[ეკა ბაქრაძე]
პრესაგე.ტვ–ის ხელთ არსებული ინფორმაცით, სამარშრუტო ტაქსების ბიზნესი მონოპოლიური ხდება და მის უკან ცნობილი ბიზნესმენი და მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელი მერაბ შარანგია დგას. ამის გამო ატყდა მთელი ეს აურზაური ტრანსპორტის სფეროში, რასაც ქალაქის მერია სატრანსპორტო გადაზიდვების გაუმჯობესებით ხსნის.
ამ ეტპაზე, სამარშრუტო ტაქსები შეიძლება გაძვირებას გადაურჩეს, მაგრამ კოლაფსი კი ნამდვილად ემუქრება. საერთოდ, ამ დრომდე მეტად თავისუფალ და კონკურენტულ სფეროს უამრავი საფრთხე ემუქრება, მაგრამ პრობლემების მოგვარების გზები არსად ჩანს.
როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე თავგამოდებით ამტკიცებს, სამაშრუტო ტაქსებით მგზარობის ღირებულება არ გაიზრდება. მისი აზრით, მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ რეგულირდება, თუმცა ტარიფის გაძვირება თვითონ სამარშრუტო ხაზის მფლობელს დააზარალებს.
„აღნიშნული ტარიფი დედაქალაქის მერიის მიერ არ რეგულირდება. მგზავრთა გადაყვანაში დიდი კონკურენციაა. გარდა იმისა, რომ ე.წ. „მარშრუტკებს“ კონკურენტები საკუთარ სფეროში ჰყავთ, არსებობს გადაადგილების ალტერნატიული საშუალებებიც - ავტობუსი და მეტრო.
შესაბამისად, სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასური თავისუფალი ბაზრის პრინციპით რეგულირდება და ნებისმიერი გაძვირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ეს მგზავრთა ნაკადის შემცირებას გამოიწვევს და თავად ხაზის მფლობელს დააზარალებს“, - განაცხადა ჯოხაძემ.
არადა ტენდერი ჯერ არ დასრულებულა და ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ღირებულება უკვე გაიზარდა. მაგალითად, N37 სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით, აკაკი ჯოხაძე ინფორმაციას არ ფლობს.
მისი თქმით, სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის გაძვირება ჭორი უნდა იყოს, თუმცა პირობა დადო, რომ აუცილებლად გადაამოწმებს ამ ინფორმაციას.
„წელიწადნახევრის წინაც იგივე მოხდა. ორმა სამარშრუტო ტაქსმა მომსახურება გააძვირა. თუმცა მათ მომხმარებელი დაკარგეს, რის შემდეგაც მუშაობა შეაჩერეს“, - აღნიშნა ჯოხაძემ.
იგი დარწმუნებულია, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში სამარშრუტო ხაზზე ფასის ზრდა უარყოფითად აისახება მათ მფლობელებზე და ისინი თავადაც დარწმუნდებიან გადაწყვეტილების სიმცდარეში.
„დააკვირდით, თუ რატომ არ აძვირებენ სამარშრუტო ხაზები მომსახურებას. ეს მათ ინტერესშია“, - აცხადებს ჯოხაძე.
რაც შეეხება ქალაქში გავრცელებულ ხმებს, რომ სამარშრუტო ხაზების მთლიანად ხელში ჩაგდება ბიზნესმენ მერაბ შარანგიას სურს, ამაზე კომენტარი არც ხელისუფლებაში აქვთ და არც ოპოზიციაში. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ჯაბა სამუშიას ამის შესახებ არაფერი სმენია, მაგრამ საეჭვო ბევრი რამ ეჩვენება.
„აქ არის ერთი საგულისხმო ფაქტი. წარმოდგენილი კომპანიებიდან 4 მათგანის დოკუმენტაცია ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ესენია: „თბილ ქარ“, „ფაბლიქ ქარ“, „თბილ ლაინი“ და „კაპიტალ გრუპი“. დოკუმენტაციების მსგავსება ბევრ ეჭვს ბადებს, თუმცა იმის თქმა, რომ ყველას უკან ერთი პიროვნება დგას, თანაც ვინმე შამუგია, არასწორი იქნება“, - დასძინა სამუშიამ.
ტენდერის დასრულებისა და გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ სამუშია დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს არ გამორიცხავს. ამის მიზეზად კი მძღოლების პრეტენზიებს ასახელებს.
„გამორიცხული არ არის, თებერვალში სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნას და ეს სულ მარტივი მიზეზის გამო მოხდეს. მაგალითად, გაიმარჯვოს კომპანიამ, რომელსაც ბალანსზე ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, არცერთი „მარშუტკა“ არ ჰყავს. ეს კომპანიები კი ტრანსპორტის შემოყვანას მხოლოდ 15 ოქტომბრიდან აპირებენ.
ასე რომ, თუ მათ დღეს მოქმედ ხაზების მფლობელებთან მოლაპარაკებები არ დაიწყეს, ცხადია, რომ კოლაფსის საფრთხე რეალური იქნება“, - განაცხადა სამუშიამ.