როგორ გამოვიდეთ ნაბახუსევი მდგომარეობიდან

როგორ გამოვიდეთ ნაბახუსევი მდგომარეობიდან

ნაბახუსევი ქრონიკული ალკოჰოლიკებისთვის განსაკუთრებით მტანჯველია. მათ აწუხებთ თავის ტკივილი, ციება, ხელების კანკალი, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, დეპრესია, აჩქარებული გულისცემა და ასე შემდეგ. ამიტომ მათთვის აუცილებელია, ამ დროს ასი მილილიტრი სასმლის დალევა. 

რაც შეეხება მას, ვინც იშვიათად სვამს სპირტიან სასმელს, ნაბახუსევ მდგომარეობაში იშვიათადაა. მხოლოდ იმ შემთხვევაში: თუ უხარისხო, მავნე ნივთიერებების შემცველ ალკოჰოლურ სასმელს დალევენ, ან ზედმეტი დოზა მოუვათ და თან, საკვებსაც არ მიაყოლებენ; თუ სხვადასხვა სპირტიან სასმელს, მაგალითად, არაყს, ღვინოს, კონიაკს ერთმანეთში აურევენ. 

ნაბახუსევის ყველაზე ტიპური სიმპტომია თავის ტკივილი. ეს გამოწვეულია იმით, რომ სპირტი და მასში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებები ნერვულ სისტემას აზიანებს. გარდა ამისა, ალკოჰოლით მოწამვლა შიდა ქალის წნევას სწევს მაღლა. ამ დროს ადამიანს პირის სიმშრალე და წყურვილის გრძნობაც აწუხებს. ალკოჰოლს ორგანიზმის გამოშრობაც შეუძლია. წინა საღამოს გადამეტებული დოზით ალკოჰოლის მიღება, მეორე, დილას ორგანიზმში სითხის დეფიციტს იწვევს. იმისთვის, რომ ეს დეფიციტი სასწრაფოდ შეივსოთ და წყურვილის გრძნობაც მოიკლათ, სითხე ერთბაშად არ უნდა მიიღოთ. გაღვიძებიდან ორი საათის განმავლობაში ლიტრ-ნახევრამდე სითხე დალიეთ, ოღონდ არა გაზიანი. კარგია, ასევე, მაგარი ჩაი ან ყავა. 

ნაბახუსევზე ბევრი ადამიანი მინერალური წყლის დალევას ამჯობინებს. ეს სწორიცაა, რადგან ნაბახუსევზე ორგანიზმი ალკოჰოლის მიღების შედეგად დაგროვილი ტოქსიკური ორგანული ნაერთებისგან გათავისუფლებას გთხოვთ. მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, ორ ლიტრამდე მინერალური წყალი დალიოთ. წყურვილის მოკვლის გარდა, ასევე უნდა იზრუნოთ ორგანიზმში ელექტროლიტების, კერძოდ მაგნიუმის, ნატრიუმისა და ფოსფორის დოზის აღდგენაზეც. ამ ნივთიერებებით მდიდარია კიტრის მწნილის წვენი, კომბოსტოს მწნილი, ხორბლის ბურახი. ისაუზმეთ ნოყიერი კერძებით, მიირთვით კარტოფილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები. 

ნუ გაჩერდებით დიდხანს ცხელი წყლის აბაზანაში, რადგან ამით გულსისხლძარღვთა სისტემას შეუქმნით საფრთხეს. ეფექტურია ნელთბილი შხაპის მიღება. ის ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ოფლის გამოყოფას აუმჯობესებს, რომელსაც ტოქსინები გამოაქვს ორგანიზმიდან. 

ნაბახუსევზე უნდა მოერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას. ჯობია, სუფთა ჰაერზე ისეირნოთ.