„ია ხაჩუ ჩაჩა!“

„ია ხაჩუ ჩაჩა!“

ბატონი ქართლოს კასრაძე განსაკუთრებული იუმორის გრძნობით გამოირჩეოდა და მისი „ისტორიები“ ხალხში ლეგენდად დადიოდა. ერთ-ერთ მათგანს ბატონი სოსო ებრალიძე არაერთხელ იგონებდა.

„რუსეთის ერთ შორეულ ქალაქში მივფრინავთ საგასტროლოდ. საფრენად საკმაოდ გრძელი რეისი იყო. თან გვახლავს ცხონებული ქართლოს კასრაძე, რომელიც კონფერანსიედ გვყავდა და გვამშვენებდა თავისი გონებამახვილური იუმორით.

აფრინდა ცაში ჩვენი ლაინერი, გადაუფრინა თუ არა კავკასიის მთებს, შემოგვაწვა სევდა.

- რას ჩამოყარეთ ყურები?! - დაიქუხა ქართლოსმა და საიდანღაც ქართული ჭაჭით სავსე ბოთლი ამოაძვრინა.

არ გაგვკვირვებია – ქართველი კაცი მიწაზეც ქართველია და ცაშიც. ის გაგვიკვირდა, ქართლოსმა ჯიხვის რქა რომ გააჩინა, რომელშიც 30–40 გრამი სითხე თუ ჩავიდოდა. ჩამოვირიგეთ თითო - თითო და ხასიათიც გაკეთილშობილდასავით. შევეგუეთ ცად ყოფნას. ქართლოსი ერთ სკამზე მჯდომ ღიპიან, მელოტ რუსს დაეყრდნო მხარზე.

- ჩტო პრაიხოძიტ! ჩტოტა, ვოდკოი პახნეტ!- ამოიძახა ძილ - ბურანში წასულმა რუსმა.

ქართლოსმა მდგომარეობა მოწვა და რქა შეუვსო.

- ჩტო ეტა ზა სტაკან? - გაუკვირდა რუსს მომცრო ყანწი.

- ეტა რაგა! - თავისებურად აუხსნა ქართლოსმა.

- კაკ, რაგა?

- ბეეეე!  - კაზა, როგ, - ისევ ბუნდოვნად უპასუხა ქართლოსმა.

- როგ, როგ... ააა?! - მიხვდა რუსი. - ია იზ კრივოვა როგა... ა ნუკა დავაი ეშჩო ტვოი „ბეეე“.

ქართლოსმა ისევ დაუსხა. რუსი რისი რუსი იყო, არ ეხუხა?! ხუხა და, - დავაი ეშჩო! - ამანაც ჩამოუსხა.

რუსმა ისიც მიასვენა და „შირაკა სტრანა მაია რადნაიაო“ - გაწელა. დადგა მთელი თვითმფრინავი ფეხზე. მალე  რუსი გულის ამაჩუყებლად ახვრინდა. ცოტა ხანში „გამოფხიზლდა“ და ისევ დალევა მოისურვა.

- ნალეიწე ჩაჩა! ია ხაჩუ ჩაჩა... ჩა... ჩა... ჩააა.

- ვა, დავაი, დარაგოი, პრაშუ! - შეუვსო „რაგა“ ქართლოსამ. ისიც ჩაათხლაშუნა ღიპიანმა და ქართლოსს „შეუბრუნდა“.

- ტი მაია სესტრა?

კასრაძემ შარვალზე დაიხედა და რუსს ალმაცერად შეხედა.

- ია ქართლოს, გრუზინსკი მუშჩინა.

- ნიეტ, - თითი გააქნია ჰაერში რუსმა, - ტი გალია, მაია სესტრა.

- ვაიმე?! - ალმაცერად გახედა ილუმინატორს ქართლოსმა, - რა უნდა ამას?

„დამთვრალი“ მგზავრი თბილისელი რუსი ყოფილა, ვარკეთილელი.

ცოლისთვის ფული მოუპარავს და ქალმა ჩაუშვა. ეს პიროვნება აეროპორტში სამართალდამცველებმა აიყვანეს.

ქართლოსმა მოგვიანებით ამ ამბავზე საესტრადო ნომერი გააკეთა, რომელიც მაყურებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.