ტელევიზიები ახალ სეზონზე განახლებული გადაცემებით ცდილობენ მაყურებლის მიზიდვას. ტელეკომპანია ''მაესტრომ'' ჯერ მხოლოდ ვასიკო ოდიშვილის ''ყოველდღიური აბები'' განაახლა.
ამას წინ, მამუკა ღლონტის აღიარება უძღოდა სახელისუფლებო ზეწოლასთან დაკავშირებით. ტელევიზია ოთხმა თანამშრომელმა დატოვა, მათ შორის ''არგუმენტების'' წამყვანი თეა სიჭინავაც იყო.
არხი დატოვა ნანიკო ხაზარაძემაც, რომელიც ''იმედს'' დაუბრუნდა და ''შუადღის'' ეთერს წაიყვანს.
ჩვენ არხის ერთ-ერთ დამფუძნებელს ეკა აკობიას დავუკავშირდით და ''მაესტროში'' არსებულ ცვლილებებზე ვესაუბრეთ
- ეკა, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა რატომ არ გავიდა ეთერში?
- ნინოს უნდა დაეწყო სეზონი 17-დან, მაგრამ სამწუხარო ამბავი მოხდა, ნინოს ჩუტყვავილა დაემართა. თუ მანამ გამოჯანმრთელდა, 23-ში შევა ეთერში, თუ არა და კიდევ ერთი კვირა დავიცდით. წევს ნინო, ცუდ დღეშია, ამიტომ თოქშოუები მორიგეობით შევა ეთერში. 19-დან ''სუბიექტური აზრი'' , 20-დან ''არგუმენტები'' , რომელსაც ნინო თოლორდავა წაიყვანს. შემდეგი კვირიდან იმედია ჟიჟილაშვილიც შემოგვიერთდება.
- გასართობ გადაცემებს რაც შეეხება?
- გეგმაში არის, ოღონდ მეორე სეზონიდან, ახალი წლის შემდეგ. მანამდე ძალიან საინტერესო სერიალებით ვანებივრებთ მაყურებელს.
- მამუკა ღლონტი ხელისუფლების ზეწოლაზე საუბრობდა...
- ეს მამუკას ჰკითხოთ ჯობია. ინფორმაცია მეც მაქვს მაგრამ ამ საკითხებში სპიკერობას მამუკა უკეთ გასწევს ვიდრე მე. არ მინდა ამ თემაზე საუბარი.