სრულიად რუსეთის მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ჰეიდარ ჯამალიმ სკანდალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ საქართველომ ღია ბრძოლა დაიწყო მუსლიმთა წინააღმდეგ. სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის გამო პასუხისმგებლობას ჯამალი ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და აცხადებს, რომ "ქართველმა პოლიტიკოსებმა ისლამური კარტი ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის გამოიყენეს". შექმნილი სიტუაციის შეფასება ვთხოვეთ ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს:
- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჰეიდარ ჯამალი ბოლომდე არ არის გარკვეული საკითხში, რომელზეც ლაპარაკობს. მე ისიც კარგად ვიცი, რომ ჯამალი რუსეთში მცხოვრებ მუსლიმებს შორის მაინცდამაინც პოპულარული არ არის თუნდაც იმიტომ, რომ პოლიტიკური ისლამის წარმომადგენლებთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ტრადიციული ისლამის წარმომადგენლებთან, რომელიც დღეს რუსეთში ძალიან პოპულარულია. ამიტომ მგონია, რომ მას ეს ყველაფერი თავისი სურვილით არ უთქვამს, უფრო ათქმევინეს. ახლა რაც შეეხება სიტუაციას, რომელიც საქართველოშია: ვხედავ, რომ ზოგიერთი ჩვენი მეზობელი ძალზე აქტიურად ცდილობს თავისი გავლენა მოიპოვოს ქვეყანაში და ამისთვის რელიგიურ თემატიკას კარგად იყენებს. ამ საქმეში ჩვენს მეზობლებს საკმაოდ "წარმატებულად" ეხმარება ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა, კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობა". უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს თავის მიზანს მიაღწიოს ისე, რომ შექმნილი სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს და ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციაც შეძლოს. თუმცა ერთი რამ მაინც არ უნდა დავუკარგოთ: ისინი თითქოს საგანგებოდ არჩევენ ქართველებით დასახლებულ ადგილებს, მაგრამ ამას არ აკეთებენ თუნდაც ქვემო ქართლში, რადგან იციან - ქვეყანა თავზე დაემხობათ. ამიტომ მწვავე სიტუაციას არჩევენ ქრისტიანი და მუსლიმანი ქართველებით დასახლებულ სოფლებში, ამის კარგი მაგალითი გახლდათ თუნდაც ნიგვზიანი, სამთაწყარო ან ჭელა - ამ სოფლებში მომხდარი ერთი გეგმის ნაწილია. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაიგეგმა საკმაოდ გააზრებულად... მინდა ყურადღება მიაქციოთ ერთ ფაქტს: არც ერთი მუსლიმანური ორგანიზაცია, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, არ ფინანსდება საქართველოს მიერ. ძირითადი დამფინანსებლები არიან მეზობელი სახელმწიფოები, რომლებიც თავიანთი ინტერესების გატარებას ცდილობენ ამ ფინანსების მეშვეობით და ეს ბუნებრივიცაა. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად უგვანო კანონი რელიგიების შესახებ, რომელშიც კაცი ვერ გაიგებს, ვისა აქვს უფლება ააშენოს საკულტო ნაგებობა, ან რომელმა ორგანომ უნდა გასცეს ამის ნებართვა. ეს ეხება მეჩეთებსაც და ეკლესიებსაც. ეს კანონი "ნაციონალების" დროს შეიქმნა და ეს ბუნდოვანება მასში, ეტყობა, სპეციალურად დატოვეს. როგორც წესი, ეკლესიას აშენებს ან საპატრიარქო, ან რომელიღაც მდიდარი ქართველი ისევ საპატრიარქოს ნებართვით, მეჩეთებს კი აშენებენ მდიდარი უცხოელები, რომლებსაც ხელს უწყობენ მეზობელი ქვეყნის სხვადასხვა სტრუქტურები. ეს ყველაფერი ძალიან საყურადღებოა იმიტომ, რომ უცხოური ფული, რომელიც ქართული სახელმწიფოს კონტროლის გარეშე იხარჯება ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოს უსაფრთხოებისთვის პრობლემას წარმოადგენს.
- ერთ-ერთი ვერსიით ამ პროცესებში თურქული სპეცსამსახურების ხელიც იყო ჩარეული?
- რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს თურქეთი ცხოვრობს თავისივე საგარეო საქმეთა მინისტრ დავუთოღლუს მიერ შექმნილი დოქტრინით, რომელიც ითვალისწინებს თურქეთის გავლენის სფეროში ყველა იმ სახელმწიფოს დაბრუნებას, რომელიც თავის დროზე ოსმალეთის იმპერიას ემორჩილებოდა. ამიტომ, სავსებით გასაგებია, რომ თურქული სპეცსამსახურები აქტიურობენ მთელ კავკასიაში.
- ამ სიტუაციაში ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან გადადგომას როგორ შეაფასებთ?
- მიმაჩნია, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ ქვეყანაში მოსალოდნელია ქაოსი. 1990-იანი წლების მსგავსად, შესაძლოა, ქუჩაში სროლები არ დაიწყონ, მაგრამ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან გააჩაღებენ ბრძოლას იმისათვის, რომ არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ. ამის გამო საქართველოს ინტერესების ნიველირება მოხდება, რაც დღეს უკვე აშკარაა. ივანიშვილი იყო ერთადერთი შემაჩერებელი ბერკეტი იმ ბაკქანალიისა, რომელიც შეიძლება საქართველოში დატრიალდეს ამდენი პოლიტიკური სუბიექტის პაექრობის გამო, რომლებიც ჯერჯერობით ერთ კოალიციაში არიან მოქცეული, მაგრამ შემდეგში აღარ იქნებიან.