გასულ კვირას ქართული აუდიტორიის ყურადღება ორი უცხოელი პოლიტიკოსის განცხადებამ მიიპყრო. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შევა პოსტსაბჭოთა ქვეყნების «საბაჟო კავშირში», შემდგომ კი მიიღებს მონაწილეობას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფორმირებაში. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ კი ვილნიუსში ბიძინა ივანიშვილთან საუბრის შემდეგ თქვა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების არა მხოლოდ პარაფირებაზე, არამედ ხელმოწერის დაჩქარებაზე გადაწყვეტილება უკვე არსებობს, «თუ პირობები შესრულდება და საქართველო მოახდენს ასოცირების შეთანხმების პარაფირებას, კომისია მოამზადებს დოკუმენტებს ხელმოსაწერად კომისიის ვადის ამოწურვამდე». ამ ორ ფაქტს საქართველოში, ხშირ შემთხვევაში, ერთ კონტექსტში განიხილავდნენ და მსჯელობდნენ იმაზე, თუ რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ბრიუსელისა და მოსკოვის კონკურენცია ახლო მომავალში.
ევროპელი, მაშასადამე ევრაზიელი
სერჟ სარქისიანის განცხადების შემდეგ, ევროკომისიამ ოფიციალურ ერევანს დამატებითი განმარტებები სთხოვა. «ჩვენ მოუთმენლად ველოდებით შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ, როგორია სომხეთის განზრახვა და როგორ აპირებს უზრუნველყოს საბაჟო კავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების თავსებადობა იმ ვალდებულებებთან, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში აიღებს», _ განაცხადა ევროკავშირის გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფულემ და დასძინა, რომ ეს სიტუაცია «არ წარმოადგენს თამაშს ნულოვანი ჯამით და არ მოითხოვს მარტივ არჩევანს რუსეთსა და ევროკავშირს შორის» (ბი-ბი-სი). ამ რბილი დიპლომატიური ფორმულირების მიუხედავად, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ სომხეთი ორივე მიმართულებით ერთდოულად ვერ წავა. ყველაზე მოკლედ და გასაგებად პრობლემის არსი ევროპარლამენტის დეპუტატმა ჩარლზ ტანოკმა ჩამოაყალიბა: «მიერთება საბაჟო კავშირთან გამორიცხავს შეთანხმებას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ».
ოფიციალური ერევნის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე მკაფიოდ (ჯერჯერობით) რადიო «თავისუფლებასთან» საუბარში პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ვიგენ სარქისიანმა დააფიქსირა: «ვილნიუსის სამიტზე სომხეთი აპირებს, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების პოლიტიკურ ნაწილს, ეკონომიკური შემადგენლის გარეშე... სომხეთის პოზიცია ცნობილია, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, შეგვეთავსებინა ეს დებულებები, ხოლო თუ ეს შეუძლებელი გახდება, ჩვენ ავიღებთ ამ შეთანხმებიდან მთავარს, რაც იყო ევროპულ მიმართულებაზე». ამ ინტერვიუში იყო ერთი ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთი, ერევნელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ «საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე წლების წინ ვსაუბრობდით, მაგრამ მაშინ გვითხრეს, რომ საერთო საზღვრის არარსებობა ამ გზაზე სერიოზულ წინაღობას წარმოადგენს». საინტერესოა, რატომ შეიცვალა კრემლის პოზიცია დღეს? რას მოუტანს (სულ მალე) სამხრეთ კავკასიას ახალი სატარიფო რეალობა, როდესაც საქართველო და სომხეთი დასახულ მიზნებს მიაღწევენ?
საერთოდ, ქართველი კომენტატორები მოსკოვისა და ბრიუსელის კონკურენციის ამ ასპექტს, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ მკვეთრ ტერმინებში განიხილავენ, თითქოს საუბარი ნატოს და ოდკბ-ს დაპირისპირებას და ფრონტის ხაზს ეხებოდეს, მაშინ, როდესაც სივრცე მანევრისთვის ამ შემთხვევაში გაცილებით დიდია. სომხეთის გადაწყვეტილება არ გამორიცხავს მის შემდგომ დაახლოებას საქართველოსთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, ხოლო ვილნიუსში საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების პარაფირება რუსეთთან კონფრონტაციაში ავტომატურად არ შეგვიყვანს. მეორე შეცდომა, რომელსაც საქართველოში ხშირად უშვებენ, ამ შეთანხმების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაპ-ის მინიჭების (ჩვენ შემთხვევაში _ არმინიჭების) მსგავს მოვლენად წარმოჩენაა და საუბარი იმაზე, რომ ის თითქოს ევროკავშირში გაწევრიანების არაფორმალურ გარანტიას წარმოადგენს ან პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს. რასაკვირველია, ის დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, თუმცა გაწევრიანებაზე საუბარი ჯერ ძალზე ნაადრევი ჩანს.
შეთანხმება ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (ოდნავ განსხვავებული სათაურებით და შინაარსით) თავის დროზე ხელმოწერილი აქვს ეგვიპტეს, იორდანიას, ისრაელს, ლიბანს, პალესტინის ავტონომიას, მექსიკას, ჩილეს, სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ კორეას (სრული ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია), მოლაპარაკებები კი საუდის არაბეთთან, ეკვადორთან, კანადასთან და რიგ სხვა ქვეყნებთან მიდის. დღესდღეობით შეჩერებულია დიალოგი სირიასთან, თუმცა არცთუ შორეულ წარსულში მას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. აშკარაა, რომ ამ ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირში ხელშესახებ პერსპექტივაში ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება.
გეოგრაფიულად უფრო ახლო ზონას თუ შევეხებით, ვნახავთ თურქეთს, რომელსაც აქტივში აქვს შეთანხმება ევროკავშირთან საბაჟო კავშირის შესახებ და უამრავი სხვა, ფრიად სასარგებლო დოკუმენტი, თუმცა ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად დაბლოკილია. რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია საქართველო ევროკავშირის წევრი თურქეთზე ადრე გახდეს, მაგრამ ეს, ალბათ, ცოტა ძნელი წარმოსადგენია. ამასთანავე, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა უკრაინის გამოცდილება: 2012 წლის 30 მარტს პარაფირებულ იქნა შეთანხმება ასოცირების შესახებ ევროკავშირსა და უკრაინას შორის, მაგრამ შემდეგ დაიწყო პროცესი, რომელიც, ალბათ, საგანგებო განხილვას საჭიროებს, რადგან საქართველოს ახლო მომავალში შეიძლება მსგავსი პრობლემები შეექმნას. პარაფირება არ ნიშნავს ავტომატურ ხელმოწერას _ ამ ტაქტიკური პერსპექტივისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან ნიუანსს ქართველი კომენტატორები ხშირ შემთხვევაში ყურადღებას არ აქცევენ.
მძევლადქცეული სამართლიანობა
ბრიუსელს კიევთან ბევრი პრეტენზია აქვს, თუმცა გამორჩეულ ადგილს ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს პრობლემა იკავებს. ის, რომ მისი ყოფნა ციხეში უკვე პარაფირებული დოკუმენტის ხელმოწერას ხელს უშლის, არავისთვის საიდუმლო არაა. ამ კონტექსტში, ალბათ, საინტერესო იქნება ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი რეპლიკის გახსენება. ჟურნალისტებთან საუბარში პრემიერმა სამართლიანობის აღდგენის პროცესთან დაკავშირებით თქვა: «მხოლოდ ემოციურობით არ შეიძლება, ჩვენ შეუძლებელი შევძელით კანონიერების ფარგლებში, ნუ გგონიათ, რომ ასე მარტივი იყო ევროპელებისა და ამერიკელებისთვის ამ ყველაფრის დასაბუთება. საკმარისია, ამ მოკლე პერიოდში პროკურატურას მოეხერხებინა და მომხდარიყო კიდევ რაღაც დაპატიმრებები. იმ დონეზე ვეღარ ვახერხებდით განმარტებებს ევროპაში, რომ, აი, ვილნიუსის სამიტი შეიძლება გვერდზე დაგვრჩენოდა და შეიძლება რაღაც პროექტებზე ამერიკას უარი ეთქვა, კონგრესი ხედავთ რა დღეში იყო» (პირველი რადიო). შემდეგ პრემიერმა სცადა, დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ სამართლიანობის აღდგენის განცდა მალე დაუბრუნდება, თუმცა, ამის მიუხედავად, ალბათ, უნდა ითქვას, რომ ვითარება დრამატულია.
სამართლიანობის აღდგენის მიბმა უცხო ქვეყნების პოზიციაზე არსებითად სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის პრინციპის იგნორირება, უფრო ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული აქტი უბრალოდ ძნელი წარმოსადგენია. სადაც თუნდაც ერთი დამნაშავე, ნებისმიერი პოლიტიკური მიზეზიდან გამომდინარე, დაუსჯელი რჩება, იქ არ არის ევროპა და არ არის დემოკრატია. სასჯელი შეიძლება იყოს მსუბუქი ან თითქმის სიმბოლური (ეს სულ სხვა საკითხია), მაგრამ მართლმსაჯულების დაქვემდებარებას საგარეოპოლიტიკური კონიუნქტურის მიმართ, ალბათ, ვერ მიეცემა სხვა კვალიფიკაცია, თუ არა სახელმწიფოსა და მისი კანონების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯის.
ყოველივე ამასთან დაკავშირებით, არაერთ მოქალაქეს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, რადოსლავ სიკორსკის, სიტყვები «თუ პირობები შესრულდება» ეხება არა მხოლოდ არჩევნების სანიმუშო ჩატარებას ან ქართული კანონმდებლობის დახვეწას ევროპული სტანდარტების შესაბამისად, არამედ რაღაც საიდუმლო შეთანხმებასაც, საქართველოს ხელისუფლების პირობას, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი დევნისგან თავს შეიკავებს, მიუხედავად იმისა, თუ რა ჩაიდინეს მათ წარსულში. ეს, ცხადია, კონსპიროლოგიური ვარაუდია, თუმცა ის აუცილებლად გაჩნდება, თუ სამართლიანობის აღდგენის შეფერხებული პროცესი მკვდარი წერტილიდან არ დაიძვრება. თუ ახალი ხელისუფლება ამომრჩეველთა ზურგს უკან რაღაც საეჭვო გარანტიებს გასცემს, ჩვენ უნდა გავიგოთ ამის შესახებ, რაც მალე, მით უკეთესი, მითუმეტეს ამის დამალვა მაინც ვერ მოხერხდება.
ამასთანავე, ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ევროკავშირთან შეთანხმების პარაფირების შემდეგ, რომელიმე სააკაშვილის რეჟიმის რომელიმე წარმომადგენლის ან, სულაც, თავკაცის დაპატიმრება და გასამართლება ჩადენილი დანაშაულისთვის, მისი ხელმოწერისთვის შეიძლება შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს. მთავრობა დრამატული არჩევანის წინაშე დადგება; მან უკვე დაუშვა მძიმე შეცდომა, როდესაც დამნაშავეთა შესაძლო დასჯის საკითხი უცხოელების პოზიციაზე მიაბა და გამორიცხული არაა, რომ ის მარწუხებში მოექცევა, ევროპელ ჩინოვნიკებსა და განრისხებულ ამომრჩევლებს შორის, რომელნიც ძალიან ძნელად ეგუებიან პროცესის შეფერხებას და მისი უშედეგო დასრულების მცდელობას, ალბათ, პროტესტის ნამდვილი ამოფრქვევით უპასუხებენ. ნუთუ ვინმეს მართლა სურს, ეს ხალხი იმპროვიზებული საველე ტრიბუნალების შექმნამდე მიიყვანოს? ეს ევროპული არჩევანი იქნება?
ალბათ, შეცდომაა (თუ არა შეურაცხყოფა) სამართლიანობის აღდგენის და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნის წარმოჩენა ემოციების მოზღვავების ნაყოფად, რადგან, ობიექტურად თუ მივუდგებით, იმ მოქალაქეებს, რომელნიც ამას მოითხოვენ, ალბათ, უფრო სახელმწიფოებრივი და, ამასთანავე, ზნეობრივი პოზიცია უკავიათ, ვიდრე პოლიტიკოსებს, რომლებმაც ეს თემა ვაჭრობის საგნად აქციეს. ეს ადამიანები დღეს იცავენ კანონის უზენაესობის პრინციპს, უფრო ფართოდ კი _ სუვერენიტეტსა და დემოკრატიას, ხოლო რას აკეთებს ამ მიმართულებით ახალი ხელისუფლება, ჯერჯერობით გაუგებარია.
როდის აღმოვაჩენთ რუსეთს?
პოსტსაბჭოთა ქვეყნების შეთანხმებები ევროკავშირთან, რომელთაც ხელი ნოემბერში ვილნიუსის სამიტზე მოეწერება, არ გამოიწვევს რუსეთის ისეთ გაღიზიანებას და მკვეთრ ნაბიჯებს, რომელსაც, მაგალითად, საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება მოჰყვებოდა, მაგრამ ეს, ალბათ, მაინც გახდება დამატებითი იმპულსი კრემლისთვის, რათა ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე უფრო აქტიურად იმოქმედოს. რუსების წინსვლა სომხეთში, (და ამავე დროს) აზერბაიჯანში სახეზეა და, ალბათ, გულუბრყვილო იქნება იმის წარმოდგენა, რომ ისინი საქართველოს გვერდს აუვლიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სირიის კრიზისის ფონზე (ეს არ არის ერთადერთი მიზეზი) რეგიონი და მსოფლიო სულ უფრო არასტაბილური ხდება, ასეთ პერიოდებში კი დიდი სახელმწიფოები, ტრადიციულად, ზრუნავენ იმაზე, რომ გავლენის სფერო გაიფართოონ და ხშირად სარისკო, სწრაფ ეფექტზე ორიენტირებულ სტრატეგიებს იყენებენ.
მიხეილ სააკაშვილი ასეთ სიტუაციაში, ალბათ, გამოვიდოდა და დაიწყებდა წინმსწრებ ყვირილს იმის თაობაზე, რომ ევროკავშირთან შეთანხმებით საქართველომ რუსეთზე ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია და მეზობელ ქვეყანას, მის ლიდერებთან ერთად, ყველა წარმოსადგენი ეპითეტებით შეამკობდა და, შესაძლოა, იმასაც მიაღწევდა რომ კრემლი თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაამკაცრებდა; მსგავსი რამ არაერთგზის მომხდარა. ბიძინა ივანიშვილი კი (და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგადად) ყველანაირად ცდილობს, რომ შეთანხმება ევროკავშირთან არ წარმოჩინდეს რუსეთთან დაპირისპირების აქტად, ხოლო რიტორიკა მაქსიმალურად რბილი იყოს. სავარაუდოდ, (მათ შორის) აქედან მოდის ცნობილი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევრაზიის კავშირის ფორმირების პროცესს აკვირდება.
ალბათ, საგულისხმოა შემდეგი მონაკვეთიც «რადიო თავისუფლებისთვის» მიცემული ინტერვიუდან: «რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და მისი აღზრდის პრეტენზია მე არ მაქვს. რუსეთს აქვს თავისი ხელწერა, თავისი ქმედება და, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ეს ხშირად არ არის ისეთი, როგორის სურვილიც შეიძლება გვქონდეს ჩვენც და ევროპასაც, მაგრამ ჩვენ ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ, მოთმინებით უნდა ვუყუროთ, უნდა ვიყოთ პრინციპულები, კონსტრუქციულები და დიპლომატიურები. რას ვიზამთ, რეალობას ანგარიში უნდა გავუწიოთ. ვინც არ გაუწია ანგარიში და როგორც არ გაუწია ანგარიში რეალობას, აი, რა მივიღეთ ჩვენ და რა გვაქვს დღეს! რომ არა ჩვენი ეს უმეცრება და ჩვენი წინა ხელისუფლების ეს უმეცრება და ეს სულელური ნაბიჯები, ჩემი დიდი რწმენით, ეს ასე არ მოხდებოდა და [მოვლენები] ასე არ განვითარდებოდა. შესაბამისად, ახლა ისინი [წინა ხელისუფლების წარმომადგენლები] ისევ გვაწვებიან ისტერიულად, თუ როგორ ბედავ და რუსეთზე რაიმეს პოზიტიურს ამბობო. მტრის ხატს ხატავენ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ პოზიცია დავიჭიროთ. ეს ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია და ჩვენ ვსაჭიროებთ მათთან ნორმალურ ურთიერთობებს». ეს, ალბათ, გაცილებით (თუ არა განუზომლად) ჯანსაღი პოზიციაა, ვიდრე ის, რომელსაც სააკაშვილი თავის ტელემონოლოგებში აფიქსირებდა. ამასთანავე, საინტერესო იქნება ყურადღების გამახვილება «უმეცრებაზე», რომელიც პრემიერმა ახსენა (თუ ამ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით აღვიქვამთ და არა როგორც «სისულელის» შერბილებულ სინონიმს).
პარადოქსულია, მაგრამ არც პოლიტიკოსთა შორის, არც სამოქალაქო სექტორში ჩვენ თითქმის არ გვყავს კარგი ექსპერტები რუსეთის საკითხებში, რომელთაც შეუძლიათ მეტ-ნაკლებად ადეკვატურად შეაფასონ კრემლის დღევანდელი ნაბიჯები სამხრეთ კავკასიაში (პროგნოზებზე ხომ საუბარი ზედმეტია). ამ თითქოს უმნიშვნელო ნიუანსმა ბოლო ათწლეულში არაერთი უბედურება მოგვიტანა; ჩვენ ძალიან ცუდად ვიცნობთ თანამედროვე რუსეთს და ძნელად წარმოგვიდგენია რას მოიმოქმედებს ის უახლოეს მომავალში. ეს არა მხოლოდ ჩვენი პრობლემაა, წამყვანი ქვეყნების ექსპერტებიც ხშირად ჩივიან, რომ, მრავალწლიანი სამეცნიერო მუშაობის მიუხედავად, მათთვის რუსეთში მაინც რჩება რაღაც ამოუცნობი, რამაც ყველა პროგნოზს ერთ წამში შეიძლება ხაზი გადაუსვას. თუმცა, ცხადია, ისინი გაცილებით მაღლა დგანან ჩვენი ექსპერტების დიდ ნაწილზე, რომელთა წარმოდგენები რუსეთზე მითების, ლეგენდებისა და შიზოფრენიული ბოდვების კრებულს მოგვაგონებს.
დიალოგი რუსეთთან და კონფრონტაციისთვის თავის არიდება, რა თქმა უნდა, კარგი და აუცილებელია, თუმცა გაურკვევლობა და მისგან მუდმივად გამომდინარე პრობლემები დარჩება, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები რუსეთის ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის და ა. შ. საფუძვლიან შესწავლას არ დაიწყებენ და არ მოუსმენენ მათ, ვინც რუსეთს კარგად იცნობს. ამ შემთხვევაში საუბარი, აკადემიურ ინტერესს კი არა, საქართველოს ყოფნა-არყოფნას ეხება; ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. დღეს არაერთი პოლიტიკოსი მიანიშნებს იმაზე, რომ ხანმოკლე განმუხტვის შემდეგ ურთიერთობა ჩრდილოელ მეზობელთან ისევ რთულდება, თუმცა ვერ ხსნის დამაჯერებლად, თუ რატომ ხდება ეს და, როგორც წესი, სააკაშვილის დროინდელი რეალობისგან მოწყვეტილი სტერეოტიპებით ოპერირებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ისევ ინტუიციაზე დაყრდნობით, იმპულსურად ვიმოქმედებთ, შეცდომებს დავუშვებთ, მათ მოტივებს ვერ გავშიფრავთ და შესაძლო მოქმედებას ვერ ამოვიცნობთ, რაც, სავარაუდოდ, კარგს არაფერს მოგვიტანს. ნორმალური, მწვავე კრიზისებისგან დაცული ურთიერთობა რუსეთთან ვერ დამყარდება მანამ, სანამ ჩვენ არ გავაცნობიერებთ, რას წარმოადგენს რუსეთი.