შსს-ს აკადემია ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე უწყებად დასახელდა

შსს-ს აკადემია ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე უწყებად დასახელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე დაწესებულებებს შორის დაასახელა.

2012 წლის ივლისი - 2013 წლის ივნისის მონაცემების მიხედვით წარმოდგენილი კვლევის შედეგების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ივერია“-ში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა გახსნეს. პრეზენტაციას საჯარო დაწესებულებების, სამინისტროების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შსს-ს აკადემია ოცი ყველაზე გამჭვირვალე საჯარო დაწესებულების ათეულში მოხვდა. ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალმა ამ უწყებამ მთელი წლის განმავლობაში გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია დროულად და სრულყოფილად გასცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორ ნუკრი გელაშვილს ნომინაციაში „2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლების განცხადებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემა გაუმჯობესდა.არჩევნებამდე არსებული სრულყოფილად გაცემული პასუხების 51%-იანი ნიშნული 81%-მდე გაიზარდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების ნიშნული - 30%-დან 11%- მდე შემცირდა.

გამჭვირვალე დაწესებულებების გამოვლენა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველო“-ს მხარდაჭერით განხორციელდა.