ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია, განაჩენი გამოუტანა რუსეთის მიერ შემოთავაზებულ ევრაზიის კავშირს, მაგრამ რას მოუტანს საქართველოს ევრაზიის კავშირის თურქული ანალოგი? - სავარაუდოდ, არც ამ კავშირს მოიწონებს ქვეყანა, რადგან ბოლო წლებში თურქული ექსპანსია, რასაც არაერთი რელიგიური დაპირისპირება მოჰყვა, გაიზარდა. იაშვილის სახელობის კლინიკის ინციდენტმა კი, თურქი ინვესტორების ზღვარგადასულ სითავხედეს ფარდა საბოლოოდ ახადა... ამასობაში, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ნელ-ნელა გვიახლოვდება. ისე, უცნაურია, რომ ცესკო-სა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, საარჩევნო მარათონს გამოეთიშა... კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე ბევრ საარჩევნო ინტრიგას ელოდება. ამასთან, არეშიძე დარწმუნებულია, რომ 27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია არ დასრულდება...
- ბატონო მამუკა, მოდით, საუბარი იაშვილის სახელობის კლინიკაში ინვესტორთან დაკავშირებული ინციდენტით დავიწყოთ. თურქი ბიზნესმენები საქართველოში თავს ამდენის უფლებას რატომ აძლევენ?
- მეზობელ ქვეყნებთან წინა ხელისუფლების დამოკიდებულება იმის ფიქრის უფლებას გვაძლევს, რომ რაღაც ვალდებულება არსებობს, რის შესახებაც საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული. ამას ბევრი ირიბი ფაქტი ადასტურებს: საოცრად სწრაფი ტემპით მოხდა თურქების მიერ აჭარის ათვისება. უცხო ქვეყნების მოქალაქეები თავისუფლად გრძნობენ თავს ქვემო ქართლშიც, თურქული ჰუმანიტარული ორგანიზაციები შეუზღუდავად დაპარპაშებენ პანკისის ხეობაში. საჭიროა, გამოვიკვლიოთ, როგორ ხდებოდა მათთვის სახელმწიფო ქონების გადაბარება. გავიხსენოთ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ამბავი. სხვათა შორის, ბათუმის აეროპორტი თურქეთის საჰაერო სივრცის შიდა აეროპორტად ითვლება.
ანალოგიური სიტუაციაა რუსეთთანაც, რომელთან დაპირისპირებითაც წინა ხელისუფლება ტრაბახობდა. სწორედ ფარული გარიგებებითაა გამოწვეული ინვესტორთა თავხედური ქცევები არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ, ქვეყნის მატერიალური სიმდიდრეებისა და კულტურული ფასეულობების მიმართ, თუმცა იაშვილის კლინიკის შემთხვევაში თურქი ინვესტორის ქმედება პირადი ხასიათიდანაც გამომდინარეობს. დროა, ყველამ იცოდეს თავისი ადგილი, დაიცვას სამართლებრივი და მორალური წესები, პატივი სცეს იმ ქვეყნის ინტერესებს, სადაც ბიზნესსაქმიანობას ეწევა.
- რუსული და თურქული სპეცსამსახურების ინტერესები ერთმანეთს ხომ არ ემთხვევა?
- პოლიტიკური თვალსაზრისით დამთხვევა გამორიცხულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კავკასიურ სივრცეში ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს აშკარად და კულუარულად უპირისპირდება. დღევანდელი თურქეთის ოფიციალური კურსი ოსმალური იმპერიის საზღვრების იდეოლოგიური აღდგენაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც თავის დროზე მის შემადგენლობაში შედიოდა, თურქეთის გავლენის ქვეშ უნდა დაბრუნდნენ. ეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინიტრის, დავით ოღლუს დოქტრინაა. სტამბულის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ჩვეულებრივი პროფესორი დავით ოღლუ სწორედ ამ კონცეფციის წყალობით გახდა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთისა და თურქეთის პოლიტიკური ინტერესები რომ არ ემთხვევა, ამის ნათელი მაგალითია აფხაზეთიც - 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა ფეხი კარგად მოიკიდა აფხაზეთში, საგანმანათლებლო სივრციდან თურქული სასწავლებლები განდევნა და ეკონომიკური სტრუქტურების მოშლა დაიწყო, თან საკმაოდ ეფექტურად.
რაც შეეხება ამ ორი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, ამის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ - მათ ერთმანეთთან 12-მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა აქვთ
- შეიძლება ვთქვათ, რომ აჭარა თურქული გავლენის ქვეშაა?
- ჯერ ვერ ვიტყვით, რომ აჭარაში თურქეთის მთლიანი გავლენაა, მაგრამ ტენდენცია ესაა. რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბერი, ეს ტენდენცია გაღრმავდებოდა. ადრე პატრულს აკრძალული ჰქონდა გაეჩხრიკა და გაეკონტროლებინა აჭარის ტერიტორიაზე თურქების მიერ გახსნილი უამრავი ბორდელი. ახლა ეს საქმიანობა უფრო მორიდებული გახდა და იატაკქვეშეთში გადავიდა. თურქული გავლენა კი არ შეიცვალა, არამედ, შემცირდა, თუმცა შემცირებული გავლენა მაინც გრძელდება, განსაკუთრებით, - მთიან აჭარაში. ჯერჯერობით ვერ ვხედავ საქართველოს ხელისუფლების კონტრპოლიტიკას, ვხედავ მხოლოდ უშიშროების უწყების პოლიტიკას, რომ აჭარასა და სხვა რეგიონებში ვითარება ძალისმიერი მეთოდებით შეცვალოს.
- ქართული სპეცსამსახურები საამისოდ მზად არიან?
- სამწუხაროდ, არ არიან სპეციალისტები, რომელთაც შეუძლიათ, ზუსტი რჩევა მისცენ სპეცსამსახურებს, თუ როგორ მოიქცნენ რელიგიური შუღლისა და ეთნიკური დაპირისპირების დროს. სპეცსამსახურის თანამშრომლების ნაწილი წილში უსხედან იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ პანკისსა და ქვემო ქართლში.
- გვარებს არ დაასახელებთ?
- ერთი მათგანი გია ლორთქიფანიძეა. ვერ დავიჩემებ, წილში მაინცდამაინც თვითონ იჯდა-მეთქი, მაგრამ სამხარეო უშიშროების სამსახურის უფროსის რანგში მისი ძმის მოქმედება მოწმობს, რომ ამ ჯგუფმა ვაჰაბიტების გავლენის გაძლიერებით ისარგებლა - ჩემი ინფორმაციით, უცხოეთიდან ვაჰაბიზმის გასაძლიერებლად შემოსული თანხებიდან წილს იღებდა.
- მსჯელობის საგანი გახდა ბიძინა ივანიშვილის ფრაზა ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის რუსულ ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაერთიანება მიუღებელია... რას გულისხმობს ევრაზიული კავშირის თურქული ანალოგი?
- რას და, - დავით ოღლუს პანისლამიზმის იდეას, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ბატონი ბიძინას განცხადებას, შეიძლება, რამდენიმე ინტერპრეტაცია ჰქონდეს. ნათქვამის მიზანი შეიძლება, აჟიოტაჟის შექმნაც იყო. პრემიერი უძლიერესი პრესის რეჟიმში ცხოვრობს - ზეწოლა ქართული საზოგადოების მხრიდან, ცალკე - დასავლეთი და ცალკე - რუსეთი, რომლისთვისაც მიუღებელია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებმა ნოემბერში ევროპის ასოცირებულ ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერონ. ახლახან, რუსეთმა ბლოკადა “გაუკეთა” უკრაინას, პირდაპირ გააფრთხილა აზერბაიჯანი, რომ თუ ალიევი პროდასავლურ კურსს გააგრძელებს, ქვეყნის ხელმძღვანელობა შეიცვლება. სომხეთთან საბაჟო კავშირზე კი, ხელი უკვე მოაწერა და ევრაზიულ კავშირზე ხელმოწერაზეც დაითანხმა. იგივე ზეწოლაა საქართველოზეც. გააფთრებული კულუარული ბრძოლა მიდის, თუ რა კურსს აირჩევს საქართველო. რუსეთის ევრაზიული კავშირის თემა მხოლოდ დიპლომატიური პასუხი იყო. მარტივად რომ ვთქვათ, ამ პასუხით ივანიშვილმა შეუძლია, უთხრას რუსეთს, ქვეყანაში დიდი აგრესიაა დაგროვილი, ამიტომაც გაჭირდება ხელის მოწერა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზეო.
- პრემიერის მრავალჯერადი განცხადება პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ხალხში გაურკვევლობას თესავს...
- ივანიშვილი მთელი წელი მანევრირების რეჟიმში იყო: არც მოსკოვში წავიდა და არც - აშშ-ში. ვფიქრობ, არ უნდა თავის თავზე ამ ტიპის პასუხისმგებლობა აიღოს და წასვლის გადაწყვეტილებაც ამით იქნება განპირობებული. ურჩევნია, ისეთი კაცი მოვიდეს, რომელსაც არავისთან აქვს ვალდებულებები.
- ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ასეთი კაცი არსებობს?
- გაიჟღერა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელსაც ვერც რუსეთისკენ მიდრეკილს დაარქმევ, ვერც დასავლურ ორიენტაციას მიაკუთვნებ.
- სირიიდან ქართველი მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით კრემლის შემოთავაზებაც კეთილგანწყობის ერთგვარი დიპლომატიური ხერხი იყო?
- რასაკვირველია. საერთოდ, დიპლომატია კულუარულად კეთდება. საჯარო განცხადებები კი არა, ის მაღიზიანებს, თუ რა კულუარული გადაწყვეტილებაა და მას რა ტიპის ადამიანები ასრულებენ. ვერ ვიტყვი, რომ ქართულმა დიპლომატიამ მწვერვალებს მიაღწია. თუკი სააკაშვილის მმართველობის დროს ელჩების საქმიანობა პრეზიდენტის პიარ-გეგმების ნაწილი იყო, დღეს მათი მოვალეობა საქართველოს იმიჯის შექმნაა და ამას ვერც საგარეო საქმეთა სამინისტრო ახერხებს და ვერც - უცხოეთში საქართველოს ბევრი წარმომადგენელი...
- ცესკო-მ უარი უთხრა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე...
- ზურაბიშვილის მიმართ აბსოლუტური უკანონობა ჩაიდინეს. წინააღმდეგობრივი კანონია, რომლის მიხედვითაც, პიროვნებას შეუძლია, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ არ შეიძლება, პრეზიდენტი გახდეს. ერთი წლის წინ ბიძინა ივანიშვილს იგივე პრობლემა ჰქონდა, ამის გამო საპროტესტო ტალღაც აგორდა და მაშინ ქალბატონი სალომე ბიძინა ივანიშვილს მხარში ედგა.
- ივანიშვილი ამბობს, შემცვლელს დავტოვებო და ეს მაშინ, როცა პრემიერს პარლამენტი ამტკიცებს. სად არის ამ გამონათქვამებში კანონის უზენაესობა?
- ეს გამონათქვამები იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურის ტოტალური დეფიციტია. სამწუხაროდ, ამ საკითხზე არც წინა ხელისუფლება ზრუნავდა და არც გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ პოლიტიკური კულტურა ჩამოაყალიბოს. სხვანაირად კი, სახელმწიფო ვერ შედგება.
- მმართველი პარტიის წარმომადგენლები მოსახლეობას ამშვიდებენ, ოქტომბერში კოჰაბიტაცია დამთავრდებაო...
- გარწმუნებთ, კოჰაბიტაცია ვერ დამთავრდება. კოჰაბიტაცია, ზოგ შემთხვევაში, სიმბიოზის რეჟიმშია გადასული. ,,ნაცმოძრაობის” წარმომადგენლების, ბიზნესმენებისა და პარლამენტარების ურთიერთობები უმრავლესობის წევრებთან გულისხმობს ერთად ცხოვრებას, წილების, სიკეთის გადანაწილებას და ა.შ. ,,ზონდერებისა” და ,,ნაცმოძრაობის” ბევრი ოდიოზური ფიგურა “კონსერვატორული პარტიის” რიგებში აღმოჩნდა - გარდაბნის რეგიონის მაჟორიტარი ფეიქრიშვილი და “ზონდერების” მეთაური კახაბრიშვილი მშვენივრად გრძნობენ თავს ამ პარტიის ფრთებქვეშ. ბევრი თავიდანვე ჩანერგილი აგრძელებს პარტიულ საქმიანობას ,,ქართულ ოცნებაში”. მაგალითად, უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი, ამჟამად გარდაბნის გამგებელი ნუგზარ ჩადუნელი, რომელიც თვალით არ მინახავს არჩევნებზე.
- რა ინტრიგებს უნდა ველოდოთ საარჩევნოდ?
- მიხეილ სააკაშვილისგან ისეთ დემარშს ველოდები, რომელიც ძალაუფლებას გაუხანგრძლივებს და ხელისუფლებას არჩევნების ჩატარების საშუალებას არ მისცემს.
- ანუ, არჩევნები შეიძლება, ჩაიშალოს?
- სომხეთში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი იყო. ერთი მათგანი მსუბუქად დაიჭრა, ამის გამო არჩევნები ორი კვირით გადაიდო - სომხეთის კანონმდებლობით, კანდიდატის გამოჯანმრთელებამდე პროცესი შეჩერდა. ჩვენთან ასეთი კანონი არ არსებობს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამოუწურავი ფანტაზია აქვთ.
-,,ნაცმოძრაობა” კარგა ხანს აპელირებდა პარტიის გენმდივნის პატიმრობით გამოწვეულ შეფერხებულ საარჩევნო პროცესზე. ისე, ვანო მერაბიშვილმა დაპატიმრებისას განაცხადა, ციხეში ერთ წელს გავატარებო...
- მერაბიშვილის შემთხვევაში საქმე გარიგებასთან არ გვაქვს. საზოგადოებრივმა აქტიურობამ გეგმის ის ნაწილი აღკვეთა, რომელიც ტიმოშენკოს პატიმრობის მსგავს მოვლენებს განიხილავდა. ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პარტიამ გაწირა. ,,ნაციონალებში” ყველაზე ჭკვიანი გიგა ბოკერია აღმოჩნდა, რომელმაც გადაწყვიტა, ხელი იმას შეაწმინდოს, ვინც ციხის კადრებითა და ლაფანყურის წარუმატებელი სპეცოპერაციით დასავლეთთან პრობლემა შექმნა. მართალია, გიგა ბოკერიას არანაკლები დანაშაული მიუძღვის აგვისტოს ომსა თუ უშიშროების საბჭოს განკარგვაში არსებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში, მაგრამ საზოგადოების თვალში ბევრად ნაკლები დამნაშავეა, ვიდრე - ახალაია და მერაბიშვილი.
- ახალაიას მიმართ გამოცხადებული ჯიჰადი მითია თუ რეალობა?
- 2013 წლის 15 მაისს პოლიტიკური ისლამის წარმომადგენელ საველე მეთაურთა შურა შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ ლაფანყურის დამნაშავენი - გია ლორთქიფანიძე და ბაჩო ახალაია უნდა დაისაჯონ. ეს ჯიჰადი არაა, მაგრამ შურა გამოძიების შედეგებს ელოდება.