპოქაშიც აქტუალურია. არადა, ისიც ფაქტია, რომ ზურაბიშვილი, რომელიც ბოლო წლებია ერთ-ერთ გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციაში მოღვაწეობს და ფრანგულ პოლიტიკასთანაც აქტიური ურთიერთობა აქვს, საპრეზიდეტო არჩევნებში მონაწილეობას „ჰაი -ჰარად“ არ მიიღებდა ანუ გარკვეულ კონსულტაციებს გაივლიდა და გარკვეული გარანტიებიც ქონდა, მაგარმ ქართული პოლიტიკა ხომ ლოგიკას არ ექვემდებარება...“ გაზეთი „ვერსია“ 9-10 სექტემბერი“)
წინასააარჩევნო მართონი საკმაოდ დინამიური პროცესია. და ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას ყველა დონეზე. გასულ კვირას მედიამ, ფაქტობრივად, უყურადღებოდ დატოვა საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედებები და მხოლოდ ის ამცნო მკითხველს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. არადა, ახლა ცესკოში კანდიდატთა მხარდამჭერთა სიების გადამოწმება მიდის, ირჩევენ საოლქო კომისიების დროებით წევრებს და ასე შემდეგ. იმედია, ინტერესი საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მიმართ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაძლიერდება.
რიგითი მკითხველისთვის საკმაოდ საინტერესო იქნებოდა საარჩევნო მარათონის თუნდაც არაოფიციალური ფავორიტების ხედვების მოსმენაც. ამ მხრივ, გაზეთებმა კვლავ გაუცრუეს იმედი მკითხველს. არ დასმულა ერთობ ლეგიტიმური კითხვა - პრეზიდენტის გვარიანად შეკვეცილი უფლებამოსილების ფონზე რის გაკეთებას აპირებენ კანდიდატები, რას მოიმოქმედებენ მათი არჩევის შემთხვევაში, და საერთოდ, რისი უფლება ექნებათ და რისი - არა. ამ „ნიუანსების“ უგულველყოფით კი მედიას შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, რომელსაც ისედაც საკმაოდ ბევრი ყოფითი პრობლემები აქვს... მედია უქმნის მას ფუჭ მოლოდინებს, რომ ახალი პრეზიდენტი შეძლებს ამ ვითარების რადიკალურად გამოსწორებას ან პოლიტიკაში მიმდინარე დადებითი ტენდეციების შენარჩუნებას ( გააჩნია კონკრეტული მკითხველის პოლიტიკურ სიმპათიებს).
რაც შეეხება კონკრეტულ მედიაგამოცემებს: როგორც მოსალოდნელი იყო, ნეგატიური განწყობით კვლავ გამოირჩეოდა „ასავალ-დასავალი“, რომელმაც, კახა კუკავაზე ან ელიზბარ ჯაველიძეზე დაყრდნობით გვამცნო, რომ „იმ შეთანხმებაში, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის შედგა, სააკაშვილი არ მონაწილეობს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, იგი მართლა დააპატიმრონ“; „სააკაშვილმა თურქულ ფულზე სამშობლო გაყიდა“; „ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებს“ და ასე შემდეგ.
შეფასებებში გაცილებით ნეიტრალურები აღმოჩნდნენ ყოველდღიური გამოცემები, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - საარჩევნო პროცესების საკმაოდ დიდი ნაწილი მათი ყურადღების მიღმა დარჩა, რამაც, პირველ რიგში, მკითხველი დააზარალა.
არჩევნები კოჰაბიტაციის გარეშე
როზი ჯღამაია
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ პოლიტიკური სუბიექტებისთვის რეალობა თვისობრივად შეცვალა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, წინა სხვა დანარჩენებისგან იმითაც განსხვავდება, რომ არ არსებობს ერთი, უპირობო ლიდერი, ანუ - ე.წ. მესია. ერთი შეხედვით, ცვლილება შეინიშნება მედია ბაზარზეც, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ - ერთი შეხედვით.
მართალია, მედია მეტ-ნაკლებად გათავისუფლდა პოლიტიკური გავლენებისგან, თუმცა მედია საშუალებების დიდ ნაწილში მაინც იგრძნობა მიკერძოებულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მედია კვლავაც მოქცეულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. ქვეყანაში არსებული ვითარება კი იმის მიხედვით ფასდება, კონკრეტული გამოცემა რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს უჭერს მხარს და ამ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს რა ადგილი უჭირავს ქართულ პოლიტიკაში.
პრესაში, იმის ნაცვლად, რომ მკითხველი წინასაარჩევნო პერიოდში იღებდეს მისთვის საინტერესო, დაზუსტებულ და გაანალიზებულ ინფორმაციას, ისმენდეს საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ ჯანსაღ კრიტიკას და გაერკვეს თითოეული კანდიდატის საარჩევნო პროგრამაში, მედიის მთელი ყურადღება გადატანილია ერთი კონკრეტული მიმართულებით - არჩევნების შემდეგ, რა ბედი ეწევა კოჰაბიტაციას.
„კოჰაბიტაცია“ - მედიისთვის სწორედ ეს მაგიური სიტყვა იქცა ამ არჩევნებში გამარჯვების თუ დამარცხების ფორმულად. შესაბამისად, საზოგადოებაც მოქცეულია მედიის გავლენის ქვეშ, რაც თავად საპრეზიდენტო კანდიდატებს აიძულებს ისევ და ისევ, ამ ჯადოსური სიტყვის ირგვლივ იტრიალონ.
ამიტომ იქცა მმართველი გუნდის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების ფორმულად ლოზუნგი - „27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია დასრულდება“. მარგველაშვილის ოპონენტებისთვის კი იმის მტკიცებაა მნიშვნელოვანი, რომ კოჰაბიტაცია არ და ვერ დასრულდება. ამ არჩევნების თავისებურებაც ისაა, თუ რომელი მხარე შეძლებს დაარწმუნოს ამომრჩეველი თავის სიმართლეში და ეს სიმართლე, სავარაუდოდ, არჩევნების ბედს თუ არა, ქვეყანაში მეორე პოლიტიკური გუნდის ბედს მაინც გადაწყვეტს.
გაზეთი „ახალი თაობა“ – 12 სექტემბერს აქვეყნებს ინტერვიუს „სახალხო კრების“ ლიდერთან, ელიზბარ ჯაველიძესთან სათაურით: „რესპუბლიკელები და ნაციონალები ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანდნენ“
„კოაბიტაციის დასრულების პირობას გიორგი მარგველაშვილიც იძლევა - დასრულდება როგორ არა. იცით, როგორ დასრულდება მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში კოაბიტაცია? სააკაშვილს მოიშორებენ და განახლებულ ნაციონალებს მოგვიყვანენ. აი მაშინ დაიწყება უბედურება...“.
იგივე გაზეთი, 10 სექტემბერს აქვეყნებს იგივე თემაზე სტატიას, სადაც ალეკო შალამბერიძეც აქცენტს კოჰაბიტაციაზე აკეთებს: „არაფერიც არ დასრულდება. მარგველაშვილმა ეგ საკენკი სხვებს დაუყაროს. კოჰაბიტაციის დასრულება, რომ სდომნოდათ, არც დაიწყებდნენ. ან რას ნისნავს 27 ოქტომბერს დასრულდება? 28 ოქტომბერს დილით სააკაშვილს დაიწერენ თუ რა მოხდება? სამართლიანობის აღდგენა რომ სურდეთ, გარწმუნებთ, 27 ოქტომბერს არ დაელოდებოდნენ. ეს ფრაზა წამოისროლა მარგველაშვილმა და ახლა მთელი „ოცნება“ მის „გაპრავებაზე“ მუშაობს“.
გაზეთი „კვირის პალიტრა“ 9-15 სექტემბერს აქვეყნებს სტატიას იმავე თემაზე, სათაურით: „ივანიშვილი მიდის იმიტომ, რომ ყოფილ ხელისუფლებას პასუხი აგებინოს?!“
ციტატა: „მარგველაშვილი თითოეულ გამოსვლაში ხაზ უსვამს, რომ 27 ოქტომბერს საქართველოში კოჰაბიტაცია დასრულდება. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ერთი წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყება საქართველოში სამართლიანობის აღდგენა, რომელიც ქართველი ხალხის ოცნებად იქცა?!“
სამწუხაროდ, პრესაში, მკითხველი, პრაქტიკულად, ვერსად ამოიკითხავს სერიოზულ ანალიზს, თუ რას ნიშნავს ქართული სახელმწიფოებრიობისთვის კოჰაბიტაცია და რა აუცილებლობამ განაპირობა მისი დამკვიდრება და რა დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები აღმოაჩნდა მას ქართულ პოლიტიკაში; რას ნიშნავს კოჰაბიტაციის დასრულება და რა უფრო მნიშვნელოვანია - სახელმწიფოს განვითარებას მივუდგეთ სახელმწიფოებრივად თუ არჩევნებში გამარჯვებულმა ყოველმა პოლიტიკურმა ძალამ, ტრადიციისამებრ, ყოფილი მმართველი გუნდის განადგურებას უფრო მეტი ძალისხმევა მოახმაროს თუ სახელმწიფოს განვითარებას?!