მეუფე შიოს მტერი არ ჰყოლია, ის რაფინირებული, წესიერი ადამიანია და, მეუფე იაკობს თუ დავესესხებით, მისი მსგავსი მკვეთრი რიტორიკით არასდროს გამოსულა. ამის მიუხედავად, მეუფე შიოს სისხლში მაინც აღმოჩნდა დარიშხანის კვალი, საპატრიარქოს თანამშრომლის რუსუდან მაისურაძის დაღუპვამ კი, რომელიც მეუფე შიოს ოთახს ალაგებდა, ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა.
მეუფე შიოს სისხლის ანალიზის პასუხს გერმანიიდან ელოდებიან. საქმეში ჩართულია სუს-იც და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც.
შორენა თეთრუაშვილის ხსენება შიო მუჯირის მოწამვლასთან დაკავშირებით დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს არ მოსწონს და ინტერესდება, ჟურნალისტები „შორენას მეტს არავის იცნობენ საპატრიარქოში?!“ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხელოვნურ ჩარევას არ გამორიცხავს, თუმცა არც ყოფით შემთხვევას უგულებელყოფს მოწამვლასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობს, ის თვლის, რომ შორენა თეთრუაშვილს თავისი ადგილი აქვს, მეუფე შიოს თავისი და ისინი ერთმანეთის საქმეებში არ იკვეთებიან. მეუფე იაკობი მეუფე შიოს არც მოწამვლას გამორიცხავს და არც იმას, რომ რომელიმე ჩინურ პროდუქციას ემოქმედა პატრიარქის თანამოსაყდრის ჯანმრთელობაზე.
აღსანიშნავია, რომ ციანიდის საქმიდან დაახლოებით სამ თვეში მიიღეს გადაწყვეტილება, მეუფე შიო გამხდარიყო პატრიარქის თანამოსაყდრე. გარკვეული ძალები იმთავითვე ამტკიცებდნენ, რომ მეუფე შიოს ასპარეზზე გამოსვლისთანავე ეკლესიის შიგნით რუსული ფრთა გააქტიურდა და ამას მეუფე შიოს რუსულ ბექრაუნდს უკავშირებდნენ, რომ მან მოსკოვის სასულიერო აკადემია დაამთავრა.
ეს რომ ვატიკანი და რომის სამფლობელო იყოს, ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას არ გაუკვირდებოდა მეუფე შიოს მოწამვლის ამბავი. ანალიტიკოსს ახსენდება 1982 წლის პოლიტიკური სკანდალი, როცა ვატიკანსა და იტალიურ მაფიას შორის ერთგვარი კავშირი იკვეთებოდა. მანამდე კი იოანე პავლე მეორეს ესროლეს. ვახტანგ მაისაიას მოსაზრებით, საქართველო და მართლმადიდებლური ეკლესია იმითაა განსხვავებული ყველა კონფესიისგან, რომ პოლიტიკური ტიპის მკვლელობები, თავდასხმები არ ხდება. ერთი იყო 1918 წელს პატრიარქ კირიონის მკვლელობა, რომელიც არ გამოიძიეს.
„მაშინაც კი, როდესაც საუბარი იყო მამალაძის ქეისსა და ციანიდზე, ამასაც თითიდან გამოწოვილად და პოლიტიკური სპეკულაციის საგნად, საერო საკითხად ვთვლიდი. დღემდე გაურკვეველია, ამ საქმის მოტივი რა იყო. ახლა კიდევ უფრო მძიმე ჰიპოთეტური სიტუაციაა, რადგან ძნელად წარმოსადგენია რაფინირებული, გაწონასწორებული, მაღალ ინტელექტუალური, ღირსეული საჭეთმპყრობლის მეუფე შიოს მოწამვლის მცდელობა. გინდა პრორუსი იყოს, გინდა პროდასავლელი, ვერ წარმომიდგენია, ვის შეეძლო ასეთი რამის გაკეთება“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ზოგიერთები მეუფე შიოს ე.წ. რუსულ ბექრაუნდზე ისე ლაპარაკობენ, ისიც კი არ იციან, რომ ბოლშევიკებმა და კომუნისტებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ქართული საეკლესიო თეოლოგიური და აკადემიური სწავლება არ განვითარებულიყო. იმ პერიოდში სხვა არაფერი არსებობდა, ერთადერთი იყო ზაგორსკის სასულიერო აკადემია, ილია მეორის ძალისხმევით კი, 70-იან წლებში მცხეთაში გაიხსნა სასულიერო სემინარია.
„ასე რომ ვიფიქროთ, ვინ სად დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, მაშინ ოპოზიციის ლიდერმა ხოშტარიამ მგიმო დაამთავრა და დღეს იგი თავგადაკლული „ანტირაშისტია“. რაც შეეხება საპატრიარქოში პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის დაპირისპირებას, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ნაკლებად იდეოლოგიზირებული და ნაკლებ პოლიტიზებულია. საბჭოთა პერიოდში იყო სპეციალური სამმართველო, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებში აგენტურის ჩანერგვაზე მუშაობდა, მაგრამ მაშინაც კი ქართული საპატრიარქო ღირსების სიმაღლეზე იდგა და არც ერთი ასეთი ფარული აგენტურა არ არის გამოვლენილი, სხვა საპატრიარქოებისგან განსხვავებით. სხვათა შორის, სომხური საპატრიარქოც სომხეთის სახელმწიფოებრიობის მთლიანობის ავანგარდში იდგა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
მანვე არ გამორიცხა არაპოლიტიკური ტიპის ინტრიგები საპატრიარქოში, მაგრამ პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის ელემენტები დამაჯერებლად არ მიიჩნია. ანალიტიკოსის განმარტებით, ილია მეორის, ჩვენი სულიერი მამის ავტორიტეტს, რენომეს და სიდიადეს ვერავინ შეცვლის, ეს განსაკუთრებული ფენომენია, ამიტომ საეჭვოა, ვინმე შეეცილოს ჩვენს პატრიარქს ამ მიმართულებით.
რაც შეეხება საპატრიარქოში დამლაგებლის გარდაცვალების ფაქტს, ვახტანგ მაისაიას აზრით, ადამიანები უამრავი დაავადებით იღუპებიან და საეჭვო დეტალები გამოძიების დასადგენია. უბრალოდ, ფაქტი ერთია, როგორც ადრე კლასიკური ტროცკისტები, ისე ახლაც ნეოტროცკისტული დაჯგუფებები ეკლესიის დაუძინებელი მტრები არიან და საქართველოს ღალატს ეწევიან.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის პეტრე მამრაძის აზრით, ჯერჯერობით შეუძლებელია ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე გარკვეული დასკვნის გამოტანა, მაგრამ პეტრე მამრაძე ადასტურებს, რომ პირადად იცნობს მეუფე შიოს, დიდი ხნის წინ გაიცნო იგი და მიაჩნია, რომ ეს არის უაღრესად სუფთა ადამიანი, ნამდვილი მორწმუნე, მაღალი კულტურის, ერუდირებული, შესანიშნავი ოჯახის- ქურდიანების შთამომავალი, ამასთან, მეუფე შიო უაღრესად ერთგულია მისი უწმინდესობის მიმართ და ნამდვილი თანამოსაყდრეა.
ამდენად, თუკი მართლაც განზრახ მოქმედება იყო მისი მოწამვლის მცდელობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც ჩვენი უწმინდესის მოწამვლას ცდილობდა, შესაძლოა, იმავე წრეებიდან მოდიოდეს ეს ფაქტი.
„მე არ ვამბობ, რომ იგივე ადამიანები ჩაიდენდნენ ამ დანაშაულს, უბრალოდ, მეუფე შიო გვერდში უდგას უწმინდესს და უნეტარესს, ის პიროვნებაა, რომელიც არაფერს შეუშინდება, თუ საჭიროა, სიცოცხლესაც გაწირავს ამ საქმისთვის. მის რუსულ ბექრაუნდზე რომ საუბრობენ, ავიწყდებათ, რომ ჩვენი უწმინდესიც ზაგორსკში სწავლობდა, ეს იყო მართლმადიდებლობის არა რუსული, არამედ მსოფლიო ცენტრი თავის დროზე. ამდენად, პრორუსული და პროდასავლური ფრთის არსებობა ჩვენს ეკლესიაში არადამაჯერებელია. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ეკლესიის მთელი დელეგაცია იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, ნატოში. 71 წლის ვხდები და მახსოვს, ინტელიგენცია როგორ დადიოდა უწმინდესის ქადაგებების მოსასმენად, ისეთი მუხტი მოდიოდა მისგან. ამ ინტელიგენციაში კი იყვნენ მორწმუნეებიც და ათეისტებიც“, - აცხადებს პეტრე მამრაძე for.ge- სთან საუბრისას.