დასავლეთ საქართველოდან ორ უმნიშვნელოვანეს საექსპორტო აგროპროდუქტთან დაკავშირებით წელს განსხვავებული ვითარებაა. ლურჯი მოცვის ფასი მკვეთრად შემცირდა და ექსპორტიც ვეღარ ვითარდება, ხოლო თხილის მოსავალიც გაიზარდა, ფასიც და ხარისხიც გაუმჯობესდა.
ლურჯი მოცვის ფასით ძალიან ბევრი ფერმერი უკმაყოფილია, თუმცა როგორც „აგროლეინის“ მმართველი პარტნიორი გოგა ღვინიაშვილი განმარტავს, ფასების ვარდნას აქვს ობიექტური მიზეზები.
„ძალიან ობიექტური ახსნა აქვს ამ ფაქტს. საქართველოში წარმოებული მოცვის 90% ექსპორტზე გადის ერთ ბაზარზე - რუსეთში. სეზონის დასაწყისში ის ფასი, რომელიც არის რუსულ ბაზარზე არარეალურად მაღალია და იმ ფერმერის მოლოდინი, რომელიც ამ ფასზე აკეთებს ორიენტირს, მცდარია. ფიზიკურად, რუსეთი ამდენ მოცვს ვერ მოიხმარს. შესაბამისად, ეტაპობრივად ფასი ვარდება“, - აღნიშნა გოგა ღვინიაშვილმა.
საშუალო შეწონილი ფასი, რასაც ფერმერები იღებენ მთელ მსოფლიოში 2-დან 3 დოლარამდე მერყეობს.
„ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პერიოდში დაფიქსირებული ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ევროპაში, გალფის ქვეყნებში და ასე შემდეგ. საშუალო შეწონილი ფასი, რომელსაც ფერმერი იღებს მთელ მსოფლიოში, მერყეობს ორიდან სამ დოლარამდე. ჩვენთან, რატომღაც ეს ითვლება ძალიან დაბალ ფასად“, - აღნიშნა ღვინიაშვილმა.
საქართველოდან მოცვის ექსპორტის მაჩვენებლები ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს ქვეყნიდან 8.5 მილიონი დოლარის ღირებულების კენკრა გავიდა, რომლის ძირითადი ნაწილი (97%) სწორედ მოცვი იყო. ექსპორტირებული მოცვის მოცულობამ 1 390 ტონას გადააჭარბა. პროდუქციის 89% კი რუსეთის ბაზარზე მოხვდა.
შარშან რუსეთში 7.6 მლნ დოლარის ღირებულების 1200 ტონაზე მეტი მოცვი გაიყიდა. რაც შეეხება პროდუქტის საექსპორტო ფასს. ეს მაჩვენებლებიც ყოველწლიურად მზარდი დინამიკით ხასიათდება. მაგალითად, შარშან ერთი კილოგრამი მოცვის საშუალო ღირებულება 5.6 დოლარს შეადგენდა. 2018-ში კი მოცვის საექსპორტო, საშუალო ფასი 2.6 დოლარი იყო.
სამაგიეროდ, წელს ძალიან კარგი ვითარებაა დასავლეთ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროდუქტთან - თხილთან დაკავშირებით. მართალია მოსავლის მიღების პროცესი ივლისის ბოლოდან დაიწყება, თუმცა საპროგნოზო მაჩვენებელი უკვე ცნობილია. წელს მინიმუმ 50 000 ტონას მიაღწევს მოსავალი, ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში, მეტსაც. რაც შეეხება ფასს, თუკი ხარისხის შენარჩუნება მოხერხდება, ფერმერები მოსავალს დაახლოებით 5-8 ლარის ფარგლებში გაყიდიან, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე შარშანდელი მაჩვენებელი.
„წინა წელს თუ შევადარებთ, მოლოდინი აშკარად უკეთესია. შარშან ფერმერებმა ნაკლები წამლობა ჩაატარეს, ამინდმაც ვერ შეუწყო ხელი და შედეგიც არასახარბიელო იყო. წელს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამამ კარგად იმოქმედა. აქედან გამომდინარე, მეთხილე ფერმერებმა თხილის ბაღებს უფრო კარგად მოუარეს და ამიტომ უკეთეს შედეგს ველოდებით როგორც ხარისხის, ასევე რაოდენობის მხრივაც. სულ მცირე, 50 000 ტონას მიაღწევს მოსავლის რაოდენობა, შესაძლოა მეტსაც, თუ ხელსაყრელი ამინდი იქნება.
რაც შეეხება ფასს, ვინც აგროღონისძიებებს ჩაატარებს, მოსავალს დროულად აიღებს და შრობის პროცედურას დაიცავს, თხილის გაყიდვას დაახლოებით 8 ლარად შეძლებს. ცხადია, რამე ხელისშემშლელი ფაქტორი თუ არ მოახდენს გავლენას, საბოლოო ჯამში, ველოდებით, რომ ფასი საშუალო 5-8 ლარის ფარგლებში იმერყევებს“, - ამბობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა.
იგი დარჩმუნებულია, რომ სწორი წამლობისა და მოვლის სტანდარტების დაცვით ფერმერები თხილის ხარისხს მაქსიმალურად შეინარჩუნებენ.
2022-2023 წელს თხილის გლობალურ მწარმოებლებს შორის საქართველო მე-6 ადგილზეა. ამის თაობაზე თხილისა და ჩირის საერთაშორისო საბჭოს ანგარიშშია ნათქვამი.
ქვეყანამ 2022 - 23 სეზონურ წელს 14 800 ტონა თხილის გული აწარმოვა. გლობალურ წარმოებაში საქართველოს წილი 3%-ს შეადგენს.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანი 24 000 ტონით (4%) მეოთხე ადგილზე, ხოლო თურქეთი კვლავ სეზონის ლიდერია. ქვეყანამ 415 300 ტონა თხილის გული აწარმოვა. გლობალურ წარმოებაში თურქეთის წილი 71%-ს შეადგენს.