"ბიძინა ივანიშვილს ატყუებენ! გარემოცვის წევრები ინფორმაციას ხშირად სპეციალურად უმალავენ..."

"ძნელი სათქმელია, რა შინაარსისაა პატარკაციშვილის ოჯახსა და ყოფილ მაღალჩინოსანს შორის გარიგება. ასეთი დოკუმენტები უნდა გასაჯაროვდეს. ხალხმა უნდა იცოდეს, რა სახის შეთანხმებები ფორმდებოდა, თორემ მოსახლეობა უკვე დაბნეულია - ერთი მხრივ, გვაქვს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაული, მეორე მხრივ კი კოაბიტაცია. თუმცა, ეს უკვე კოაბიტაცია აღარ არის, სიმბიოზია - ანუ თანაცხოვრება კი არა, ერთად ცხოვრება. პარალელურად, `ნაციონალური მოძრაობის~ დანაშაულები იჩქმალება. ხალხი აღშფოთებულია და რაც მთავარია, უკვე ბრაზდება", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ხალხი აღშფოთებულია და რაც მთავარია, უკვე ბრაზდება" / "ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა კოალიციაში ბევრს გაუხარდება" .

"სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურების მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, დასავლეთის ზეწოლა იყო, რათა დაწყებულიყო კოაბიტაცია და ზოგიერთ მაღალჩინოსანს პრობლემები არ შეჰქმნოდა. ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ პროკურატურის ჩინოსნებს პროფესიული უნარ-ჩვევები დაევიწყებინათ და ხელისუფლების ხელში ბრმა იარაღად გადაქცეულიყვნენ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ პროკურორების ტოტალური არაპროფესიონალიზმი. "ნაციონალური მოძრაობის" საკმაოდ ბევრმა წევრმა, განსაკუთრებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულმა, თავისი დანაშაულის მიჩქმალვა "იყიდა" თანაპარტიელებისა და მეგობრების ჩაშვებით - ზოგიერთმა ფაილებით სავსე ჩემოდნები გადასცა ახალ ხელისუფლებას, ზოგმა თავისი აუცილებლობა "დაუმტკიცა" მთავრობას და ა. შ." - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"კუდ-ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა, რომელმაც ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო, "ბავშვია" ისეთ პირებთან შედარებით, როგორიცაა, მაგალითად, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ვაჟა ლელუაშვილი, მისი ყოფილი მარჯვენა ხელი, დეპუტატი გიორგი ფეიქრიშვილი, კახა ბუცხრიკიძე და ბევრი სხვა. ასეთივე პირები არიან მოკალათებული შსს-ში, თავდაცვის სამინისტროში, სადაც დღემდე მუშაობენ ის პირები, რომელთაც უზარმაზარ თანხად უვარგისი იარაღი აყიდვინეს სახელმწიფოს და შემდეგ ამ იარაღის გარემონტებაში ისევ ფული გააკეთეს. ასეთი ადამიანები სიმბიოზის რეჟიმში არიან ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან. შესაბამისად, ხალხის კითხვა: რატომ? გაოცებას კი არა, უკვე გაბრაზებას გამოხატავს. ამიტომაც საქმეს ვეღარ უშველის განცხადებები, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ კოაბიტაცია დასრულდება, ისე არიან გადაჯაჭვული ერთმანეთზე ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. "ნაციონალური მოძრაობის" ბევრმა წარმომადგენელმა თავი იმით გადაირჩინა, რომ კოალიციაში შემავალ პარტიაში გაერთიანდა. მაგალითად, კონსერვატიული პარტია გადავსებულია ყოფილი "ნაციონალებით" და მკითხველს ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს - ყველა გარდაბნელი "ზონდერი" ამ პარტიაში გაწევრდა. სწორედ ამას ჰქვია სიმბიოზი და ასე ცხოვრობს დღევანდელი ხელისუფლება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ბიძინა ივანიშვილი ის კაცი არ არის, რომელიც პრობლემას ვერ მოერევა. პრემიერმა რომ მოინდომოს, ქვას ქვაზე არ დატოვებს. საქმე ის არის, რომ ივანიშვილს მართლაც არა აქვს ინფორმაცია და ხშირად სპეციალურადაც უმალავენ. მას ვატყობ, რომ ვერც კი წარმოედგინა, თუ ასეთ კონტინგენტთან ექნებოდა საქმე. იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნების" კონკრეტული წარმომადგენელი "ნაციონალური მოძრაობის" კონკრეტული წარმომადგენლის ფარი კი არა, მეწილეა, სამართლიანობის აღდგენა აღარ გამოვა. გარემოცვის წევრები თავად ივანიშვილს ატყუებენ. პრემიერმა ამას წინათ განაცხადა, ბიზნესსექტორში სამართლიანობის აღდგენა ურთულესი რამ არის და ეს შესაძლოა, არ გამოგვივიდესო. პრემიერმა ეს იმიტომ თქვა, რომ გარემოცვის წევრები ეუბნებიან, თითქოს წართმეული ქონების კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება ბიუჯეტს უმძიმეს ტვირთად დააწვება. რასაკვირველია, განსაზღვრული კატეგორიის ქონების მფლობელისთვის დაბრუნება ბიუჯეტს ტვირთად დააწვება, მაგრამ რა უშლის ხელს, რომ წართმეულის დიფერენცირება მოხდეს?! რა მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს ის მაღაზია ან მიწის ნაკვეთი, რომლებიც თავის დროზე "ნაციონალებმა" ერთ პირს წაართვეს და მეორეს აჩუქეს? ან ავტომანქანების დაბრუნებას რად უნდა ამდენი ლაპარაკი? სურვილი იყოს და ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ვიმეორებ - ივანიშვილს ატყუებენ", - მიიჩნევს ექსპერტი.

"იმედია, პრემიერი სიმართლეს გაიგებს. რაც შეეხება პოლიტიკიდან მის წასვლა-არწასვლას - ის იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც გადაწყვეტილებას არ ცვლიან, ასე რომ, პოლიტიკიდან აუცილებლად წავა, თუმცა შესაძლოა, არცთუ ისე შორეულ მომავალში დაბრუნდეს კიდეც. სხვათა შორის, "ნაციონალურ მოძრაობაში" თანდათან მძლავრობს რევანშის აღების სურვილი და არ არის გამორიცხული, რომ მათ ამის გაკეთება სცადონ. "ქართული ოცნებისა" და სახელისუფლებო პიარის ტოტალური დეფიციტის გამო "ნაციონალებმა" ასე თუ ისე მოახერხეს სათავისო განწყობის შექმნა. უკვე ისმის საზოგადოებაში, ასეთი რამ "ნაციონალების" დროს არ მოხდებოდაო. უპირველესად გულისხმობენ ნარკოაფეთქებას, რაც წინა წლებში არ ხდებოდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც ამას საგანგებოდ აკეთებს, აბა, საიდან გაჩნდა უცბად ამდენი ნარკოტიკი და ნარკოდილერი?" ეს ჩემი გამოსაძიებელი არ არის, ამას სამართალდამცველებმა უნდა მიხედონ. ძალოვან სტრუქტურებში იმდენად ძლიერია მეხუთე კოლონა, რომ შესაძლოა, სწორედ ისინი უწყობენ ხელს ასეთი ვითარების შექმნას", - დასძენს რესპონდენტი.

"სხვათა შორის, კოალიციაში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ბევრს გაუხარდება. პრემიერს მართვის საკმაოდ მკაცრი ფორმა აქვს, მისი წასვლის შემდეგ კი კოალიციის წევრებს ხელს არავინ შეუშლის და ყველა შეეცდება, საბანი თავის მხარეს გადაქაჩოს. ამიტომ კარგი იქნება, კოალიცია მაისამდე მაინც თუ არ დაიშლება, თუმცა ერთიანობას მხოლოდ ფორმალური სახე ექნება. სამწუხაროდ, ამას ისევ საქართველოს ინტერესები შეეწირება - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება მწვავე პოლიტიკური ბრძოლა, რაც უფრო გააღრმავებს სამეურნეო ქაოსს. მთელი ეს ბრძოლა კი გაიმართება გაცოფებული მაყურებლის თვალწინ - იმ ხალხს ვგულისხმობ, რომელიც ამაოდ ელის სამართლიანობის აღსრულებას. ამან კი შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგები მოიტანოს", აცხადებს მამუკა არეშიძე და შეკითხვას - "იმას გულისხმობთ, რომ შესაძლოა, გამწარებულმა ხალხმა თავად მოინდომოს სამართლიანობის აღდგენა?" - პასუხობს:

"სრულიად შესაძლებელია. მაგალითად, მე ვიცნობ კაცს, რომელიც დაიღალა ლოდინით და უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანა სპეცსადგომიდან თვითნებურად წამოიყვანა და ვერავინ ვერაფერი უთხრა. საქართველოს მოსახლეობის 25% სამართლის აღდგენას ითხოვს, პროკურატურასთან აპელირების რეჟიმი ერთ მშვენიერ დღეს დასრულდება და გადავლენ კატეგორიულ ქმედებებზე. სწორედ იმის გამო, რომ გაბრაზებულმა ხალხმა არც თავს და არც სახელმწიფოს პრობლემა არ შეუქმნას, სამართლიანობის აღდგენის იმედი უნდა დაუბრუნდეს. ასეთი ტიპის შეხვედრა გაიმართა შაბათს სასტუმრო "საქართველოში" და დაფუძნდა ორგანიზაცია `სამოქალაქო სოლიდარობა~, რომლის მთავარი ამოცანაა ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გასაჯაროება, სამართლიანობის აღდგენა და მუდმივი პრესინგი ხელისუფლებაზე, რათა შეასრულოს ის, რისთვისაც ხალხმა აირჩია".