წინასაარჩევნოდ, სამივე ძალა - ხელისუფლება, ნაციონალები და ნინო ბურჯანაძე შეთანხმებულები არიან

წინასაარჩევნოდ, სამივე ძალა - ხელისუფლება, ნაციონალები და ნინო ბურჯანაძე შეთანხმებულები არიან

საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძის გამარჯვებას გამორიცხავს. ამბობს, რომ მოვლენები ბიძინა ივანიშვილის სცენარით განვითარდება, რადგან პრემიერმა საამისო გარემო პოლიტიკურ სპექტრში უკვე შექმნა. რატომ აშინებდა ხელისუფლებას, ნაციონალებსა და ნინო ბურჯანაძეს მისი კანდიდატად დარეგისტრირება და რა საკითხზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე? "ვერსიასთან" სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და ქვეყანაში პრორუსული ძალების გააქტიურებას პროგნოზირებს.

- ხელისუფლებას, ნაციონალურ მოძრაობასა და ნინო ბურჯანაძეს საპრეზიდენტო კანდიდატად ჩემი დარეგისტრირება, ბუნებრივია, არ აწყობდა. სამივეს ამომრჩეველთა იმ ნაწილის შეეშინდა, რომელსაც ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება არ სურს, ხელისუფლებისგან იმედგაცრუებულია, თუმცა არც ნინო ბურჯანაძის პრორუსული ორიენტაცია მოსწონს. ფაქტია, დღევანდელი მდგომარეობით საზოგადოებას დასავლური ღირებულებების მქონე კანდიდატი არ ჰყავს. ჩემთვის არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა რომ მოეცათ, მეორე ტური აუცილებლად დაინიშნებოდა, ახლა კი, მარგველაშვილის პირველივე ტურში გამარჯვება უფრო მარტივი გახდება და ივანიშვილის პროგნოზიც სრულად გამართლდება. ზოგადად, დღეს ყველაფერი ისე ხდება, როგორც პრემიერს სურს. ერთ დღეს აცხადებს, რომ კონკრეტული პიროვნება მოსწონს და გუნდში მისი ხილვა სურს, მეორე დღეს აღმოჩნდება, რომ იგივე პიროვნება მისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ყოფილა. ისიც გვესმის, თურმე პრემიერს უნდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მისი ფავორიტი და არა ქართველი ამომრჩევლისთვის სასურველი კანდიდატი გახდეს და თუ ასე არ მოხდება, გვემუქრება კიდეც, რომ პოლიტიკიდან და, შესაძლოა, საქართველოდანაც თავის ფულთან ერთად წავა, მაგრამ თუ ამომრჩეველი მის სურვილს დააკმაყოფილებს, ქვეყანაში 90%-იანი კაპიტალით დარჩება.

- რაში სჭირდებოდა პრემიერს მუქარა, როცა ჯერ კიდევ მაღალი რეიტინგი აქვს?
- ეს საკმაოდ უცნაური განაცხადია დამოუკიდებელი და თავისუფალი საარჩევნო გარემოსთვის. ამომრჩეველი არჩევნებისადმი ნდობას კვლავ კარგავს და ეს, განსაკუთრებით, სამწუხაროა იმ ფონზე, როცა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამ მიმართულებით ვითარების გამოსწორების იმედი გაჩნდა. ქვეყანაში არასტაბილური ვითარება დღითიდღე მწვავდება და დღეს უკვე ჭირს იმის გარკვევა, ხვალ სად აღმოვჩნდებით. მიმაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილი მხოლოდ გარდამავალი ფიგურა იქნება და მისი გაპრეზიდენტების შემდეგ, პროცესი სულ სხვა სცენარით წარიმართება.

- რას ნიშნავს "გარდამავალი ფიგურა", ან ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერთა დამსახურებით მეორე ტურის დანიშვნას რატომ გამორიცხავთ?
- ნინო ბურჯანაძეს, ამ ეტაპზე, პრეზიდენტობა არც სურს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობით მას მხოლოდ იმის ხაზგასმა უნდა, რომ პრორუსული ძალები ქვეყანაში დღითიდღე ძლიერდება. რაში უნდა სჭირდებოდეს ძალაუფლებისმოყვარულ ნინო ბურჯანაძეს უუფლებო პრეზიდენტის სავარძელი, რომელსაც პრემიერის თანხმობის გარეშე, გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია?! სხვათა შორის, მარგველაშვილის უკან, რომელიც, მეტ-ნაკლებად, პროდასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსის როლს ასრულებს, ღიად პრორუსული ძალები, ნაცვლიშვილისა და ნუგზარ ფოფხაძის მსგავსი ფიგურები, დგანან და მარგველაშვილი მათ ხელში მხოლოდ პლასტილინია, რაც თავადვე გულწრფელად აღნიშნა. რაც შეეხება ჩემს პროგნოზს, დიახ, მარგველაშვილი მხოლოდ მცირე ხნით იქნება პრეზიდენტი. შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება და პარლამენტში ნინო ბურჯანაძის პარტიის სახით, პრორუსული ძალები შევა.

- და ეს ვისი გეგმაა, ბიძინა ივანიშვილის?
- დიახ, ბიძინა ივანიშვილის გეგმაა, რომელიც შეიძლება, ვიღაცამ დაუკვეთა კიდეც. ამ სქემის გაშიფრვა პოლიტიკაში ჩახედულ ნებისმიერ პირს მარტივად შეუძლია - ხელისუფლების დეკლარირებული პროდასავლურობის ფონზე, ქვეყნის სათავეში პრორუსული ძალები მოდის. თუ ქვეყანას პროდასავლური კურსი აქვს, მე რაში ვუშლიდი ხელს? სავარაუდოდ, საპრეზიდენტო
არჩევნებში ვერც გავიმარჯვებდი, მაგრამ ეს კარგი დასაწყისი იქნებოდა პროდასავლური ძალების გასაძლიერებლად.

- პრორუსული ძალების გააქტიურებაზე როცა საუბრობთ, კოალიციაში შემავალი პარტიები - რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები გავიწყდებათ თუ ისინიც პრორუსულები გახდნენ თქვენთვის?
- არ მესმის, რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები რას ფიქრობენ და საერთოდ, რას აკეთებენ. პრორუსულ ძალებში, ბუნებრივია, ამ ადამიანებს არ ვგულისხმობ, მაგრამ მათი დუმილი იმაზე მეტყველებს, რომ სკამებს ჩაებღაუჭნენ. დავით უსუფაშვილს შეხვედრაზე ვკითხე, რატომ არ გადარდებთ ქვეყანაში პრორუსული ძალების გაძლიერება-მეთქი და კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე.

- უსუფაშვილისგან ვერც ის მოისმინეთ, რომ პრორუსული ძალების გაძლიერება მმართველი გუნდის გეგმებში არ შედის?
- ვერც კი გეტყვით, რა მიპასუხა, რადგან ჩემს კითხვას ყველანაირად აარიდა თავი. ფაქტია, მათ პოლიტიკური პოზიცია არ აქვთ, არადა, ისინიც ნათლად ხედავენ - ბურჯანაძე, რომელიც არც მალავს, რომ პრორუსული ორიენტაციისაა და ეს ერთხელ უკვე დაამტკიცა, როცა ოპოზიციური ძალის როლში პუტინს შეხვდა, საზოგადოების ნაწილის გადაბირებას დემაგოგიითა და ფულით ცდილობს. სხვა ახსნა არ აქვს იმ ფაქტს, რომ "ოცნების" აქტივისტები მის შტაბს უერთდებიან. ეს მხოლოდ მათი მოსყიდვის შედეგია. ფაქტია, წინასაარჩევნოდ, სამივე ძალა - ხელისუფლება, ნაციონალები და ნინო ბურჯანაძე შეთანხმებულები არიან. მოვლენები სცენარის მიხედვით განვითარდება და პირველივე ტურში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს. საერთოდ, ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი რატომღაც ყოველთვის სრულდება ან ყველაფერი კეთდება, რომ მისი "ანალიზის" სისრულეში მოსაყვანად შესაბამისი გარემო შეიქმნას. მეორე ადგილს, ალბათ, ბაქრაძე საკმაოდ დაბალი პროცენტით დაიკავებს, ხოლო მესამეზე ნინო ბურჯანაძე გავა, რომელიც ვადამდელი არჩევნებისთვის მოემზადება. გარწმუნებთ, ოფისები, რომელსაც ბურჯანაძე აქტიურად ხსნის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სულაც არ მზადდება. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია და ისეთი პოლიტიკოსიც არ ჩანს, ვინც მოსალოდნელ საფრთხეებს გაუმკლავდება.

- თუ თქვენ პოლიტიკურ ანალიზს გავყვებით, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლაც პრორუსული ძალების ხელისუფლებაში მოსაყვანად გადაწყდა?
- ბიძინა ივანიშვილი უპასუხისმგებლოდ იქცევა, როცა პოლიტიკიდან წასვლაზე საუბრობს - მისი გადაწყვეტილება ქვეყანას უარეს არასტაბილურ მდგომარეობაში ჩააგდებს. პრემიერი "ხელის დაბანას" ცდილობს და პასუხისმგებლობას გაურბის, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში გააკეთა, როცა კანდიდატად დარეგისტრირების საკითხი ცესკო-ს პრეროგატივად გამოაცხადა. ივანიშვილი გადის თამაშიდან და მარტო ტოვებს მარგველაშვილს, რომელიც მისი მორჩილი იქნება. ხელისუფლებაში პრორუსული ძალების მოსასვლელად, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გარკვეული შუალედი აუცილებელია, რადგან საზოგადოება ამას ერთბაშად ვერ შეეგუება. როცა გვეყოლება პრემიერის ნებით მოსული პრეზიდენტი, მისი ნებით დანიშნული პრემიერი და პარლამენტი, რომელსაც პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლის შემდეგ ლეგიტიმურობის დიდი ნაწილი დაკარგული ექნება, ქვეყანაში საკმაოდ ქაოსური პოლიტიკური ვითარება შეიქმნება.

- თქვენ რა გეგმა გაქვთ, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის მიღების შემდეგ პარიზში წახვალთ და პროცესებს იქიდან დააკვირდებით?
- აქ ვარ და პოლიტიკურ ბრძოლას ვაგრძელებ! ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ შეიქმნა ახალი გარემოება და კიდევ ერთხელ შევიტანე განაცხადი პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე. მსურს გავიგო, თამარ ჟვანია რამდენად პრინციპულია. საზღვარგარეთ სიარულიც აუცილებელია, რათა ქართველ ემიგრაციასთან მეტი კონტაქტი მქონდეს. ვხედავ, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც პოლიტიკური პროცესის გამო წუხან, დღითიდღე იზრდება, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ჯერ ბოლომდე არაფერი დაკარგულა - საზოგადოება შეძლებს, დასკვნები დროულად გამოიტანოს და შესაბამისადაც იმოქმედოს.