დღეს მცირე მეწარმეებისთვის ხელისშეწყობის თემა ძალზე აქტუალურია. ზაფხულის შემდეგ ის განცხადებებიც კი კეთდება, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება სწორედ ამ კატეგორიაზე ზრუნვით არის განპირობებული. თუმცა, ახალი კოდექსი, რომელიც რევოლუციურად მოინათლა, ამოქმედებიდან მეთორმე დღეს ხარვეზიანი აღმოჩნდა და თანაც იმ დონეზე, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ცვლილებების აუცილებლობის შესახებ განცხადებაც გააკეთა და საგანგებო საბჭოც შეიქმნა.
ჯერჯერობით უცნობია, რომ ეს საბჭო რას შეცვლის და რას - არა, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობის დეკლარირებული დაპირებებიდან, რომ ეს კოდექსი მცირე ბიზნესის განვითარებაზე იყო ორიენტირებული, ნაწილი მაინც უნდა აღმოჩენილიყო სიმართლე. სხვა საკითხია, რომ წელიწადში 200-ათასიანი ბრუნვა, რომელიც მცირე ბიზნესის განმსაზღვრელი ფაქტორი უნდა ყოფილიყო, საბოლოოდ უცვლელი დარჩა.
ფაქტია, რომ ამ საგადასახადო კოდექსში ახალი არაფერია და ისიც ძნელი სათქმელია, რა და როგორ შეიცვლება. საინტერესოა, ამის პარალელურად მთავრობა რა გადაწყვეტილებებს იღებს. ეს გადაწყვეტილებები კი, როგორც ჩანს, ელემენტარულ კრიტიკას ვერ უძლებს.
მთავრობის ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილებით, ტოტალიზატორები და აფთიაქები უახლოესი ტექნოლოგიის სათვალთვალო აპარატურით უნდა აღიჭურვოს. მათი მფლობელები ვალდებულნი იქნებიან, იქონიონ იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოაპარატურის ქონის ვალდებულება ტოტალიზატორებს აქამდეც ჰქონდათ. ახლა კი მკაცრდება მოთხოვნა და რაც მთავარია, ეს გამკაცრებული მოთხოვნა აფთიაქებსაც შეეხებათ.
თუ აქამდე კამერის ჩაწერის ხარისხში ვიდეოგარჩევადობა 640X480 პიქსელი უნდა ყოფილიყო, ახლა ჩანაწერის გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536A) უნდა იყოს, ხოლო დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას. ასევე, ვიდეოთვალთვალის აპარატურას სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს.
კამერები გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა - იმ ადგილებზე, სადაც ეს შეუძლებელია - ერთი ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. ხოლო სათადარიგო გასასვლელების არსებობის შემთხვევაში, თითო ვიდეომეთვალყურეობის სისტემა თითო გასასვლელზე.
აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება მაშინვე საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ტოტალიზატორებზე მეტი პრობლემა აფთიაქებს გააჩნიათ. ყველა პატარა აფთიაქი შიშობს, რომ მათ დახურვა მოუწევთ.
„შემოდით და ნახეთ, რა წამლები გვაქვს და რამდენს ვვაჭრობთ. იმის გამო, რომ რაიმე შემოსავალი ვნახოთ, ქსეროქსის აპარატი დავდგით და ამით რაღაცას ვჯახირობთ. ეს წესი თუ ამოქმედდება, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, რომ დავხუროთ, რადგან ამ აპარატურის შეძენის ფული ნამდვილად არ გვაქვს. არადა, ეს რომ დაიხუროს, ჩვენ უმუშევრები ვრჩებით და მერე რა ვიზამთ არ ვიცი“, - აცხადებს მთაწმინდის უბანში მდებარე ერთ-ერთი პატარა აფთიაქის გამყიდველი.
აღმოჩნდა, რომ აფთიაქთა ნაწილმა თვთლიკვიდაცია უკვე გადაწყვიტა. ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მცირე აფთიაქი, რომელიც ფიტოთერაპიულ წამლებს ამზადებს, 1-ლი თებერვლიდან იხურება. მიზეზად კი სწორედ ის მოთხოვნა სახელდება, რომელიც მათ ვიდეოაპარატურის დაყენებას აიძულებს.
ფაქტია, რომ ვითარება საკმაოდ მწვავეა, მაგრამ, რატომღაც, ამ თემაზე არავინ საუბრობს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი კი ეჭვობს, რომ მთავრობის ეს პოლიტიკა მთლიანად მონოპოლისტურია.
მისი ვარაუდით, ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს, რომლებსაც სააფთიაქო ქსელები გააჩნიათ, უნდათ, რომ პატარ-პატარა აფთიაქებს ის სეგმენტიც წაართვან, რაც დღეს მათ დარჩათ.
„როგორც ჩანს, ყველაფერი იქით მიდის, რომ ბაზარზე მარტო ერთი ან ორი მოთამაშე დარჩეს და ეს, ან როგორ ჯდება ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაში ან იმაში, რომ, თითქოს, მცირე მეწარმეებისთვის ხელისშეწყობა ხდება. ეს არის ძალიან საჭირობოროტო საკითხები და აუცილებელია, რომ მთავრობამ ამ კითხვებს პასუხი გასცეს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.