9 სექტემბერს, გაზეთ ,,ვერსიისა’‘ და მედიაკავშირ ,,ობიექტივის’‘ სტუმარი ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე იყო, რომელმაც სირიის კონფლიქტი, რუსეთსაქართველოსა ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.
სირიაში სამხედრო მოქმედებების განვითარების რამდენიმე სავარაუდო ვერსია არსებობს და საფრთხეებიც სხვადასხვაგვარია. რამ განაპირობა ამ ქვეყანაში შიდადაპირისპირება - დასავლეთი რუსეთის მკაცრმა პოლიტიკამ ენერგომომარაგების მიმართულებით ძალიან შეაშინა. ერთ დღეს, რუსეთმა თითქმის სრულიად ევროპას გამოუცხადა ბლოკადა და ზამთარში გაზის გარეშე დატოვა. ამან განაპირობა ევროპის გასათბობად ალტერნატიული გზების ძიების დაწყება. კერძოდ, თურქეთაზერბაიჯანისა და ნორვეგიული ბუნებრივი რესურსების მოზიდვის კუთხით. რაც მთავარია, ახალი ტექნოლოგიის საშუალებით, ფიკალის გაზიც გაჩნდა, რომელსაც პოლონეთი და გერმანია უკვე აქტიურად აწარმოებს... მაგრამ ეს ყველაფერი არასაკმარისია, რადგან დასავლეთ ევროპის 67% რუსულ გაზს მოიხმარს. შესაბამისად, რუსეთის ჩამნაცვლებლად ყატარი დასახელდა, საიდანაც გაზის მილებს სირიის ტერიტორიაზე უნდა გაევლო. ბაშარ ასადი მორიგი დაბრკოლება გახდა დასავლეთისთვის, რადგან ცნობილია, რომ ის რუსეთის უერთგულესი პარტნიორია და არ დაუშვებდა, რუსეთს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში პრობლემები შექმნოდა. კონფლიქტიც ამაზე აეწყო.
- ანუ ბლეფია აშშს არგუმენტი, რომ სამხედრო დაპირისპირება სირიის ხელისუფლების მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების პრევენციისთვის უნდა დაიწყოს?
- ტრანსნაციონალურ კომპანიებს უარესი ტიპის კონფლიქტიც გამოუწვევიათ. მაგალითად, ერაყის ომი. ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტიც რომ არ დაფიქსირებულიყო, ხელოვნურ მიზეზად მისი დასახელება დასავლეთს არ გაუჭირდებოდა. ფაქტია - სირია ომის ქარცეცხლში გაეხვევა, ამერიკას კი საომარი მოქმედებების საწარმოებლად და საჰაერო იერიშის მისატანად მხოლოდ 60 დღე აქვს. თუ დაპირისპირებაში ირანიც ჩაერთვება, ფრონტის მასშტაბი გაიზრდება და საქართველოც ბუნებრივად ჩაერთვება პროცესებში.
- საქართველო რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს?
- საქართველოს, გარკვეულწილად, უკვე შეეხო ეს კონფლიქტი - თბილისში საკმაოდ ბევრ სირიელ დევნილს ვხედავ, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ირანელებში ეშლებათ. საქართველო მხოლოდ მაშინ აღმოჩნდება მძიმე მდგომარეობაში, თუ ირანის წინააღმდეგაც დაიწყო სამხედრო დაპირისპირება - რუსეთი სომხეთის ბაზის დაცვას აუცილებლად მოინდომებს და ცხინვალიბორჯომის მიმართულებით სახმელეთო კორიდორსაც გაავლებს. კონფლიქტში საქართველოს ჩართვას დაინტერესებული მხარეები სხვადასხვა ფორმით უკვე ცდილობენ. რაც შეეხება ჩვენ როლს, თუ მასშტაბური ომი დაიწყება, ამ შემთხვევაში საქართველოს ინფრასტრუქტურას, სავარაუდოდ, სასაწყობოსაჰოსპიტალო საქმიანობისთვის გამოიყენებენ. ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ინტერვენციის დაწყება კი მსოფლიომ არ უნდა დაუშვას.
- რუსეთი საქართველოში გაძლიერებასაც შეეცდება? მით უმეტეს, ქართული მხარე მასთან დიპლომატიური თანამშრომლობის აღსადგენად მზადაა.
- არ მესმის, რა ტიპის საგარეო პოლიტიკას ატარებს ხელისუფლება. იგი ნოემბერში ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობას ხელს აწერს, თუმცა პრემიერი ვაშინგტონსა და მოსკოვში ოფიციალური ვიზიტისგან თავს იკავებს. ფაქტია, ბიძინა ივანიშვილი ამას შეგნებულად აკეთებს და დროსაც ხელოვნურად წელავს. სავარაუდოდ, ცდილობს, საქართველოს რუსეთის მხრიდან უკრაინისა და სომხეთის მსგავსი ზეწოლა აარიდოს - რუსეთმა სომხეთი, პრაქტიკულად, დააჩოქა, როცა ევროკავშირის ასოცირებულ წევრობაზე უარი ათქმევინა. ივანიშვილი ცდილობს, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მისმა შემცვლელმა მიიღოს და ოფიციალურ დოკუმენტზე მისი ხელმოწერა არ დაფიქსირდეს. ჩანს, ივანიშვილი პოლიტიკაში ამერიკარუსეთის წინაშე გარკვეული ვალდებულებების შესრულების შემდეგ შემოვიდა. სავარაუდოდ, მას არ სურს, ამ ვალდებულებებს დოკუმენტის სახე მისცეს.
- როდემდე შეიძლება რუსეთის მიმართ ,,თმენის პოლიტიკა’‘ გაგრძელდეს, მით უმეტეს, რომ რუსები პირობით საზღვარს აფართოებენ?
- მავთულხლართების გადმოწევა დემონსტრაციულად ხდება სწორედ იმ მიზნით, რომ ქართული მხარე მოთმინებიდან გამოვიდეს. რუსეთმა იცის, საქართველოს ხელისუფლება, წინამორბედის მსგავსად, დათმობაზე არ წავა. მიუხედავად ამისა, უნდა მოვითმინოთ. გადაწყვეტილებების მიღებისას აფხაზებისა და ოსების ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იმის ძალა უნდა გვქონდეს, სოხუმსა და ცხინვალში წესრიგი სამხედრო მოქმედებით დავამყაროთ. სხვა მოცემულობა არ გვაქვს. რუსეთი ხომ ისეთი ტიპის სახელმწიფოა, სადაც ოპოზიციაც კი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსული მხარე სწორად მოიქცა და მეტიც, მედვედევმა შეცდომა დაუშვა, როცა თბილისიც არ აიღო. ამ ფონზე, მოქნილი პოლიტიკის გატარება ბევრად გამართლებულია.
- ევრაზიის კავშირში გაერთიანებაზე დაფიქრებაც გამართლებულია - თუ იმის უნდა გვჯეროდეს, რომ როგორც ივანიშვილი ამბობს, რუსეთი, შესაძლოა, ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს?
- პოლიტიკა თამაშია... ივანიშვილის განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოყვა. პრემიერს ახლა თამამად შეუძლია რუს კოლეგებს უთხრას, ხომ ხედავთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს ევრაზიის კავშირზე, თქვენთან გაერთიანება არ გამოვაო. ვფიქრობ, ეს ივანიშვილის ერთგვარი პოლიტიკური მანევრია. ადამიანისგან, რომელმაც ცხოვრების საკმაოდ მნიშვნელოვანი წლები რუსეთში გაატარა და სოლიდური ქონებაც რუსეთის ფედერაციაში დააგროვა, მსგავსი რამ არ მიკვირს. პირიქით, ის უფრო გამიკვირდა, როცა პოლიტიკაში შემოსვლისთანავე უაღრესად პროდასავლური პოლიტიკა დააფიქსირა. მომგებიან დროს უნდა დაველოდოთ, ევრაზიის კავშირის შექმნა პუტინს არ გამოუვა - დღეს ამის არც ფინანსური რესურსი გააჩნია, არც ინტელექტუალური. შესაძლოა რაღაც ტიპის გაერთიანება შეიქმნას, მაგრამ დიდხანს ვერ იმუშავებს. ამ იდეას რუსეთის მოკავშირე ქვეყნებიც კი ეწინააღმდეგებიან, რუსეთი თავადაა პრობლემების წინაშე და ლამისაა დაიშალოს. ის ბუნებრივი რესურსების გაყიდვის ხარჯზე ცხოვრობს და ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, მოწინავე სახელმწიფოებს საკმაოდ ჩამორჩება. საკმარისია, ენერგომატარებლების ფასი დაეცეს, რომ რუსეთში ეკონომიკური სტაგნაცია დაიწყება. დასავლეთმა ეს ერთხელ 90იან წლებში უკვე გააკეთა და საბჭოთა კავშირიც დაიშალა. უნდა დაველოდოთ მომენტს, როცა რუსეთს არ ექნება შესაძლებლობა, ევროპას ნედლეულის საშუალებით საკუთარი ნება უკარნახოს.
- ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკიდან მისი წასვლის შემდეგ პრობლემები საქართველოს არ შეექმნება. პრემიერის ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებთ?
- პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას საკმაოდ მუქ ფერებში ვხედავ, რადგან ერთი წელია პოლიტიკური ბრძოლა ისე მიმდინარეობს, ქვეყანაზე არავინ ფიქრობს. რეგიონებში ბევრი პრობლემა დაგროვდა. მთავრობის წევრები კი სულ სხვა თემების გადაჭრაზე ფიქრობენ. თუ საზოგადოების კონსოლიდირება არ მოხდა, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, პოლიტიკურ ძალებს შორის გავლენის მოსაპოვებლად უმოწყალო ბრძოლა დაიწყება. ვშიშობ, ურთიერთდაპირისპირებას ქვეყანა არ გადააყოლონ. ისე, მის გადაწყვეტილებას რომც არ ეთანხმებოდნენ, არაფერი შეიცვლებოდა - ივანიშვილს განსხვავებული აზროვნება აქვს, როცა საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია, სხვების არგუმენტები არ ესმის.
- ანუ პრემიერს განსხვავებულია აზრის მოსმენა უჭირს?
- განსხვავებული აზრის მოსმენა შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში თავს კომპეტენტურად არ მიიჩნევს. არადა, საზოგადოებრივი სექტორიდან ქვეყნის მართვა გამართლებული სულაც არაა. ამგვარმა მიდგომამ 5060იან წლებში იტალია დაღუპვის პირას მიიყვანა. ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ჯორჯ სოროსის როლის შესრულება სურს, მაგრამ ეს ფორმა საქართველოში არ იმუშავებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მის შემცვლელად ძლიერ პრემიერსაც ვერ ვხედავ.