ვინ იქნება პრემიერის მემკვიდრე?

ვინ იქნება პრემიერის მემკვიდრე?

მას შემდეგ რაც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ თავისი გადაწყვეტილება გაახმაურა და მიზეზებიც არაერთხელ განმარტა, აჟიოტაჟი არ ცხრება.

კიდევ უფრო დიდ ინტერსსა და მსჯელობის საგანს პრემიერ ივანიშვილის შემცვლელის ვინაობა წარმოადგენს. ამ პოსტზე შესაძლო კანდიდატებს შორის მედიაში ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელები გაჟღერდა. კიდევ ერთ კანდიდატად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სახელდება, თუმცა, პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ სერგეენკოს გაპრემიერება ნაკლებად მოსალოდნელია.

როგორც ამასთან დაკავშირებით, უმრავლესობაში აცხადებენ, გამორიცხული არ არის, პრემიერის პოსტზე ივანიშვილმა კვირიკაშვილი ან ღარიბაშვილი შეარჩიოს.

„საბედნიეროდ მთავრობაში გვყავს ბევრი ისეთი მინისტრი, რომელიც პრემიერ-მინისტრობას თავს მშვენივრად გაართმევს. გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა ბევრი მინისტრი არაჩვეულებრივი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა. თუმცა, ეს თემა წელს აქტუალური მაინც არ იქნება, რადგან მე როგორც ვფიქრობ ბატონი ბიძინა მის თანამდებობას მომავლ წელს დატოვებს" - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ.

გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის განხილვას არ გამორიცხავს გიორგი კვირიკაშვილი.

„არ ვიცი, კანდიდატურები ვინ შეიძლება იყვნენ. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი გვყავს და შეიძლება ვიღაც დასახელდეს. შეიძლება, ჩემი კანდიდატურაც იყოს, თუმცა კიდევ ხაზს ვუსვამ, რომ არაერთი ღირსეული კანდიდატურა გვყავს", - განუცხადა თემის კომენტირებისას გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

როგორც geotimes.ge-ს პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ განუცხადა, კვირიკაშვილს თავისი პროფესიონალიზმითა და საქმით ჯერ არაფერი დაუმტკიცებია.

ამასთან, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი კარგი ეკონომისტი და ფინანსისტი უნდა იყოს, ხოლო ასეთი, მისი აზრით, თბილისის ივანე ჯავახიშვილი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი ლადო პაპავაა. მისივე თქმით, ამ მოვალეობას კარგად გაართმევდა თავს მოქმედი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

„კვირიკაშვილის პროფესიონალიზმით თუ ვიმსჯელებთ, მას ჯერ საქმით ჯერ არაფერი დაუმტკიცებია. ჩემი აზრით ყველაზე კარგი პრემიერი ლადო პაპავა იქნებოდა. ის ეკონომისტიც არის და ფინანსისტიც. აგრეთვე, კარგი პრემიერი იქნებოდა ნოდარ ხადური. რადგან, ჩვენთან ფინანსებია მთავარი. თუმცა, კარგი ეკონომისტები თითზე ჩამოსათვლელი გვაყავს" - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ფსიქოლოგი და პლიტოლოგი ზურაბ ბიგვავა მხარს გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას უჭერს და ის აღნიშნულ თანამდებობაზე საუკეთესოდ მიაჩნია.

„ის ჩემი აზრით ერთ-ერთი რაელური კანდიდატია, რომელიც ეკონომიკას ხელმძღვანელობს. პრემიერ-მინისტრის ძირითადი ფუნქციაც, ასე ვთქვათ, ეკონომიკის მიმართულებით ეფექტური მუშაობაა და ვფიქრობ რომ, სავარაუდოდ, მას უფრო მეტი შანსები აქვს, ივანიშვილის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. პრემიერს ალბათ, სწორედ კვირიკაშვილის კანდიდატურას ვურჩევდი. ის არის ნეიტრალური ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არ არის ჩარეული და პოლიტიკური ბექგრაუნდი არ აქვს. არის კარგი მენეჯერი, კარგი ფინანსისტი და კარგი ეკონომისტი, ასე რომ ჩვენ ზუსტად ასეთი კაცი გვჭირდება. ჩემი აზრით, ის საზოგადოებაშიც სიმპათიით სარგებლობს და ძალიან ვაჟკაცური თვისებებითაა დაჯილდოებული. ასე რომ, ჩემი სიმპათიები კვირიკაშვილის მიმართ სრულიად განსაზღვრულია“ - აცხადებს ზურაბ ბიგვავა.

მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე საინტერესო პიროვნებაა და განსახილველ კანდიდატებს შორის შეიძლება, ერთ-ერთ ვერსიად ისიც დარჩეს.

ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს იმ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრის შემცვლელად სწორედ მამუკა ბახტაძე მოიაზრება.

„სხვათაშორის კარგად მიკარნახეთ. მე მას არ განვიხილავდი და შეიძლება, ეგეც განვიხილოთ. კარგი ბიჭია სხვათაშორის და შეიძლება, ერთ-ერთ ვარიანტად ისიც დარჩეს", - განაცხადა ივანიშვილმა.

„ივანიშვილმა უკვე იმდენზე თქვა საინტერესო პიროვნებააო, მე ინტერესი დამეკარგა ამ გამოთქმისადმი. როდესაც ივანიშვილის ვიღაცაზე არაფერი აქვს სათქმელი, ამბობს, რომ ძალიან საინტერესო პიროვნებაა. რითია საინტერესო? რა ვნახეთ, რკინიგზაზე? რა ხდება რკინიგზაში ეშმაკმა არ იცის. წაგებაზეა. დღეს-ხვალ უნდა გაყიდონ“ - ამბობს სოსო ცინცაძე მამუკა ბახტაძის შესაძლო პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით.

ირაკლი ღარიბაშვილი

რაც შეეხება ღარიბაშვილის კანდიდატურას, ზურაბ ბიგვავას განცხადებით, ღარიბაშვილთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს არაფერი უთქვამს და სავარაუდოდ, ის თავისივე პოსტზე დარჩება.

„დღესდღეობით, ღარიბაშვილი იმდენად მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებს, არჩევნებთან დაკავშირებულ სიტუაციაში და პოსტარჩევნებისეულ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია მისი თანამდებობა ზოგადად. მე ვიცნობ კვლევებს და დამოკიდებულებას ღარიბაშვილის საქმიანობის მიმართ და ის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურადაა შეფასებული არა მარტო „ქართული ოცნების“ მომხრეების, არამედ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალების მხრიდანაც“ - განუცხადა geotimes.ge-ს ზურაბ ბიგვავამ.

სიურპრიზი

პრემიერ-მინისტრის მხრიდან არც სურპრიზებს გამორიცხავენ. ზურაბ ბიგვავას თქმით, გამორიცხული არ არის ივანიშვილმა საზოგადოება კიდევ ერთხელ გააკვირვოს.

„არაფერი არ არის გამორიცხული. სართოდ, ბიძინა ივანიშვილი ორიგინალური და უნიკალური პიროვნებაა და მისი გადაწყვეტილებები ხშირად სურპრიზის ელემენტებს შეიცავს. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, ჩვენ კიდევ ერთხელ გაგვიკვრდეს“ - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

ამავე აზრს იზიარებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც: „ივანიშვილმა ჩვენ იმდენი სურპრიზი შემოგვთავაზა, რომ ერთი მეტი იქნება, თუ ერთით ნაკლები, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მას კანდიდატების დაწინაურების თავისი კრიტერიუმი აქვს და წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის“.

ამასთან, პოლიტოლოგი პრემიერ-მინისტრის შერჩევის საკუთარ ხედვაზეც საუბრობს.

„თუ სამართლიანობა გვინდა, პრემიერ-მინისტრმა თავისი შემცვლელი ისე უნდა აარჩიოს, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს და გამარჯვებული პარტიის ლიდერი იქნება პრემიერ-მინსიტრი. აი, ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. მაგრამ ამას არ იზამს ივანიშვილი. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში დღეს 100%-ით ბურჯანაძე გაიმარჯვებდა. „რესპუბლიკელებს“ რომ უთხართ - ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრი იქნებაო, ყველანი ჭაღებს ჩამოეკიდებიან“ - აცხადებს სოსო ცინცაძე.

ვარაუდი

დიდი ალბათობით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ივანიშვილის წასვლის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. მოქმედ პრემიერ-მინისტრს „ქართუ ბანკის“ თანამშრომლების მიმართ ისეთივე ნდობა აქვს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრების. ამას ისიც მოწმობს, რომ აჭარის მთავრობის მეთაურად „ბანკი ქართუს“ საკრედიტო განყოფილების უფროსი, ბათუმის ფილიალის დირექტორი არჩილ ხაბაძე დაინიშნა. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს სურდა „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაენიშნა.

ამასთან, ცნობილია, რომ ასევე "ბანკი ქართული" ყოფილი თანამშრომელი და დღეს მოქმედი ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრთან დაახლოებულ წრეებშიც პოპულარობითა და მოწონებით სარგებლობს.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში გეგმავს. როგორც მან აღნიშნა, თავისი მისია შეასრულა და „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებიდან „გაისტუმრა“.

„ჩემი მისია შევასრულე. რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდება, უკვე მეც მივდივარ პოლიტიკიდან. ჩემი როლი პოლიტიკაში უკვე შევასრულე. შევებრძოლე არსებულ ხელისუფლებას, რომელიც არ იყო დემოკრატიული, მოვახერხე ცვლილებები. დავტოვებ ძალიან კარგ გუნდს. ვფიქრობ, ჩემი ახალი როლი უფრო საინტერესო იქნება. აღარ ვაპირებ პოლიტიკაში შემოსვლას საერთოდ", - განაცხადა ივანიშვილმა.