რამდენიმე ათეული წლის წინ, თბილისში ერთი სომხური ფრაზა, “ანძრევ გალისა“ მოარული ანეკდოტივით დადიოდა.
ცოტა ჩვენთაგანმა თუ იცის ამ გამოთქმის წარმოშობის ნამდვილი ისტორია.
სპექტაკლში „მზის დაბნელება საქართველოში“, მთავარ როლებს ვასო გოძიაშვილი და ელენე ყიფშიძე ასრულებდნენ. ერთ ეპიზოდში ორივე ამბობდა - „წვიმა მოდისო“.
ქალბატონმა ელენემ ერთხელ ხუმრობა განიზრახა, ავლაბარში წავიდა და იქაურ სომხებს ჰკითხა, „წვიმა მოდის“ თქვენს ენაზე როგორ ითქმისო. მათაც არ დაიზარეს და „ანძრევ გალისა“ ასწავლეს.
მორიგი სპექტაკლის მიმდინარეობისას, ვასო გოძიაშვილს რომ უთქვამს, „წვიმა მოდისო“, ელენეს ყველასათვის მოულოდნელად სომხურად დაუდასტურებია: „ჰო, ჰო, ანძრევ გალისაო“.
მთელი თეატრი სიცილისაგან კიოდა. გოძიაშვილმა კი თავდაპირველად ხუმრობა ვერ აღითქვა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ყიფშიძეზე გაბუტული დადიოდა.